რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაკოში ფინალამდე არ ხვდებიან

AutoSharing Option
სტარტი აიღო გრუნტის სეზონის პირველმა მასტერსმა, რომელსაც მონტე კარლოს საჩოგბურთო ცენტრი მასპინძლობს. ერთი დღით ადრე კი ორგანიზატორებმა სატურნირო ბადე შეადგინეს. კარგი ამბავი ის არის, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოასწრო გამოჯანმრთელება და ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი.

წილისყრის შედეგად, მესამე ნომერი, მონტე კარლოს მასტერსის რვაგზის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი ბადის ქვედა მხარეს მოხვდა, რითაც თავიდან აიცილა ფინალამდე ჯოკოვიჩთან შეხვედრა. რაფას პოტენციური მეტოქე ნახევარფინალში ტურნირის მეორე ნომერი, ბრიტანელი ენდი მარეი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ პირველ რვა ნომრად განთესილები წარმატებით გაივლიან საწყის ეტაპებს, მაშინ
მონაკოში ასეთ მეოთხედფინალურ წყვილებს მივიღებთ:

ჯოკოვიჩი (1)-დელ პოტრო (5)
ბერდიხი (4)-გასკე (7)
ტიპსარევიჩი (8)-ნადალი (3)
ცონგა (6)-მარეი (2)

შეგახსენებთ, რომ მონტე კარლოში არ თამაშობენ ATP-ის მესამე და მეოთხე ნომრები - როჯერ ფედერერი და დავიდ ფერერი.

* * *

ასევე ბოლო მომენტში გახდა ცნობილი, რომ მონაკოში არ ჩავიდა სათამაშოდ 35 წლის გერმანელი ტომი ჰაასი, რომელიც ცოტა ხნის წინ, წარმატებით გამოვიდა მაიამის მასტერსზე, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა ბრძოლას და ნახევარფინალში ითამაშა.

"სამწუხაროდ, ზურგის ტრავმის გამო მიწევს მონტე კარლოს ტურნირის გამოტოვება. ძალიან მინდოდა ამ მასტერსზე გამოსვლა, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო და ყველაფერი სწორად გავაკეთო. წინ საკმაოდ დაძაბული გრაფიკი მაქვს, ასე რომ, უმჯობესი იქნება, თუ ახლა ავიღებ პაუზას. მიუნხენში შევხვდებით ერთმანეთს", - დაწერა თავის "ფეისბუქზე" ჰაასმა.

მონტე კარლოს ძირითად ბადეში გერმანელს ლატვიელი ერნესტ გულბისი შეცვლის.

ბრაიანების 800
მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ამერიკელი ძმების - ბობ და მაიკ ბრაიანების კარიერაში. შაბათს, ჰიუსტონის ტურნირის ნახევარფინალში, მსოფლიოს უძლიერესმა წყვილმა ჯესი ლევინესა და იოჰან ბრიუნსტრიომის კანადურ-შვედური დუეტი - 6:3, 6:4 დაამარცხა. ეს იყო ამერიკელთა რიგით მე-800 გამარჯვება პროფესიულ ტურში.

"სასიამოვნოა ამ ნიშნულამდე მისვლა, თუმცა მოგება არასოდეს არ არის ბევრი. კარგი იქნება, თუ აქ ისევ მოვიპოვებთ ტიტულს", - განაცხადა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მაიკ ბრაიანმა.

პროფესიულ დონეზე 17-წლიანი კარიერის განმავლობაში, ამერიკელმა ძმებმა "დიდი სლემის" 13 ტურნირი მოიგეს, შარშან, ლონდონში კი პირველად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.

თუმცა მათ ვერ შეძლეს ჰიუსტონში კარიერაში 87-ე ტურნირის მოგება. ფინალში ისინი ბრიტანელ ჯეიმი მარეისა და ავსტრალიელ ჯონ პირსს ხვდებოდნენ და პირველი სეტი 19 წუთში მოიგეს, მაგრამ შემდეგ დათმეს მეორე და მესამე სეტები - 6:1, 6:7(3), 10:12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გრუნტის პირველ მასტერსზე დავიდ ფერერი და როჯერ ფედერერი არ ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული