დიდი ჩოგბურთი ბრუნდება

AutoSharing Option
ჩოგბურთის ვარსკვლავები ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ აღებული არდადეგებიდან გამოდიან და ამ კვირას ოთხ ტურნირში შეეჯიბრებიან ერთმანეთს...

WTA

Qatar Total Open
დოჰა (ყატარი). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 210 000 დოლარი
მონაწილეები: ვიქტორია აზარენკა, სერენა უილიამსი, მარია შარაპოვა, აგნიეშკა რადვანსკა, ანჟელიკ კერბერი, სარა ერანი...

დოჰა WTA-ს კალენდარში Premier 5 კატეგორიის ტურნირების სერიას ხსნის. როგორც ასეთ სტატუსს შეეფერება, ტურნირმა ქალთა ჩოგბურთის მთელი ბომონდი შეკრიბა და იქ გაიმართება ბრძოლა რეიტინგის პირველი საფეხურისთვის.

მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერთა უმრავლესობამ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პაუზა აიღო. გამონაკლისი მხოლოდ
აგნიეშკა რადვანსკა
იყო, რომელიც პოლონეთის ნაკრებს ეხმარებოდა ფედერაციის თასზე. პოლონელს სჭირდებოდა ასეთი სათამაშო პრაქტიკა მელბურნში ნა ლისთან დასანანი მარცხის გამო.

შარშან რადვანსკამ დოჰაში ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ვიქტორია აზარენკასთან წააგო. დღეს პოლონელისგან ნაკლებს არ ელიან და სხვათა შორის, ნახევარფინალში მისი პოტენციური მეტოქე ისევ ბელორუსი ჩოგბურთელი იქნება.

უფრო დიდი ყურადღებაა მიპყრობილი ტურნირის კიდევ ერთი ვარსკვლავისკენ – სერენა უილიამსისკენ. ამერიკელმა ვერ შეძლო ფავორიტის სტატუსის დამტკიცება ავსტრალიის ღიაზე, სადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე გაჩერდა. ამის მიზეზი იყო მისი თანამემამულის, სლოან სტივენსის ბრწყინვალე მოქმედება და იმ მრავალრიცხოვანი ტრავმების შედეგი, რომელიც უილიამსს ავსტრალიაში აწუხებდა. ახლა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერენამ კარგად დაისვენა და მას არ უნდა გაუჭირდეს ნახევარფინალში გასვლა.

ამერიკელისთვის მთავარ წინაღობად შეიძლება იქცეს პეტრა კვიტოვა, რომელმაც შესანიშნავი ჩოგბურთი უჩვენა ფედერაციის თასზე.

ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა უკვე ნახსენები სლოან სტივენსის გამოსვლა. ავსტრალიის ღიას მთავარი სენსაცია პირველად თამაშობს ყატარში. თუ ამერიკელი ისეთივე ტემპითა და მონდომებით გააგრძელებს თამაშს, როგორც ამას მელბურნში აკეთებდა, მისი დებიუტი შეიძლება წარმატებული გამოვიდეს.

წესით, მესამე წრემდე მას პრობლემა არ უნდა შეექმნას, შემდეგ კი ელოდება შეხვედრა მოქმედ ჩემპიონთან, რუს მარია შარაპოვასთან.

საწყის ეტაპებზე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გველოდება. უკვე პირველ წრეში შეხვდებიან ერთმანეთს ფრანჩესკა სკიავონე და მარიონ ბარტოლი. კარგი თამაშია მოსალოდნელი დანიელა ჰანტუხოვასა და ახალგაზრდა ლორა რობსონს შორის, მეორე რაუნდში კი შესაძლებელია გერმანული დერბის ხილვა მონა ბარტელსა და ანჟელიკ კერბერს შორის.

ATP
ABN AMRO World Tennis Tournament
როტერდამი (ჰოლანდია). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 1 570 000 ევრო
მონაწილეები: როჯერ ფედერერი, ხუან-მარტინ დელ პოტრო, ჟო-ვილფრიდ ცონგა, რიშარ გასკე, ჟილ სიმონი.

როტერდამის პრესტიჟულ ტურნირს წელს 40 წელი უსრულდება. ამჯერად სატურნირო ბადე დაამშვენა ტოპ-ათეულის ოთხმა ჩოგბურთელმა. განთესილთა სიას სათავეში უდგას როჯერ ფედერერი, რომელმაც შარშან ფინალში ხუან-მარტინ დელ პოტროს მოუგო. ეს ტურნირი წელს მეორეა შვეიცარიელისთვის ATP-ის ტურში, რადგან მან პაუზა აიღო ავსტრალიის ღიას შემდეგ, სადაც ნახევარფინალი წააგო ენდი მარეისთან.

როტერდამში მორიგ ფინალამდე ფედერერს, სავარაუდოდ, ჟო-ვილფრიდ ცონგასთან მოუწევს შეხვედრა. ფრანგი საკმაოდ კარგად გამოვიდა ავსტრალიაში, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ საკმაოდ მძიმე მატჩში სწორედ როჯერთან დამარცხდა.

ასეთი შედეგით ვერ დაიკვეხნის არგენტინელი დელ პოტრო. არგენტინელმა ამ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთში მან მოულოდნელად ჟერემი შარდისთან წააგო მელბურნში. დელ პოტროს როტერდამში საკმაოდ რთული სტარტი ელის - მისი პირველი მოწინააღმდეგე იქნება გაელ მონფილსი.

SAP Open
სან ხოსე (აშშ). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 623 000 დოლარი
მონაწილეები: მილოშ რაონიჩი, ჯონ ისნერი, ტომი ჰაასი, სემ კუერი, ფერნანდო ვერდასკო, ლეიტონ ჰიუიტი.

სან ხოსეს ტურნირს დიდი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს – პირველი გათამაშება შორეულ 1889 წელს გაიმართა, მაგრამ წლევანდელი ტურნირი ბოლო იქნება ამ ქალაქისთვის, რადგან შეჯიბრი მემფისში გადადის.

კანადელი მილოშ რაონიჩი შეეცდება, თავისი სახელი ჩაწეროს ისტორიაში, როგორც სამგზის ჩემპიონის. წინა ორი გათამაშება აქ სწორედ მილოშმა მოიგო. კანადელისთვის ხელის შეშლას ეცდება ჯონ ისნერი, რომელმაც ახალ სეზონში არადამაჯერებელი სტარტი აიღო – ამერიკელის ანგარიშზე ერთი მოგება და ორი წაგებაა. ამ ტურნირზე ჯონი მესამედ გამოვა და ჯერ ბევრით ვერაფრით დაიკვეხნის – მეოთხედფინალზე შორს ის არასოდეს წასულა.

გაცილებით წარმატებული იყო აქ ფერნანდო ვერდასკო, რომელმაც 2010 წელს მოიპოვა მთავარი პრიზი, შარშან კი ფინალში ითამაშა. ასევე ბრუნდება სან ხოსეში კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი - ლეიტონ ჰიუიტი. თავისი ჯილდო ავსტრალიელმა ჯერ კიდევ 2002 წელს მოიპოვა – მაშინ მან ანდრე აგასის მოუგო. ახალ სეზონში ავსტრალიელს ჯერჯერობით უჭირს – მას მხოლოდ ერთი მოგება და ორი წაგება აქვს.

კიდევ ერთი ვეტერანი, რომელიც სან ხოსეში ითამაშებს, გერმანელი ტომი ჰაასია, რომელიც ჯერ ვერ ახერხებს იმ ბრწყინვალე თამაშის პოვნას, რომელსაც გასულ სეზონში აჩვენებდა, თუმცა გერმანელს სან ხოსეში ექნება რეაბილიტაციის შანსი.

Brasil Open - Sao Paulo
სან პაულუ (ბრაზილია). გრუნტი
საპრიზო ფონდი: 519 000 დოლარი
მონაწილეები: რაფაელ ნადალი, ნიკოლას ალმაგრო, ხუან მონაკო, სტანისლას ვავრინკა, ჟერემი შარდი, პაბლო ანდუხარი.

რაფაელ ნადალი თითქმის ტრიუმფალურად დაუბრუნდა პროფესიულ ტურს შვიდთვიანი შესვენების შემდეგ. ესპანელმა ჩილეს ტურნირზე ორივე თანრიგის ფინალში გააღწია, მაგრამ ორივე წააგო, რამაც ოდნავ გააუფერულა ესპანელის წარმატებული გამოსვლა. ახლა რაფამ სან პაულუში გადაინაცვლა. ის თანდათან იბრუნებს სათამაშო ფორმას და არ ჩქარობს ვარსკვლავურ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრას. ამიტომაც ტურნირების ასეთი არჩევანი გასაკვირი არ არის, მით უმეტეს, რომ რაფაელს ბრაზილიაში 2005 წელს გაუმარჯვია.

ნადალს რთული მეტოქეები ეყოლება, მაგრამ მათი გავლა შესაძლებელია. მთავარი მეტოქე ნიკოლას ალმაგრო იქნება, რომელიც სან პაულუში ორგზის ჩემპიონის რანგში ჩავიდა. მან კარგად წარმოაჩინა თავი ავსტრალიის ღიაზე, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ ხუთ სეტში დამარცხდა დავიდ ფერერთან.

სერიოზულ მეტოქედ ვერ დავასახელებთ ხუან მონაკოს, რომელსაც ახლა რთული დროება უდგას. ავსტრალიის ღიაზე ჩავარდნის შემდეგ არგენტინელი ვინა დელ მარშიც პირველივე მატჩში დამარცხდა.

ადგილობრივი პუბლიკა გარკვეულ იმედებს უკავშირებს ტომაშ ბელუჩის, რომელმაც ჩააგდო ჰარდზე თამაში, მაგრამ გრუნტის საფარზე მას უფრო მეტი შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალმა ფორმა აკრიფა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული