ვინ ჩაიძირება "ოლიმპიკის" აუზში?!

AutoSharing Option
წლეულს ოქტომბერში სტარტს აიღებს წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. გადამწყვეტ ეტაპს ეინდჰოვენი (ჰოლანდია) უმასპინძლებს. ფინალში ექვსი გუნდია დაშვებული _ მასპინძელთა და 2010 წლის ევროპის პირველობის I-V ადგილზე გასული ხორვატიის, იტალიის, სერბეთის, უნგრეთისა და ჩერნოგორიის გუნდები. 20 ნაკრები კი 6 ჯგუფში განაწილდა და შესარჩევი ეტაპიდან დაიწყებს ფინალის 6 საგზურისთვის ბრძოლას. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა დიდ ბრიტანეთთან და საბერძნეთთან ერთად. პირველი ტურის შეხვედრა 30 ოქტომბერს თბილისში გაიმართება _ საქართველო ინგლისელებს უმასპინძლებს, 20 ნოემბერს ბრიტანელები ბერძნებს მიიღებენ. დანარჩენი შეხვედრები
2011 წელს გაიმართება:

30 მარტი. საქართველო-საბერძნეთი, 11 მაისი. საბერძნეთი-საქართველო, 18 ივნისი. საბერძნეთი-დიდი ბრიტანეთი, 28 ივლისი. დიდი ბრიტანეთი-საქართველო. ორი საუკეთესო პლეი ოფში ითამაშებს.

ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის უკეთ მოსამზადებლად ქართველ წყალბურთელებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ: ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, წყალბურთში ლენტროფის გათამაშების პირველი რაუნდის ერთ-ერთი ჯგუფური ტურნირი 7-10 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. პაექრობებს საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" უმასპინძლებს, რომლის საზეიმო გახსნასაც ევროპის წყალთა სახეობების ფედერაციის პრეზიდენტი ნორი კურსენიც ესწრებოდა. ლუქსემბურგელ სტუმარს ძალიან მოეწონა ჩვენი აუზი და ლენტროფის A ჯგუფის შეხვედრების აქ გამართვა ამანაც განაპირობა. არადა, ბოლო 10 წელიწადია, პოსტსაბჭოურ სივრცეში ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება არსად გამართულა.

ცხადია, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის საკლუბო ტურნირზე ქართველი წყალბურთელები პირველად გადიან.

ქვეყნის სპორტულ ღირსებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის წყალბურთელთა კლუბების გაერთიანებული გუნდი "ლიგამუსი-თბილისი" დაიცავს.

_ წყალბურთში ლენტროფის თასის გათამაშება სტატუსით ფეხბურთში ევროპის ლიგას უახლოვდება, _ გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ყოფილმა წყალბურთელმა სერგო რატიანმა. _ კონტინენტის უძლიერეს კლუბებთან მარტოს გამკლავება, თუნდაც გამოუცდელობის გამო, ძალიან გაგვიჭირდებოდა. ამიტომაც თბილისის მერიასთან მემორანდუმი გავაფორმეთ და ჩვენი გუნდები.

გავაერთიანეთ. ასპარეზობის საორგანიზაციო ხარჯებსაც თანაბრად გავიყოფთ. ლენტროფისთვის მზადება საქართველოს ნაკრებსაც წაადგება, რადგან ჩვენი გაერთიანებული გუნდი სწორედ ეროვნული ნაკრების წყალბურთელებითაა დაკომპლექტებული. კონტრაქტები გავუფორმეთ ასევე, გაქართველებულ ხორვატ სპორტსმენებს _ მეკარე ივან სტრუიჩს, მცველ იოვან პოპოვიჩსა და თავდამსხმელ მარკო კორდიჩს, რომლებიც გამოცდილი ოსტატები არიან და ჩვენთვის სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. "ლიგამუსი-თბილისი", შესაძლოა, კიდევ ერთი სახელოვანი წყალბურთელით გავაძლიეროთ _ ეს გახლავთ რევაზ ჩომახიძე, რომელთანაც მოლაპარაკებას ამ დღეებში დავამთავრებთ.

თასის გათამაშების პირველ ეტაპზე თბილისში ექვსი გუნდი მოიყრის თავს: `ლიგამუსი-თბილისი~, ბუდაპეშტის "ჰონვედი", საფრანგეთის "ოლიმპიკი", იტალიის "პოსილიპო", თურქეთის ენკა და ისრაელის ასა. სტუმართა შემადგენლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც ვიხილავთ. ამდენად, დედაქალაქელებს საინტერესო პაექრობების ნახვა მოუწევთ. მომდევნო ეტაპზე 4 გუნდი გავა. ჩვენი მიზანია, საუკეთესოთა კვარტეტში მოვხვდეთ...
ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ B (ჩერნოგორია, კატარი), ჩ (გერმანია, ესლინგერი) და D (სლოვენია, კოპერი) ჯგუფების შეხვედრებიც 7-10 ოქტომბერს გაიმართება. ოთხივე ჯგუფის 16 გუნდი მეორე ეტაპის ორთაბრძოლებს 22-26 ოქტომბერს გამართავს.

ახლა კი ლენტროფის გათამაშების A ჯგუფის პირველი რაუნდის კალენდარსაც გაგაცნობთ:

7 ოქტომბერი. "ჰონვედი" (ბუდაპეშტი)-"ოლიმპიკი" (ნიცა), "პოსილიპო" (ნეაპოლი)-ენკა (სტამბოლი), "ლიგამუსი-თბილისი" -ასა (თელ ავივი).

8 ოქტომბერი. "პოსილიპო"-"ოლიმპიკი", "ჰონვედი"-ასა, "ლიგამუსი-თბილისი"-ენკა; "პოსილიპო"-ასა, ენკა-"ოლიმპიკი", "ლიგამუსი-თბილისი"-"ჰონვედი".

9 ოქტომბერი. ენკა-ასა, "ჰონვედი"-"პოსილიპო", "ოლიმპიკი"-"ლიგამუსი-თბილისი".

10 ოქტომბერი. "ჰონვედი"-ენკა, "ოლიმპიკი"-ასა, "ლიგამუსი-თბილისი"-"პოსილიპო".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული