მომდევნო ეტაპის საგზური დაიბევეს

AutoSharing Option
თბილისში ლენტროფის საკვალიფიკაციო ასპარეზობის მეორე დღეს მასპინძლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის გაერთიანებული გუნდი "ლიგამუსი-თბილისი" ევროტურნირის მომდევნო ეტაპზე გასასვლელი საგზურისთვის უმთავრეს კონკურენტს _ თურქეთის ენკა-ს უნდა დაპირისპირებოდა. მართალია, შეჯიბრების სტარტმა გვიჩვენა, რომ სტამბოლელები ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდნენ, თუმცა, გამორიცხული არ იყო, მთელი ძალების მობილიზება სწორედ ჩვენებურებთან მატჩში მოეხდინათ, რომ მომდევნო რაუნდში გასვლის შანსი ხელიდან არ გაეშვათ. Mმაგრამ, მოგეხსენებათ, ერთია სურვილი და მეორე - შესაძლებლობა..

ოლიმპიკის აუზი, 8 ოქომბერი, 12.30.
ლიგამუსი/თბილისი (საქართველო)-ენკა სტამბოლი (თურქეთი)
21:3 (5:1, 4:1,
6:1, 6:0).

"ლიგამუსი-თბილისი": ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე (5), გურამ კოტარია (2), იოვან პოპოვიჩი (1), მარკო კორდიჩი (3), გიორგი ხვედელიანი (2), რევაზ ჩომახიძე (1), მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა (კ. 1), კოტე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი (4), ბექა ქავთარაძე (1), იოვან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი _ ზვიად დავითიანი.
ენკა: კოსი, რენლივანი, იაკიმოვიჩი, დაგდევირენი, ბალთა (3), ერგინი, აკიარი, აკსელიკი, გოკპინარი, თუნკერი, გოკსუ, გედიკი, ბაიარი, მთავარი მწვრთნელი _ ემლე ვერი.

გუშინ თურქებთანაც მატჩი მასპინძლების იერიშებით დაიწყო და პირველივე წუთებზე მარკო კორდიჩმა ზედიზედ ორი გოლით თანაგუნდელები დააწინაურა, გაქართველებულ ხორვატს მალე რევაზ ჩომახიძემაც აუბა მხარი და ანგარიში სამამდე გაზარდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ სტუმრები და ბაქთამ ერთი ბურთი გაქვითა, რასაც პირველი პერიოდის ბოლომდე ჩვენი ბიჭების კიდევ ორი გოლი მოჰყვა.

პაექრობის მეორე მეოთხედში ენკა-ს წყალბურთელებმა აქტიურად შეუტიეს ზურაბ ჭუმბურიძის კარს და მე-2 წუთის მიწურულს ისევ ბაქთამ გამოიჩინა თავი _ 5:2. მეტი საგოლე მომენტი თურქებს არ შეუქმნიათ, სამაგიეროდ, მასპინძლებმა კოას ოთხჯერ გამოატანინეს ბურთი ბადიდან. შესვენების შემდეგ "ლიგამუსი-თბილისის" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და მასპინძლებმა საბოლოოდ 21:3 გაიმარჯვეს, რითაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელი საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდეს. "სასიამოვნოა, რომ ზედიზედ ორ წარმატებას მივაღწიეთ, უმთავრეს კონკურენტებს ვძლიეთ, ცხადია, სხვა მატჩებშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი გუნდის ჩამოყალიბების შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის მემორანდუმმა გაამართლა. დიდი შრომა გასწიეს საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, კერძოდ, ალექსანდრე ბითაძემ და გია ნაცვლიშვილმა, რომ ეს გამარჯვება შემდგარიყო. ცხადია, ვერც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანადგომას დავივიწყებთ. ჩვენი ბიჭები საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილებას შეიძენენ და კვლავაც ეცდებიან, ქომაგები გაახარონ", _ გვითხრა თურქებთან მატჩის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საწყლოსნო კლუბ `ლიგამუსის~ პრეზიდენტმა სერგო რატიანმა.

აქვე გაუწყებთ, რომ მეორე ტურის დანარჩენ მატჩებში ფავორიტებმა იმარჯვეს: ჰონვედი (უნგრეთი)-ასა (ისრაელი) 18:5 (6:1, 5:2, 3:1, 4:1), პოსილიპო (იტალია)-ოლიმპიკი (საფრანგეთი) 11:6 (4:0, 2:4, 2:1, 3:1). მესამე ტურის პაექრობები გუშინ საღამოს გაიმართა.

ოლიმპიკის აუზი, 8 ოქტომბერი, 20.00.
ლიგამუსი/თბილისი (საქართველო)-ჰონვედი (უნგრეთი)
7:18 (1:7, 1:4, 4:4, 1:3)
ლიგამუსი/თბილისი:
ჭუმბურიძე, ქენქაძე, კოტარია, პოპოვიჩი (1), კორდიჩი (1), ხვედელიანი (1), ჩომახიძე, ბაღათურია, რურუა (2), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (2), ქავთარაძე, სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი დავითიანი.
ჰონვედი: გერგელი, შეკელი (1), ჰანგორი (2), მატიანი (1), სალამონი (3), ვ. ტოტი, იანშიკი, შივოში (5), ჰარაი (2), გორ-ნაგი (1), მ. ტოტი (3), ლევაი, მთავარი მჭვრთნელი ლაიოშ ვაპი.

ლენტროფის დებიუტანტ ლიგამუს-თბილისს მესამე ტურში მრისხანე მეტოქე - ბუდაპეშტის ჰონვედი ელოდა. უკვე გაუწყეთ, რომ ამ გუნდის ღირსებას ოლიმპიური თამაშების სამი ჩემპიონი იცავს. უნგრელი წყალბურთელები თავიანთი ქვეყნის 6-გზის ჩემპიონები, 8-გზის თასისა და 2-გზის სუპერთასის მფლობელები არიან. 2003-2004 წლების სეზონში ევროლიგის გათამაშება მოიგეს, სამჯერ მსგავსი შეჯიბრების მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ, ერთხელ სუპერთასი დაისაკუთრეს. ცხადია, ასეთი ტიტულებით დახუნძლული სტუმრები მასპინძლებთან პაექრობაში აშკარა ფავორიტები იყვნენ და ეს მატჩის პირველი წუთებიდანვე გახდა ნათელი. ჰონვედის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე შივოშმა დასაწყისშივე პენალტით ანგარიში გახსნა. პოპოვიჩმა მალევე აღადგინა წონასწორობა და ოლიმპიკის ტრიბუნებზე მრავლად მოსულ გულშემატკივრებს ერთგვარი იმედიც კი ჩაუსახა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა - უნგრელებმა პირველ პერიოდში კიდევ ექვსი უპასუხო გოლი გოლი გაგვიტანეს. მასპინძლებმა მეტოქეს მხოლოდ მე-3 პერიოდში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა და ის პერიოდი ფრედ-4:4 დამთავრდა. საბოლოოდ ?ონვედმა დამსახურებულად გაიმარჯვა 18:7. აქვე შეიძლებოდა, ყურადღება მასპინძელთა კარის დარაჯის - სტრუიჩისა და მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებზე გაგვემახვილებინა, მაგრამ გულახდილად უნდა ვაღიაროთ, ესენიც რომ არ ყოფილიყო, მატჩის გადარჩენა მაინც შეუძლებელი იქნებოდა. უკეთეს შემთხვევაში, უფრო ნაკლები ანგარიშით წავაგებდით.

გუშინვე მესამე ტურში იტალიის ?ოსილიპომ ისრაელის ასა დაამარცხა - 16:6 (6:0, 3:2, 4:3, 3:1), ხოლო საფრანგეთის ოლიმპიკმა თურქეთის ენკა-ს სძლია - 16:7 (5:0, 5:1, 2:2 4:4).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული