საქა-რთველომ ფავორიტები დასცა

AutoSharing Option
მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე, რომელიც ავსტრიის საკურორტო ქალაქ კლაგენფურტში დაიწყო, ქალთა შეჯიბრებაში საქა-რთველომ ბრწყინვალე სტარტი აიღო. ჩვენმა ფრენბურთელებმა ჯგუფური ტურნირის პირველ დღეს ორიდან ორივე შეხვედრა მოიგეს.

საქა-რთველო, რომელიც ტურნირზე მე-18 ნომრადაა განთესილი, B ჯგუფის პირველ მატჩში კარგად ნაცნობ, მაგრამ უხერხულ მეტოქეს, მე-15 ნომრად განთესილ ბერძნულ წყვილ ციარციანი-არვანითის დაუპირისპირდა. ჩვენმა დუეტმა თითქმის ერთსაათიანი ბრძოლა სამ სეტში მოიგო - 17:21, 21:17, 19:17.

შემდეგი მეტოქე ტურნირის ფავორიტი, მე-2 ნომრად განთესილი ბრაზილიური წყვილი ტალიტა-ანტონელი გახლდათ. ამ დუეტთან ჩვენს ბრაზილიელებს არაერთხელ უთამაშიათ, მაგრამ არასდროს მოუგიათ.
ამჯერად საქა-რთველომ სენსაცია გამოაცხო და ფავორიტებს ურთულეს ბრძოლაში, რომელმაც საათსა და 10 წუთს გასტანა, სამ სეტში მოუგო - 24:26, 21:17, 15:10.

ჯგუფში მესამე შეხვედრას საქა-რთველო დღეს გამართავს. მოწინააღმდეგენი იქნებიან სლოვენიელი დები ფაბიანები, რომლებმაც ორიდან ორივე შეხვედრა წააგეს. გამარჯვების შემთხვევაში საქა-რთველო პირდაპირ მერვედფინალში გავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა მერვედფინალის შესარჩევში მოუწიოს ასპარეზობამ.
ვაჟთა შეჯიბრებაში გეორ-გია დღეს ჩაებმება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული