მიხაელ შუმახერი: უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ

AutoSharing Option
ბრიტანული ჟურნალის F1 Racing-ის თებერვლის ნომრის ცენტრალური მასალა ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის დაბრუნებას მიეძღვნა. გთავაზობთ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ინტერვიუს ყველაზე საინტერესო მომენტებს...

- გასული სეზონი ისე არ აეწყო, როგორც ელოდით?
- რა თქმა უნდა, არა. როცა დაბრუნების შესახებ გამოვაცხადე, მიზანი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა იყო, მაგრამ შარშან ეს მისია შეუსრულებელი აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რა კომპონენტში ვაგებდით მეტოქეებთან და მთელი გასული სეზონის განმავლობაში ვმუშაობდით მანქანის განვითარებაზე. იმედია, მალე ისევ შევძლებ ლიდერთა ჯგუფში შესვლას.

- ექსლტოუნმა რაღაცნაირად იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- ბერნის
ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო და მხარს მიჭერდა, რასაც ძალიან ვაფასებ.

- სხვა პილოტებს რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს დაბრუნებაზე?
- ყველა ძალიან თბილად შემხვდა. სიმართლე გითხრათ ამან გამაკვირვა, რადგან პელოტონში თითქმის აღარ დარჩნენ პილოტები, რომლებიც ჩემს დროს გამოდიოდნენ. დაბრუნებისას, თქვენ ყოველთვის ფიქრობთ იმაზე, როგორ აღიქვამენ ამას დანარჩენები. მაგრამ ყველამ, მათ შორის ახალგაზრდა პილოტებმა პოზიტიურად შეაფასეს ბრძოლაში ჩემი ჩაბმის სურვილი.

- სეზონის მსვლელობისას ბევრი კონკურენტი და ჟურნალისტი გაკრიტიკებდათ ტრასაზე რისკიანი მანევრებისთვის, როგორც ეს უნგრეთში ბარიკელოს შემთხვევაში მოხდა. როგორ აღიქვამთ ამ კრიტიკას?
- რა მნიშვნელობა აქვს რას ლაპარაკობენ სხვები? არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ესეც ბიზნესის ნაწილია. ხალხმა იცის, ვინ ვარ და როგორ ვიქცეოდი წარსულში. ახლა ჩემი კარიერის ახალ თავს ვხსნი და უზარმაზარ მხარდაჭერას ვგრძნობ. გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, ვიცი, რომ ნამდვილი გულშემატკივარი ეიფორიაშია ჩემი დაბრუნების გამო და დიდი გატაცებით აგრძელებს ჩემს გამოსვლისთვის თვალის დევნებას.

- მართალია, რომ შარშანდელი მანქანა არ შეესაბამებოდა თქვენი პილოტირების სტილს?
- ჩემს წინამორბედს (მიხაელს მხედველობაში ჰყავს ჯენსონ ბატონი) სულ სხვა სტილი ჰქონდა და 2010 წელს მანქანა მისი მახასიათებლების გათვალისწინებით იქმნებოდა. მე არ მქონდა ამაზე გავლენის საშუალება, რადგან "მერსედესში" მაშინ გადავედი, როცა მანქანაზე მუშაობა დასრულების სტადიაში იყო.

- არცთუ წარმატებული გასული სეზონის შემდეგ დარწმუნებული ხართ, რომ კიდევ ერთხელ შეძლებთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას?
- აბსოლუტურად. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ტიტულის მოგება. ჩვენ სამწლიანი პროექტი გვაქვს და მართალია, გასულ წელს ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, ოპტიმიზმით ვიყურებით წინ და მაქსიმუმს ვაკეთებ ლიდერთა შორის დასაბრუნებლად. ფორმულა 1-ის ისტორიაში ძალიან ცოტა მაგალითია, როცა პილოტი დაბრუნებიდან პირველივე წელს აღწევდა ძველ დონეს.

დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვისა და ჩემპიონის ტიტულისთვის. მე ერთი მიზანი მაქვს - წარმატებას მივაღწიო, ამიტომაც ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები. თუ 2011 წელს ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებთ, მომავალ წელს შევეცდებით ამის გაკეთებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული