ბაჰრეინის გრან-პრი არ უქმდება

AutoSharing Option
ბაჰრეინის გრან-პრისთან დაკავშირებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, სეზონის პირველ რბოლას არ გააუქმებენ, არამედ მოგვიანებით ჩაატარებენ. ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ საჰირის ტრასაზე რბოლა 17 აპრილის შემდეგ რომელიმე თავისუფალ უქმეებზე გაიმართება.

"ჩვენ მივიღეთ ყველა ოპერაციის შეწყვეტის ბრძანება", - ამბობს ერთ-ერთი გერმანული კომპანიის წარმომადგენელი სეზონის პირველი გრან-პრისთვის მზადების კომენტარისას. ოფიციალურად კი გრან-პრის გადატანის შესახებ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებენ.

ამასობაში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ განაცხადა: "რბოლა უნდა გაუქმდეს", ხოლო სებასტიან ფეტელის მამამ - ნორბერტ ფეტელმა აღიარა, რომ უკვე ჩააბარა
ბაჰრეინის ავიაბილეთები და უარი თქვა დაჯავშნულ ნომერზე.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება", - ამბობს "მერსედესის" ერთ-ერთი შეფი ნორბერტ ჰაუგი. მოკლედ ყველა და ყველაფერი ბაჰრეინის გრან-პრის საწინააღმდეგოდაა.

უახლოეს დროში უნდა გადაწყდეს ბაჰრეინის ტესტების ბედი, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მას გააუქმებენ ან 3-6 მარტს სხვა ადგილას გადაიტანენ.

მოგვიანებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა ბერნი ექლსტოუნი. ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველი ეტაპის სხვა ქვეყანაში გადატანაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ მანაც დაადასტურა, რომ სავარაუდოდ, რბოლა საჰირზე მოგვიანებით ჩატარდება.

"საბოლოო გადაწყვეტილებას 22 თებერვალს მივიღებთ, - ამბობს ექლსტოუნი. - თუ ეტაპის მონაწილეებისა და მაყურებლების უსაფრთხოება დაცული არ იქნება, იქ არავინ გაემგზავრება. ასეთ შემთხვევაში რბოლის თარიღი გადაიწევს. სხვა ქვეყანაში რბოლის ჩატარების საკითხი არც განხილულა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული