ქართველმა ჩოგბურთელმა გამოცდილი იტალიელი ანდრეას სეპი ორ სეტში დამაჯერებლად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ქართველს ისევ შეექმნა გადამწყვეტ მომენტებში ფსიქოლოგიური პრობლემები.
პირველ სეტში ბასილაშვილს ძალიან დამაჯერებლად მიჰყავდა საქმე მოგებამდე. ნიკოლოზმა მესამე და მეშვიდე გეიმებში ორი ბრეიკი შეასრულა და 5:2-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ მერვე გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო. 5:4-ზე ქართველი მეორედ აწვდიდა პირველ პარტიაზე და აქაც სეპის შეეძლო გადარჩენა - ორი ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა,
მეორე პარტიაში უფრო მარტივად იყო საქმე. ნიკოლოზმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია და 5:4-ზე უკვე მატჩზე აწვდიდა. და ისევ აგვანერვიულა, რადგან ორი ბრეიკ-პოინტი მისცა სეპის და, საბედნიეროდ, აპენინელმა ეს შანსები ვერ გამოიყენა.
თამაში საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ჩოგბურთელებს 6-6 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, მაგრამ ბასილაშვილმა რეალიზაციით აჯობა სეპის - სამი ერთის წინააღმდეგ.
წესით, მეოთხედფინალში, რომელიც 26 მაისს გაიმართება, ბასილაშვილის მეტოქე ნიკ კირგიოსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავსტრალიელმა ძალიან მოულოდნელად წააგო გუშინ ნაკლებად ცნობილ არგენტინელთან, მსოფლიოს 94-ე ჩოგან ნიკოლას კიკერთან - 6:2, 4:6, 2:6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"