საკვალიფიკაციო რაუნდის A ჯგუფში, რომელსაც ჩვენი დედაქალაქის საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" მასპინძლობს, "ლიგამუსი-თბილისს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელი ორი საგზურისთვის ესპანეთის "საბადელი", ბელარუსის "ვიტბიში" და პოლონეთის "არკონია" მეტოქეობს.
14 სექტემბერს შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩები გაიმართა.
ლიგამუსი-თბილისი (საქართველო)-არკონია (პოლონეთი) 16:4
(4:0, 2:0, 4:2, 6:2)
ლიგამუსი-თბილისი: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე (2), რუსიშვილი, ლაითაძე (3), ურუშაძე, ხვედელიანი (1), ბაღათურია (2), რურუა (1), გეგელაშვილი (4),
არკონია: ლესჩეკი, კოლოდრიესკი, შიმანსკი, ულჩურსკი, ლავნიჟაკი, ტუროვსკი, დრულა (1), სეკულა (3), პეპლინსკი, მთავარი მწვრთნელი სეკულა.
ტურნირის დაწყებამდე სპეციალისტები ფავორიტებად მასპინძლებსა და ესპანელებს მიიჩნევდნენ, მაგრამ "საბადელი", რატომღაც, ახალგაზრდული შემადგენლობით ჩამოვიდა და ბელარუს წყალბურთელებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, "ლიგამუსი-თბილისმა" კი ევროპის ჩემპიონთა ლიგაში ნათლობა მოგებით აღნიშნა.
პირველსავე წუთზე ანგარიში გეგელაშვილმა გახსნა. პერიოდის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ სამი ბურთი გაიტანეს.
მეორე რვაწუთიან მონაკვეთშიც საქართველოს ჩემპიონის უპირატესობა აშკარა იყო და სტუმართა მეკარე ლესჩეკმა კიდევ ორი ბურთი გამოიტანა ბადიდან.
შესვენების შემდეგ მატჩი უფრო საინტერესო გახდა, რადგან პოლონელებმაც შეუტიეს და "ლიგამუსს" 16 წუთის განმავლობაში 4 გოლი გაუტანეს, თუმცა საკუთარი კარის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს და 10 გოლი გაუშვეს.
ასე რომ, მასპინძლებმა ევროპის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი გამარჯვებით (16:4) აღნიშნეს.
საბადელი (ესპანეთი)-ვიტბიში (ბელარუსი) 6:7
(0:3, 1:1, 2:1, 3:2)
საბადელი: მარტინი, ეჩენიკვე (3), გემარი (1), სალენტი, რომერო, ვალვერდე, ესპორზადო (2), მენდესი, კარაბანტესი, ჰერნანდესი, მთავარი მწვრთნელი ჰერნანდესი.
ვიტბიში: კავალეუსკი, კუზმენკა, კაზელსკი, ხარლაპი, მანუგხი (1), ივანოვი (2), მინუტსკი (1), კავლენკა, ხომჩანკა, ჩარბაშანი (2), ჩუპრვანა (1), არხიპაუ, მთავარი მწვრთნელი კოშევოი.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ამ წყვილში ფავორიტად "საბადელი" მიიჩნეოდა, მაგრამ პირველსავე პერიოდში ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდა ესპანელი წყალბურთელები ბელარუსებთან ვერას გახდებოდნენ.
პერიოდის ბოლომდე პირენელეებმა საკუთარ კარში სამი გოლი მიიღეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტიც აღმოჩნდა, რადგან მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი ფრედ დასრულდა, მესამე-მეოთხე პერიოდები ესპანელებმა თითო ბურთით კი მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ - 6:7.
- ჩვენი ბიჭების გამარჯვებას არ ველოდი, - გვითხრა ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ფროლოვმა. - ესპანელებმა ახალგაზრდა გამოუცდელი ბიჭები ჩამოიყვანეს, თუმცა არც ჩვენი გუნდია ხანდაზმული. უმთავრესად, 1991-1992 წლებში დაბადებულნი თამაშობენ.
პირველი დღის ორთაბრძოლებმა დამარწმუნა, რომ ტურნირის ფავორიტები ჩვენ და ქართველები ვართ, უძლიერესს კი კვირის დაპირისპირება გამოავლენს.
რაც შეეხება ჩემს სტუმრობას, ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად თურქები, ქართველები და ბელარუსები ერთ შესარჩევ ჯგუფში იბრძოლებენ. წლეულს გაზაფხულზე თბილისის საერთაშორისო ტურნირზე თქვენებთან 4 ბურთით წავაგეთ.
ახლა საქართველოს გუნდის წევრების მომზადების დონე მაინტერესებს. თანაც ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში "ვიტბიშის" რამდენიმე წევრი თამაშობს და მათაც დავაკვირდები.
15 სექტემბერს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება: "ვიტბიში"-"არკონია", "ლიგამუსი-თბილისი"-"საბადელი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"