კანადა-ესპანეთი 3:2
ერთეულებში პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ კანადელებს შეეძლოთ, ყველაფერი შაბათს დაესრულებინათ, მაგრამ დანიელ ნესტორისა და ვაჩეკ პოსპიშილის დუეტმა ხუთ პარტიაში წააგო შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონთან - მარსელ გრანოლერსისა და მარკ ლოპესის წყვილთან. თუმცა ეს ვერ იმოქმედებდა მატჩის საბოლოო შედეგზე - რაფაელ ნადალის, დავიდ ფერერისა და ნიკოლას ალმაგროს გ
იტალია-ხორვატია 3:2
კანადისგან განსხვავებით, იტალიას არა მხოლოდ მეოთხედფინალში უთამაშია, არამედ დევისის თასიც მოუპოვებია (1976 წელს), მაგრამ ბოლო დროს აპენინელები იშვიათად ახარებდნენ თავიანთ გულშემატკივრებს. 1998 წელს იტალიამ ფინალში გააღწია და მას შემდეგ მსოფლიო ჯგუფში არც ერთი (!) თამაში არ მოუგია. უფრო მეტიც, ელიტიდან 2000 წელს გავარდნის შემდეგ იქ მხოლოდ 2012 წელს დაბრუნდა.
ასე რომ, შაბათს, წყვილთა მატჩის მოგების შემდეგ, იტალიას ერთი ნაბიჯი აკლდა პირველ მეოთხედფინალამდე ბოლო 15 წლის განმავლობაში. ანდრეას სეპიმ სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია ხორვატთა ლიდერ მარინ ჩილიჩს. ამიტომაც ყველაფერი მეხუთე მატჩში წყდებოდა. საინტერესო, მაგრამ არასტაბილური ფაბიო ფონინი ვერ გაუმკლავდა პირველი პარტიის მღელვარებას, მაგრამ შემდეგ გონს მოეგო და დაამარცხა ივან დოდიგი, რომელიც ხორვატთა სუსტი წერტილი აღმოჩნდა - მან ორივე ერთეულთა მატჩი წააგო. საინტერესოა, რომ ფონინი პარასკევის მატჩებში არ იყო შეყვანილი განაცხადში, მაგრამ ბოლო მომენტში გაცივდა პაოლო ლორენცი და გადამწყვეტი ქულა იტალიას სწორედ ფაბიომ მოუტანა. ახლა, აპრილის დასაწყისში, იტალია სტუმრად ითამაშებს მეოთხედფინალს კანადის წინააღმდეგ.
ბელგია-სერბეთი 2:3
ამ წყვილში ყველაფერი შაბათს გადაწყდა. ნაკრებში დაბრუნებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (მას ტრიუმფალური 2010 წლის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა დევისის თასის მატჩებში) სერბეთს სამიდან ერთი ქულა მოუტანა. ასევე მოიგო ვიქტორ ტროიცკიმ და მანვე ნენად ჟიმონჟიჩთან წყვილშიც იმარჯვა. შედეგად, კვირას კორტზე ვიხილეთ ბორის პაშანსკი და ჟიმონჟიჩი, რომელიც ერთეულებში, პრაქტიკულად, არ თამაშობს. მათ წააგეს თავიანთი შეხვედრები, მაგრამ ამას სერბეთის განწყობაზე არ უმოქმედია.
აშშ-ბრაზილია 3:2
ისე ჩანდა, რომ აშშ-ს არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნოდა, მით უმეტეს, პირველი დღის შემდეგ, როცა ჯონ ისნერმა და სემ კუერიმ დამაჯერებლად მოიგეს ერთეულთა მატჩები, მაგრამ შაბათს ძმებმა ბრაიანებმა ვერ დასვეს წერტილი მატჩში - მარსელო მელომ და ბრუნო სოარეშმა მოულოდნელად მოიგეს წყვილების შეხვედრა. კვირას მასპინძლები კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდნენ: ტრავმისგან ახლად მომჯობინებულმა ისნერმა ხუთ სეტში წააგო ტომაშ ბელუჩისთან. ასე რომ, კუერის გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოუწია. ტიაგუ ალვეშმა მოუგო მას პირველი სეტი, მაგრამ ამის შემდეგ ამერიკელმა შეძლო გარდატეხის შეტანა. მართალია, მეოთხე სეტში მან მატჩზე ვერ მოაწოდა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მოიგო. ამერიკა მეოთხედფინალსაც თავის მოედანზე ითამაშებს – ის სერბეთს მიიღებს შინ.
საფრანგეთი-ისრაელი 5:0
ამ დაპირისპირების შესახებ ბევრი არაფერია მოსაყოლი. წყვილთა მატჩის შემდეგ საფრანგეთს უკვე მოპოვებული აქვს მეოთხედფინალის საგზური. ამიტომაც კვირის მატჩებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა: საჩვენებელ გამოსვლებში მიკაელ ლოდრამ ნოამ ოკუნს მოუგო, რიშარ გასკე კი ამირ ვაინტრაუბს გაუსწორდა.
არგენტინა-გერმანია 5:0
აქაც არგენტინამ წერტილი მეოთხედფინალს შაბათს დაუსვა, როცა ორასიო სებალიოსმა და დავიდ ნალბანდიანმა მოიგეს წყვილთა მატჩი. სხვათა შორის, ნალბანდიანმა შარშანდელი აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა ოფიციალური მატჩი. დავიდი სპეციალურად ემზადებოდა დევისის თასის მატჩისთვის და სხვათა შორის, კინაღამ გამოტოვა ის იანვრის შუაში მარჯვენა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო.
არგენტინელებს ძალიან დაეხმარათ სტუმრების ლიდერის - ფილიპ კოლშრაიბერის ტრავმა. გერმანელი იძულებული გახდა, შეეწყვიტა შეხვედრა მაშინ, როცა კარლოს ბერლოკს გადამწყვეტ სეტს 5:4-ს უგებდა. კოლშრაიბერი სტუმრების უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო და მისი დაკარგვით გერმანიის შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდა. კვირას კი ეს შანსი აღარ არსებობდა და აქაც ორი ფორმალური მატჩი ჩატარდა: ხუან მონაკომ და კარლოს ბერლოკმა შესაბამისად ტობიას კამკესა და კრისტოფერ კასს მოუგეს.
აღვნიშნავთ, რომ არგენტინა საფრანგეთთან მეოთხედფინალს ასევე შინ ჩაატარებს.
ყაზახეთი-ავსტრია 3:1
ყაზახეთმა შეძლო ორი წლის წინ მიღწეული შედეგის გამეორება და ისევ გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე. მაშინ პირველ რაუნდში ჩეხეთი იქნა დამარცხებული, ახლა კი პლეი ოფში ავსტრიელები გაემგზავრნენ. სტუმრებმა მხოლოდ წყვილთა მატჩში აიღეს ქულა, დანარჩენი სამი ერთეულთა მატჩი კი (მათ შორის ორი - მელცერის მონაწილეობით) წააგეს. გამარჯვების ქულა მასპინძლებს ანდრეი გოლუბევმა მოუტანა, რომელმაც ოთხ სეტში დაამარცხა ავსტრიელთა ლიდერი.
შვეიცარია-ჩეხეთი 2:3
როჯერ ფედერერის არყოფნით დასუსტებულმა შვეიცარიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოქმედ ჩემპიონს, მაგრამ მაინც დამარცხდა. დანაკლისი სტუმრებსაც ჰქონდათ - მათ რიგებში არ იყო რადეკ შტეპანეკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხერხემალზე ოპერაცია გადაიტანა. თუმცა შვეიცარიის დასამარცხებლად ტომაშ ბერდიხის მონდომებაც საკმარისი აღმოჩნდა. ჩეხების ლიდერმა სამი დღის განმავლობაში კორტზე 13 საათი გაატარა. აქედან 7 საათი წყვილთა მატჩზე მოდის, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა დევისის თასის ისტორიაში.
იმ მარათონის მეორე დღეს სტანისლას ვავრინკამ და ბერდიხმა მაინც შეძლეს კორტზე გასვლა და რთული მატჩი ჩაატარეს. ორი პარტიის განმავლობაში ტომაში ფლობდა ინიციატივას და უკეთ ატარებდა გადაწყვეტ გათამაშებებს, მაგრამ შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა - მესამე სეტში თავისი შანსები უკეთ ვავრინკამ გამოიყენა. მეოთხე პარტიაში შვეიცარიელს ჰქონდა მცირე სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ბერდიხმა გადაარჩინა 3:5-დან ტაი-ბრეიკი და თავიდან აიცილა მეხუთე პარტია. ახლა ჩეხეთი ყაზახეთში გაემგზავრება და შეეცდება 2011 წლის მარცხისთვის რევანშის აღებას.
მეოთხედფინალები 5-7 აპრილს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დევისის თასი. 1/8 ფინალი: მარათონი ჟენევაში - თამაში შვიდ საათსა და ორ წუთს გაგრძელდა