იგი 15 წლისაა (1997 წლის 16 მარტსაა დაბადებული). ოჯახურ ტრადიციას განაგრძობს - მამა ალექსანდრე ბითაძე ცნობილი წყალბურთელია, ბაბუა - ილარიონ ხაზარაძე - სახელოვანი კალათბურთელი, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.
ანდრო ოთხი წელიწადია, წყალბურთს თამაშობს. სხვადასხვა დროს ჯონდო და იზო მაჭარაშვილები, ბორის მეგედი, კობა კინწურაშვილი და ზურაბ ქოიავა ავარჯიშებდნენ. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში სერბი სპეციალისტის - იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით
ნიჭიერ ცენტრალურ თავდამსხმელს "ვოივოდინას" მესვეურებმა დაადგეს თვალი და წლეულს, 11 იანვარს კლუბში მიიწვიეს. ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციიდან დასტურის მიღების შემდეგ კლუბის მეორე გუნდ "დუნავში" ჩაირიცხა.
სერბეთის ჩემპიონატის ტურებს შორის შესვენებისას ქვეყნის 17-წლამდელთა პირველობის ფინალური ეტაპი გაიმართა. "ვოივოდინამ" გადამწყვეტ მატჩებში დაამარცხა "ბეოგრადი" - 11:5, "რასინა" - 15:7, ბელგრადის "პარტიზანი" - 10:6 და ჩემპიონობა მოიპოვა.
ქართველი თავდამსხმელი ოქროსმედალოსნებს ხუთი ბურთით შეეწია.
- ჭაბუკებში ჩემპიონობამ ძალიან გამახარა, თუმცა მოუთმენლად მაინც 9 თებერვალს ველი, - გვითხრა ანდრო ბითაძემ, რომელსაც ნოვი სადში შევეხმიანეთ. - სერბეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ქვეყნის ჩემპიონსა და 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ბელგრადის "პარტიზანს" ვეთამაშებით. ეს იქნება დიდ წყალბურთში ჩემი დებიუტი.
"პარტიზანი" მრისხანე მეტოქეა, მის შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები და ოლიმპიური თამაშების პრიზიორებიც თამაშობენ. ჩვენი გუნდი კი ახალგაზრდულია, უმთავრესად, 17-19 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული, ჩემპიონატში "ჟაკთან" ერთად მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს. ყველაზე უმცროსი მე ვარ.
- გუნდს როგორ შეეწყვე?
- ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან ბიჭებს კარგა ხანია, ვიცნობ, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც. თავიდან საწვრთნელ რეჟიმთან შეგუება გამიჭირდა. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, რომელიც ექვსნახევარ საათს მაინც გრძელდება.
- აბა, ევროპის ახალგაზრდული პირველობის შესარჩევი ტურნირისთვის კარგად მოემზადები...
- ეს შეჯიბრება 9-12 მაისს თბილისში გაიმართება. მისთვის მოსამზადებლად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აპრილში ნოვი სადს ეწვევა და მეც გუნდს აქ შევუერთდები. თანატოლებთან ტესტმატჩებს გავმართავთ.
აპრილის მიწურულს თბილისი მესამედ უმასპინძლებს ახალგაზრდებს შორის ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ნოდარ გვახარიას მემორიალს. იქაც ვითამაშებთ. შესარჩევ ტურნირში გერმანიას, ჰოლანდიას, სლოვაკეთს და მოლდოვას დავუპირისპირდებით.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მალტაში ფინალურ ეტაპზე ვიასპარეზოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"