რეტრო მარია შარაპოვა

AutoSharing Option
ამ დღეებში WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე რეტრო-ინტერვიუ გაჩნდა. ეს იყო ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიერ ათი წლის წინ გამოქვეყნებული მასალა.

მაშინ ვებგვერდის ჟურნალისტმა ფლორიდაში იმოგზაურა და ნიკ ბოლეტიერის საჩოგბურთო აკადემიას ეწვია იმისთვის, რომ ქალთა ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავები გაეცნო.

მაშინ WTA-მ რამდენიმე კარგი ფსონი გააკეთა ქალთა ჩოგბურთის მომავალ ლიდერებზე. სტატიის ავტორები არ შემცდარან მარია შარაპოვასთან მიმართებაშიც. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს.

მაშინ ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ მარია შარაპოვა თავის ასაკში საუკეთესო იყო მსოფლიოში და მომავალში ტოპ-ათეულის პოტენციური წევრი იქნებოდა.

ციმბირში დაბადებული რუსი ჩოგბურთელი უკვე
შვიდი წელია, ფლორიდაში ცხოვრობს. ის ამერიკაში მამასთან - იური შარაპოვთან ერთად გადავიდა.

მას ძალიან უნდოდა თავისი ქალიშვილის ნიჭის განვითარება და ამერიკაში სხვადასხვა დაბალანაზღაურებად სამსახურს თანხმდებოდა, მაგალითად, ჭურჭლის მრეცხავი იყო.

აღებული ფულით იური მარიას საჩოგბურთო გაკვეთილებს აფინანსებდა იქამდე, სანამ გოგონა ცხრა წლის ასაკში ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში არ აიყვანეს.

მარიამ ჩოგბურთის თამაში ჯერ კიდევ რუსეთში, ოთხი წლის ასაკში დაიწყო. მოგვიანებით მისმა ნიჭმა შთაბეჭდილება მოახდინა მარტინა ნავრატილოვასა და ევგენი კაფელნიკოვზე.

მარია შარაპოვა: "პატარა ვიყავი, როცა კაფელნიკოვმა თავისი საჩოგბურთო ჩოგანი მომცა და მოგვიანებით, როცა ბოლეტიერის აკადემიაში შევედი, კიდევ ერთხელ მაჩუქა ჩოგანი - ის, რომლითაც საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.

შესანიშნავი იყო. ერთხელ მოსკოვში გამოფენაზე მოვხვდი, რომელსაც ნავრატილოვა სტუმრობდა. რამდენჯერმე ბურთი დავარტყი და მარტინამ მითხრა, რომ დიდი ნიჭი მქონდა.

ამიტომაც, როცა შინ დავბრუნდი, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ამერიკაში გადავიდოდით საცხოვრებლად. აქცენტი ნიკ ბოლეტიერის აკადემიაზე გავაკეთეთ".


მარიამ ამერიკაში თავიდანვე გამოაჩინა თავისი პოტენციალი. 2002 წლისთვის მას უკვე რვა ტიტული ჰქონდა იუნიორთა ასაკობრივ ჯგუფში.

იმავე წელს შარაპოვამ იუნიორთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალამდე მიაღწია. მის წინსვლას თვალს ადევნებდნენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ანდრე აგასი და მონიკა სელეში.

მოკლედ, ნიკ ბოლეტიერი სრულად იყო ინფორმირებული, რომ ახალგაზრდა რუსს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა.

ნიკ ბოლეტიერი: "ის ძალიან მონდომებული გოგონაა და ამით ყველასგან გამოირჩევა. ის არის ახალი სელეში - ცოტათი ეგოისტური, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. ამით ის ჰგავს უდიადეს მეომარს ან დიდ ბიზნესმენს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

არა, მე არ ვამბობ, რომ ის ძუნწია სხვების მიმართ, მაგრამ ის არის მარია შარაპოვა - ეს სახელი და გვარი საკმარისია იმისთვის, რომ საუკეთესო იყო".


სწორედ ამ ეტაპზე დაიწყო მარიამ პროფესიულ დონეზე თამაში. მართალია, ის ჯერ არ იყო სრულწლოვანი, მაგრამ 175 სანტიმეტრს მიაღწია და თითქმის აუღებელი მოწოდება ჰქონდა.

2002 წელს მან ინდიან უელსის ტურნირზე ითამაშა, სადაც მეორე რაუნდამდე გააღწია. მაშინ ის მხოლოდ 14 წლის იყო.

მარია შარაპოვა: "ეს დაუჯერებელი იყო. მოვიგე პირველი წრის თამაში, შემდეგ კი მონიკა სელეშს შევხვდი. ეს დაუჯერებელი შეგრძნება იყო - ასეთ ასაკში შენს წინ, კორტის მეორე მხარეს მონიკა სელეში დგას. მაშინ ვგრძნობდი, რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი, რაც კი ოდესმე მითამაშია. ეს მართლაც დიდი თამაში იყო".

მარიას აშკარად ეტყობოდა, რომ ის თავის წლებთან შედარებით, ჩამოყალიბებული პროფესიონალი იყო. მაშინ მას უკვე ჰქონდა გაფორმებული სასპონსორო კონტრაქტი; აგრეთვე, ხელშეკრულება დადო სპორტული მენეჯმენტის კომპანიასთან.

ყოველთვის არსებობს იმის შიში, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ზედმეტი ზეწოლის გამო ვერ ახერხებს კარიერის განვითარებას, მაგრამ მარია ღრუბლებში არასოდეს დაფრინავდა და მას ამგვარი პრობლემა არ შექმნია.

მარია შარაპოვა: "მე მართლაც მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ზოგიერთებს ამ ასაკში მოსწონთ სკოლაში სიარული, სხვებს მეგობრებთან ურთიერთობა, მე კი უპირატესობას მოგზაურობასა და ჩოგბურთის თამაშს ვანიჭებ. ბევრი ვერ ახერხებს იმის გაკეთებას, რითაც ახლა მე ვარ დაკავებული".

მარიას პროგრესი საჩოგბურთო აკადემიაში მართლაც უდიდესი ტემპებით მიდიოდა. ტედ მიკმა, რომელიც მაშინ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ასევე აღიარებდა, რომ მარიას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

ტედ მიქმა: "თავის დროზე აქ მარტინა ჰინგისი ჩამოვიდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა ნიკის აკადემიაში. ერთხელ მან გადაწყვიტა, რომ 10,11, 12 წლის გოგონებს გაჯიბრებოდა.

ბოლოს ნიკმა ჩოგბურთელები ერთ მწკრივში დააყენა და ჰკითხა მათ: "რას ფიქრობთ, ისიამოვნეთ მასთან თამაშით?"


ყველა გოგონა მოკრძალებითა და შიშით პასუხობდა, ხოლო როცა ჯერი მარიაზე მიდგა, მან თქვა:

"ვფიქრობ, მარტინასავით ვითამაშებ, როცა 16 წლის გავხდები". ის თავიდანვე ძალიან მიზანდასახული იყო".

თავის დროზე რუსი ანა კურნიკოვა ყველაზე სახელგანთქმული ჩოგბურთელი იყო და უამრავი სასპონსორო ხელშეკრულება გააჩნდა. 2002 წელს მარიას "ახალი კურნიკოვა" უწოდეს.

მარია შარაპოვა: "პატივს ვცემ ტურის ყველა მოთამაშეს, მათ შორის, ანას. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო მარია შარაპოვა და არა სხვა ვინმე".

ნიკ ბოლეტიერი: "ანა კურნიკოვას კარგად ვიცნობდი. მასაც უდიდესი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების სრულად რეალიზება. ვფიქრობ, მარიას შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდება".

WTA-ს ჟურნალისტმა ფლორიდა ისე დატოვა, რომ დარწმუნებული იყო - მალე ბევრს შეიტყობდა მარია შარაპოვას წარმატებების შესახებ. წლების განმავლობაში მისი ვარაუდი დამტკიცდა კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული