მეორედ ლაგუნა ვერეზე- წყალბურთელთა შეჯიბრება

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ლაგუნა ვერეს" ხელმძღვანელთა ხელშეწყობითა და ვეტერანი წყალბურთელების, სპორტის ამ სახეობის ცნობილი სპეციალისტების _ ზურაბ ჩაჩავას და ვლადიმერ გოიაშვილის ინიციატივით შარშან პირველად ჩატარდა საინტერესო შეჯიბრება მინიწყალბურთში, რომელიც სახელოვანი ქართველი მწვრთნელების როსტომ ჩაჩავას და ვლადიმერ ბარნაბიშვილის ხსოვნასა და მათი სახელის უკვდავყოფას მიეძღვნა. და აი, 1-3 ოქტომბერს "ლაგუნა ვერე" ამ მემორიალს მეორედ უმასპინძლებს.

გვესაუბრება სახელოვანი ვეტერანი წყალბურთელი ოთარ მიმინოშვილი:

_ ქართული წყალბურთის აღორძინებისა და დიდი წარმატებების მესაჭე გახლდათ როსტომ ჩაჩავა. სწორედ მისი მწვრთნელობისას დააგემოვნა ქართულმა წყალბურთმა საბჭოთა კავშირის სპარტაკიადების ვერცხლის და
ბრინჯაოს მედლები, თბილისის "დინამომ" საკავშირო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, მისი გაწვრთნილი ჭაბუკთა ნაკრები ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადების ჩემპიონი.

1956-1959 წლებში უფროს თაობას გვერდი დაუმშვენეს როსტომ ჩაჩავას აღზრდილებმა გივი ჩიქვანაიამ და ლერი გოგოლაძემ, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები გახდნენ და რომის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, არაერთ საერთაშორისო და საკავშირო ტურნირში ისახელეს თავი... 60-იანი წლებიდან ბატონი როსტომი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. მისი ხელმძღვანელობით მოსკოვის უნივერსიტეტის გუნდი რამდენჯერმე საკავშირო ჩემპიონატების კვარცხლბეკის მეორე-მესამე საფეხურებზე ავიდა, ხოლო როსტომ ჩაჩავას შეგირდები - ოსიპოვი და კაბანოვი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

"ძია ვოვა" _ ვლადიმერ ბარნაბიშვილი მთელ ქალაქში პოპულარული პიროვნება გახლდათ. წლების მანძილზე წვრთნიდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს, მისი ხელმძღვანელობით აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი წყალბურთელები _ ვლადიმერ ისელიძე და ნოდარ კურტანიძე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, `ძია ვოვამ~ წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

როცა გარდასულ წლებს ვიხსენებ, თვალწინ მიდგას თბილისის "დინამოს" სტადიონისა და ქუთაისის ლითოფონის ქარხნის ერთი ციცქნა აუზები. სწორედ იქ ვისწავლეთ სამი-სამზე თამაში, უამრავი კომბინაცია, ილეთები, სწრაფი აზროვნება, რომლებიც თანამედროვე წყალბურთში უფრო ფასეულია, უწინდელთან შედარებით ბურთის ფლობის დროის შეზღუდვის გამო. ეს მცირე ახსნა-განმარტება იმიტომ დამჭირდა, რომ მინიწყალბურთს მეტი ყურადღება დაეთმოს. განსაკუთრებით ჭაბუკთა წვრთნის პროცესში. ასე რომ, როსტომ ჩაჩავას და ვლადიმერ ბარნაბიშვილის მემორიალის დაწესებით კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. დიდი მადლობა ჩემს უფროს კოლეგებს, რომლებიც მეორედ უხელმძღვანელებენ ამ საინტერესო შეჯიბრებას.

იმედია, "ლაგუნა ვერეზე" 1-3 ოქტომბერს უამრავი გულშემატკივარი მოიყრის თავს. ისინი ამ ღირსეულ პიროვნებასთან ერთად აუცილებლად გაიხსენებენ მსოფლიო დონის წყალბურთელს, წარჩინებულ მწვრთნელ ნოდარ გვახარიას. კარგი იქნება, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია წყალბურთის დიდოსტატის ნოდარ გვახარიას ხსოვნის ტურნირს თუ ჩაუყრის საფუძველს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული