ჩოგბურთი: აქაც დოპინგი?

AutoSharing Option
26 წლის ჩეხი ჩოგბურთელი ბარბორა ზახვალოვა აკრძალული პრეპარატების მიღებაშია მხილებული, - იტყობინება ერთ-ერთი ჩეხური გამოცემა.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს 104-ე ჩოგანის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი დააფიქსირა ერთ-ერთ პრეპარატზე, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრძალულ სიაში შედის.

"ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ რაიმე კომენტარისგან. თავდაპირველად გვსურს ოფიციალური დოკუმენტები მივიღოთ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან და ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოსგან", - ამბობს ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი კარელ ტეჟკალი.

პროფესიულ კარიერაში ბარბორა ზახვალოვას მოგებული აქვს WTA-ის ერთი ტურნირი ერთეულებში და 17-ჯერ გაუმარჯვია წყვილთა თანრიგში. დავამატებთ, რომ ჩოგბურთელს ოქტომბრის შემდეგ არ მიუღია
მონაწილეობა ოფიციალურ ტურნირებში.

მოღალატე ფედერერი
შვეიცარიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რენე სტამბახმა გააკრიტიკა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი იმის გამო, რომ ჩოგბურთელმა უარი თქვა დევისის თასზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე.

"რა შემიძლია გავაკეთო, თუ მას არ სურს დევისის თასზე თამაში?! როჯერს ვერაფერს დავაძალებ. ფედერერმა იმედი გაგვიცრუა და დაგვაღალატა, რადგან სამი წლის წინ დაგვპირდა, რომ რეგულარულად ითამაშებდა დევისის თასზე.

ჩემი აზრით, როცა ჩოგბურთელები წუწუნებენ კალენდრის გადატვირთულობის გამო, ისინი არ უნდა მიემგზავრებოდნენ სამხრეთ ამერიკაში საჩვენებელი მატჩების ჩასატარებლად
", - ამბობს სტამბახი.

ვენუსი პარიზიდან მოიხსნა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვენუს უილიამსმა განაცხადი გამოიტანა პარიზის ტურნირიდან, რომელიც დღეს აიღებს სტარტს საფრანგეთის დედაქალაქში. როგორც გაზეთი "ეკიპი" იუწყება, მსოფლიოს 26-ე ჩოგანის უარის მიზეზი ზურგის ტრავმა გახლავთ.

"სამწუხაროა, რომ წელს ვერ შევძლებ პარიზის ტურნირში გამოსვლას. ეს შეჯიბრი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მსოფლიოს რეიტინგში ძველი პოზიციების დაბრუნების კუთხით, მაგრამ დასანანია, რომ ზურგის ტრავმა არ მაძლევს თამაშის საშუალებას", - ამბობს ვენუსი.

აღვნიშნავთ, რომ 32 წლის ამერიკელი ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას ფედერაციის თასის მატჩში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.

ესპანეთი მარტინესს ჩააბარეს
ლეგენდარული ჩოგბურთელი კონჩიტა მარტინესი ფედერაციის თასზე ესპანეთის ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა, - წერს ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

კაპიტნის პოსტზე მარტინესმა ესპანული ჩოგბურთის მეორე ლეგენდა - არანჩა სანჩეს-ვიკარიო შეცვალა, რომელმაც პოსტი 2012 წლის დეკემბერში დატოვა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა მსოფლიო ჯგუფის პირველი რაუნდი წააგო რუსეთთან - 2:3.

მარტინესს ოფიციალურად დღეს წარადგენენ, ხოლო მისი დებიუტი ესპანეთის ნაკრების კაპიტნის პოსტზე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ შედგება. ეს შეხვედრა ქალაქ ალიკანტეში 9-10 თებერვალს ჩატარდება.

საჩოგბურთო კარიერის დროს, მარტინესს ხუთჯერ აქვს ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოგებული ფედერაციის თასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული