უკონკურენციო ბრაზილია

AutoSharing Option

არგენტინაში დასრულდა ყოველწლიური კომერციული ტურნირის - მსოფლიოს თასის გათამაშება და როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა არავის დაუთმო ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდმა - ოლიმპიადის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედმა გამარჯვებულმა ბრაზილიის ნაკრებმა.

ფინალური მატჩი ქალაქ კორდობაში გაიმართა და ბრაზილიამ ფინალში მოგებისთვის მილიონი დოლარი დაიმსახურა, რუსეთმა - 500 ათასი. ნახევარფინალში ბრაზილიამ ერთი სეტი დაუთმო კუბას - 3:1, რუსეთმა კი სერბეთი გაანადგურა - 3:0.

პირველი ტექნიკური ტაიმაუტისთვის ბრაზილია წინ იყო - 8:6, მაგრამ სულ მალე რუსებმა სტატუსქვო აღადგინეს - 11:11. ამის შემდეგ მუსერსკისა და მიხაილოვის

ბრწყინვალე თამაშს ბრაზილიელებმა მარლონისა და ტეოს დუეტის კომბინაციებით უპასუხეს, რის გამოც 22:17-ზე რუსების დამრიგებელ დანიელე ბანიოლის ტაიმაუტის აღება მოუწია, მაგრამ ამან რუსეთს ვერ უშველა და პირველი პარტია 22:25 წააგო.
მეორე სეტშიც თავიდან ქულა ქულაში თამაში წავიდა: რისკზე წასვლა არც ერთ გუნდს არ სურდა. კვანძი სეტის მეორე ნახევარში გაიხსნა - ბრაზილიელებმა - მურილომ, დანტემ და ტეომ რუსების ლიდერ მიხაილოვს აჯობეს და 16:15-დან ანგარიში ძალიან მალე 21:19 გახდა. სამხრეთამერიკელებს ეს მნიშვნელოვანი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ - 25:22.

მესამე სეტში მოქმედი ჩემპიონი მოდუნდა, რითაც რუსეთმა კარგად ისარგებლა და 25:16 გაიმარჯვა. ბანიოლის გუნდმა ინერციით მეოთხე პარტიაშიც გააგრძელა წარმატებული თამაში და თითქმის სულ წინ იყო - 8:6, 18:16... თითქოს მატჩში გარდამტეხი მომენტი დადგა და სავარაუდოდ, მეტოქეებს ტაიბრეიკის თამაში მოუწევდათ.

მაგრამ რუსებს ორწუთიანი ჩავარდნა ძვირად დაუჯდათ. ისინი წინ იყვნენ - 20:16, მაგრამ ზედიზედ ოთხი ქულის წაგებით მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინეს, ბოლო კი ფავორტტმა საბოლოოდ გატეხა რუსეთის წინააღმდეგობა - 25:23.
ბრაზილია მსოფლიოს ლიგის რეკორდსმენი გახდა - ტურნირი მეცხრედ მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუსწრო იტალიას. რუსეთი კი მეხუთედ გავიდა მეორე ადგილზე.

"ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია, - სიხარულს ვერ მალავდა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრნელი ბერნარდო რეზენდე. - რუსებს მთავარი იარაღის - მოწოდების გამოყენების საშუალება არ მივეცით. მესამე პარტიაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შევძელით მეოთხე სეტში სიტუაციის გამოსწორება და მოგება".

მესამე ადგილი სერბეთის ნაკრებს ერგო, რომელმაც ხუთ სეტში მოუგო კუბას - 3-2 (28:30, 25:20, 22:25, 25:22, 15:12).
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბრაზილიელი მურილო ენდრესი დასახელდა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული