მართალია, რაფა ჯერ საკუთარი თავის აჩრდილია და ასი პროცენტით ვერ იხარჯება კორტზე, მაგრამ ამის მიუხედავად,
ნადალმა სეტის წაუგებლად მოიპოვა გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება.
მეოთხედფინალში ნადალი თანამემამულე
დანიელ ხიმენო-ტრავეროს ხვდებოდა და პირველ სეტში გაანადგურა მეტოქე (6:1), მაგრამ მეორე პარტიაში სერიოზულ პრობლემებს წააწყდა. ხიმენო-ტრავერო უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, შეძლებდა კიდეც გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ 4:4-ზე რაფამ ბრეიკის შესრულება შეძლო, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა. თუმცა დანიელმა გაბრძოლება სცადა და მეათე გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ნადალი ჯიუტად იგერიებდა საფრთხეს, ბოლოს კი მაინც მიაღწია საწადელს.
რაფა ნახევარფინალში ფრანგ
ჟერემი შარდიზე გავიდა. ამ უკანასკნელისგან ავსტრალიის ღია პირველობაზე ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგის (მეოთხედფინალში გასვლა) შემდეგ, ვინა დელ მარში გაცილებით მეტს ელოდნენ, მაგრამ ფრანგმა ულაპარაკოდ დათმო ნახევარფინალი რაფას წინააღმდეგ. ამ მატჩში ინტრიგა მხოლოდ საწყის გეიმში იყო, რომელშიც ნადალმა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც არ მისცა მეტოქეს ბრეიკის საშუალება. ამის შემდეგ, შარდი პრაქტიკულად სტატისტის როლში დარჩა კორტზე. პირველ პარტიაში ორი ბრეიკის წყალობით, რაფაელმა 6:2 მოიგო და სრულად დააწესა კონტროლი შეხვედრაზე. იგივე ანგარიშით აიღო მან მეორე პარტია და 65 წუთში გაიფორმა ფინალში გასვლა, სადაც არგენტინელ ორასიო სებალიოსს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში თანამემამულე კარლოს ბერლოკი დაამარცხა ორ სეტში - 6:3, 7:6(4).
"კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რომელსაც ჩილეში ვაჩვენებ. ჩემი აზრით, ყოველი მატჩის შემდეგ ვუმატებ. ამ ეტაპზე, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი.
უაზრობაა ჩემი დღევანდელი ფორმის შედარება იმასთან, რაც ტრავმის მიღებამდე იყო. მე დავიწყე ახალი სეზონი და მოხარული ვარ, რომ მაშინვე ფინალში გავედი", - განაცხადა ნახევარფინალის შემდეგ ნადალმა, რომელსაც ასევე ელის ფინალი წყვილთა თანრიგში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:გრუნტის მეფე დაბრუნდა