ბაჰრეინის გრან-პრის ჩაშლა ემუქრება

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ გვიწევს ბაჰრეინში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ წერა. გუშინ გითხარით, რომ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია და სეზონის პირველი ეტაპის ორგანიზატორები იმედიანად იყვნენ და აცხადებდნენ, რომ ბაჰრეინის გრან-პრის ჩატარებას წინ არაფერი დაუდგება და უსაფრთხოების მხრივაც ყველაფერი წესრიგში იქნება. მაგრამ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ბაჰრეინში ოპოზიციონერთა აქცია მსხვერპლით დასრულდა, ხოლო "საჰირის" ტრასაზე ამ კვირას დაგეგმილი GP2ASIA-ს ეტაპი ჩაშლის პირას მივიდა.

ზუსტად ორ კვირაში ბაჰრეინში ფორმულა 1-ის დასკვნითი ტესტები უნდა დაიწყოს. შესაბამისად, რამდენიმე დღით ადრე გუნდებმა იქ მანქანები და ტექნიკა უნდა გაგზავნონ -
ასე რომ, ფედერაციის მესვეურებს გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან ცოტა დრო რჩებათ.

გუშინ GP2ASIA-ის ეტაპის ორგანიზატორებს თავისუფალი პრაქტიკის გაუქმება მოუწიათ - სამედიცინო პერსონალმა გადაკეტილი გზების გამო ვერ მიაღწია ტრასამდე, ხოლო ავტოდრომზე მყოფ გუნდებსა და მომსახურე პერსონალს ქალაქ მანამაში დაბრუნება არ ურჩიეს, რადგან ავტოსტრადა იმ რაიონზე გადის, სადაც მღელვარება შეინიშნება. აი ასეთია ბოლო მონაცემებით ბაჰრეინში შექმნილი სიტუაცია.

ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა დაელოდება GP2ASIA-ს ეტაპის დასრულებას და ამის შემდეგ გადაწყვეტს - საჭიროა თუ არა რადიკალური ზომების მიღება...

ჟან ტოდტი: "მე ყოველთვის მშვიდად ვრეაგირებ მსგავს ახალ ამბებზე. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია გაიგო სიმართლე - ხანდახან ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და ზედმეტმა ემოციურმა რეაქციამ, შესაძლოა, საქმეს ავნოს. მეორეს მხრივ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს GP2ASIA-ის რბოლა.

ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - უსაფრთხოებაა და ამ მხრივ ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარებას მოვითხოვთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული