”ლიგამუსი-თბილისი” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურს გამოტოვებს

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული "ლიგამუსი-თბილისი" წლეულს ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაება. სახელოვანი სპორტსმენის, რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი - თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ზედიზედ სძლია პოლონეთის "არკონიას", ესპანეთის "საბადელს", ბელორუსის "ვიტბიშს" და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მერვედფინალის ოთხი საგზურისთვის ქართველი წყალბურთელები საბერძნეთის "ვოულიაგმენს", ჰოლანდიის "შუურმანს", ვოლგოგრადის (რუსეთი) "სპარტაკს", ჰანოვერის (გერმანია) "ვასპო-98"-სა და უნგრეთის "ეგერს" გაუწევენ მეტოქეობას.

პირველი ტური 26 სექტემბერსაა დანიშნული. "ლიგამუსი-თბილისს" უნგრეთში უნდა ეთამაშა "ეგერის" წინააღმდეგ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ეს
მატჩი ამჯერად არ გაიმართება. კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელ რევაზ ჩომახიძეს ვთხოვეთ:

- ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, ეტყობა, არ ელოდა, რომ საკვალიფიკაციო ტურნირს წარმატებით გადავლახავდით. ამიტომ ჩვენთვის სავიზო საკითხების მოგვარებაზე დროულად არ იზრუნა, - გვითხრა "ლიგამუსის" მთავარმა მწვრთნელმა. - თბილისური ბატალიების დამთავრებისთანავე ყველა საბუთი წარვადგინეთ ლატვიის საკონსულოში ვიზებისთვის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც დაგვიდგა გვერდით, საკონსულოც არ არის ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილი, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვიზების პრობლემის მოგვარება არ ხერხდება. "ეგერის" ხელმძღვანელობას" ვთხოვეთ, ჩვენი მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ და პირველი მატჩი თბილისში გვეთამაშა, მაგრამ უარი მივიღეთ.

ევროპის ფედერაციამ აღიარა, რომ გამოუვალ სიტუაციაში ჩაგვაყენა. ამიტომ მადიარებთან შეხვედრა სანქციების დაუწესებლად გადაგვიტანეს. თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას 6 ოქტომბერს სტუმრად "შუურმანთან" გავმართავთ, 20 ოქტომბერს კი ვოლგოგრადის "სპარტაკს" ვუმასპინძლებთ.

ამჟამად "ოლიმპიკის" აუზში გუნდი ასეთი შემადგენლობით ემზადება: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა კაპანაძე, ბექა ქავთარაძე, მიხეილ ბაღათურია, ბექა ქენქაძე, ალექსანდრე რუსიშვილი, ალექსანდრე ურუშაძე, ალექსანდრე ყაზახიშვილი, ლევან ჩიქვინიძე, გიორგი ხვედელიანი, ტატო ნიკოლეიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, თორნიკე სხილაძე, კოკა გიორგაძე, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, გივი სულაძე. ჰოლანდიაში წამსვლელი 13 წყალბურთელის ვინაობა 2 ოქტომბერს გაცხადდება.

- ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდის გასაძლიერებლად უცხოელთა მოწვევა ხომ არ გიცდიათ?
- ამ ეტაპზე ზედმეტ ხარჯებს მოვერიდეთ და ფონს გასვლას საკუთარი ძალებით ვეცდებით. თანაც ეროვნული ნაკრების წევრთა გამოცდა გვსურს საერთაშორისო სარბიელზე. ერთ თვეში თუ თვენახევარში ხომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება. სამომავლოდ კი, გამორიცხული არ არის, გუნდის გაძლიერებაზეც ვიზრუნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული