ხელბურთი: ჯერ ეროვნული, მერე მსოფლიო

AutoSharing Option
სასპორტო კომპლექს "არენაში" 10 ოქტომბერს დაიწყება ხელბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც მედლებისთვის რვა გუნდი იბრძოლებს.

როგორც გაუწყეთ, ისინი ორ - აღმოსავლეთ (სტუ, "იმედი", "პეგასი", თელავი) და დასავლეთ (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელთა საქართველოს ნაკრები) ქვეჯგუფებში არიან გადანაწილებულნი.

ეროვნული პირველობის დაწყებასთან დაკავშირებით, 9 ოქტომბერს საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, შარშანდელისგან განსხვავებით, კონკურენციაც უფრო შესამჩნევი
იქნება.

შარშან სტუ-მ უპრობლემოდ მოიგო საქართველოს პირველობა, წლევანდელ ჩემპიონატში კი იოლი გასეირნება არავის ელის, რადგან მონაწილეთა შემადგენლობები გაცილებით თანაბარია.

"ხელბურთი ერთ-ერთ წამყვან სათამაშო სახეობად უნდა ვაქციოთ, - თქვა ზურაბ კაკაბაძემ. - ამიტომ წლეულს უფრო სერიოზული სეზონი გველის. შევქმენით ორი ახალი სახელბურთო კლუბი - "პეგასი" და "იმედი", დაგვემატება თელავი და ქუთაისი. "პეგასის" შემადგენლობაში ვეტერანი ხელბურთელები - ტიტე კალანდაძე და ლევან გელაშვილიც ითამაშებენ, რაც გუნდში გამოცდილი და ახალგაზდა სპორტსმენების საინტერესო სიმბიოზი იქნება.

ჩემპიონატში ცალკე გუნდად იასპარეზებს 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელთა ნაკრები. გუნდი სპეციალური პროგრამით ემზადება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნაკრებს 2017 წელს 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში მოუწევს გამოსვლა. ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ამ შეჯიბრების ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართოს.

მასპინძლობის კანდიდატები არიან საქართველო და ხორვატია. საერთაშორისო ფედერაცია თუ ვის მიანიჭებს უპირატესობას, ეს 27 ოქტომბერს, ყატარის კონგრესზე გაცხადდება".


პრესკონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ 10 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ნაკრების დასაკომპლექტებლად.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს დაიწყება 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, - ევროპის 20 ქვეყნის წარმომადგენლები 5 ქვეჯგუფში არიან განთესილნი და პლეი ოფის საგზურებისთვის იბრძოლებენ.

პირველ ჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასასვლელ ერთადერთ საგზურს ერთმანეთს შეეცილებიან ლიტვა, თურქეთი, საქართველო და ფინეთი. მათი შეხვედრათა კალენდარი ასეთია:

30 ოქტომბერი: ლიტვა-საქართველო, ფინეთი-თურქეთი
3 ნოემბერი: თურქეთი-ლიტვა, საქართველო-ფინეთი
2 იანვარი: ფინეთი-ლიტვა, თურქეთი-საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა-ფინეთი, საქართველო-თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო-ლიტვა, თურქეთი-ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა-თურქეთი, ფინეთი-საქართველო

მომდევნო ჯგუფებში ითამაშებენ:
II ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია
III ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი
IV ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია
V ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

როგორც ვხედავთ, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 30 ოქტომბერს პანევეჟისში, ლიტვის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შესარჩევი ტურნირისთვის ქართველი ხელბურთელები ახალი მწვრთნელის, სერბი სპეციალისტის - ჯორჯე რასიჩის ხელმძღვანელობით მზადებას 15 ოქტომბრიდან განაახლებენ.

ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეებს 20 ოქტომბრიდან ლეგიონერებიც შეუერთდებიან და 25 ოქტომბერს კიევში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინელებთან ორ საკონტროლო პაექრობას გამართავენ.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, რვავე გუნდი 10 ოქტომბერს სასპორტო კომპლექს "არენაზე" შეიკრიბება და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონების წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: "იმედი"-ჭაბუკთა ნაკრები, ქუთაისი-თელავი, სტუ-სამტრედია, ბათუმი-"პეგასი".

ქვეჯგუფები თავიანთ წრიულ შეხვედრებს ნოემბერში თბილისსა და სენაკში გამართავენ და პირველი წრეც ამით დასრულდება. საქართველოს ჩემპიონი 2014 წლის გაზაფხულზე გამოვლინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"