ნიკი ლაუდა: კუბიცა თავადაა დამნაშავე

AutoSharing Option

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა გერმანული "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავის აზრს გამოთქვამს რობერტ კუბიცას ავარიის შესახებ. გარდა ამისა, ლეგენდარულმა ავსტრიელმა მოკლედ შეაჯამა პირველი ტესტების შედეგები.


- ნიკი, რა კომენტარს გაუკეთებთ რობერტ კუბიცას ავარიას?
- ის, რაც რობერტ კუბიცას შეემთხვა - ნამდვილი ტრაგედიაა. პირადად მე პოლონელი ახალი თაობის ყველაზე ნიჭიერ წარმომადგენლად მიმაჩნია. მაგრამ რალიში გამოსვლით მას არ უნდა დაეყენებინა თავისი კარიერა ასეთი რისკის ქვეშ. თავადაც მქონდა ასეთი სულელური სიტუაცია, როცა ტრაქტორის საჭესთან დავჯექი და რამდენიმე ნეკნი გავიტეხე. ეს არ უნდა მომხდარიყო,

მაგრამ მოხდა.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ კუბიცას რალიში გამოსვლა გაუმართლებელი იყო?
- რა თქმა უნდა. ის თავისი საქმით უნდა იყოს დაკავებული, მისი საქმე კი ფორმულა 1-ია. ამიტომაც თავად არის დამნაშავე მომხდარში.

- კუბიცა ამბობდა, რომ შეზღუდული ტესტების პირობებში რალი ფორმის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა... 
- ეს ნონსენსია! რალის არაფერი აქვს საერთო ფორმულა 1-თან. ეს სხვადასხვა დისციპლინებია.

- მოდით დავუბრუნდეთ ფორმულა 1-ში არსებულ სიტუაციას. უკან დარჩა პირველი ტესტები. თქვენი აზრით, ვის აქვს უპირატესობა მეტოქეებზე?
- ახლა ლიდერებს შორის "რედ ბული" და "ფერარი" არიან. ეს გუნდები ტესტების დასაწყისიდანვე ძალიან სწრაფები იყვნენ - ეს იმის ნიშანია, რომ წინ კარგი სეზონი გველის. უჩვეულოდ გამოიყურება "მაკლარენის" მანქანა - მასში ბევრი საინტერესო იდეაა გამოყენებული და ის კარგ შთაბეჭდლებას ტოვებს. "მერსედესმა" ორი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ ამ სამი გუნდის დონესთან გასათანაბრებლად. ჯერ რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას.

- რას იტყვით მიხაელ შუმახერზე?
- მიხაელი ძველებურად ძლიერია - ჩვენ ამაში გასული წლის ბოლოს დავრწმუნდით. ამ სეზონში ის უფრო აგრესიული იქნება. დანარჩენი მანქანაზე იქნება დამოკიდებული.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული