მასტერსის წინ: რაფა ნადალი მეცხრეს უმიზნებს

AutoSharing Option
მცირე პაუზის შემდეგ საჩოგბურთო სამყაროში მორიგი მღელვარების პერიოდი დგება - მოვიდა გრუნტის სამი მასტერსიდან პირველის ჯერი. მიუხედავად იმისა, რომ მონაკოში ყველა ვარსკვლავი არ ითამაშებს, ჩოგბურთის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ. შეგახსენებთ, რომ მონტე კარლოში თამაშს ვერ შეძლებენ როჯერ ფედერერი, დავიდ ფერერი და ტომი ჰაასი. ბოლო მომენტში დაადასტურა ამ მასტერსზე თამაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

რაც მთავარია, ამ საჩოგბურთო ზეიმს არ დააკლდება მონაკოს კორტების მეფე რაფაელ ნადალი. ესპანელი მონტე კარლოში ზედიზედ მეცხრე (!) ტიტულისთვის იბრძოლებს და რაფას მთავარი პრიზის მოპოვების ყველანაირი
შანსი და შესაძლებლობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ის ძალიან წარმატებულად დაუბრუნდა დიდ ჩოგბურთს ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, ოთხ ტურნირში ითამაშა, ოთხივეში ფინალში გავიდა და სამი ტიტული აიღო, მათ შორის, ინდიან უელსის მასტერსზე.

რაფას მთავარ მოწინააღმდეგეებად ჯოკოვიჩი და ენდი მარეი მიიჩნევიან. ამ უკანასკნელის ყველაზე დიდი წარმატება მონტე კარლოში ორჯერ ნახევარფინალში გასვლაა. საინტერესოა, რომ ორივეჯერ მისი სვლა შეაჩერა ნადალმა. სხვათა შორის, 2013 წლის ბადის მიხედვით, ესპანელისა და ბრიტანელის შეხვედრა ისევ ნახევარფინალურ ეტაპზე იგეგმება.

კიდევ ერთი პოტენციური შეხვედრა იწვევს დიდ ყურადღებას - მეოთხედფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს შორის. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ეს ჩოგბურთელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ჯერჯერობით მათ შორის ფრეა დაფიქსირებული. თუმცა ის ორივე მატჩი ჰარდზე ჩატარდა.

* * *
ამ კვირას ქალებს WTA-ს ტურნირი არ აქვთ, რადგან ფედერაციის თასის მატჩები იმართება - ნახევარფინალები და მსოფლიოს ჯგუფის პლეი ოფები. აშშ-ის ნაკრები პლეი ოფში საკუთარ მოედანზე მიიღებს შვედეთის ნაკრებს. ამერიკელმა კაპიტანმა მერი-ჯო ფერნანდესმა უძლიერესი შემადგენლობის შეკრება შეძლო - დიდხნიანი შესვენების შემდეგ ფედერაციის თასზე თამაშის სურვილი გამოთქვეს დებმა უილიამსებმა, რომლებსაც შეუერთდებიან სლოან სტივენსი და ვარვარა ლეპჩენკო.

პლეი ოფში სხვა გუნდებსაც ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ: ანჟელიკ კერბერი დაეხმარება გერმანიის ნაკრებს, სამანტა სტოსური ითამაშებს ავსტრალიაში. გარდა ამისა, ფედერაციის თასის მატჩებში ვიხილავთ აგნიეშკა რადვანსკასა და მარიონ ბარტოლის. ეს უკანასკნელი 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს საფრანგეთის ნაკრებში.

ATP. მონტე კარლო
მასტერსის სერია. გრუნტი
საპრიზო ფონდი: 2 646 495 ევრო
მონაწილეები: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი, რაფაელ ნადალი, ტომაშ ბერდიხი, ხუან-მარტინ დელ პოტრო, ჟო-ვილფრიდ ცონგა...

მარტინა რუსს დამოძღვრავს
"დიდი სლემის" ტურნირების ხუთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარტინა ჰინგისი აქტიურად ანვითარებს თავის სამწვრთნელო კარიერას. გამოცხადდა, რომ შვეიცარიელი რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვას პირადი დამრიგებელი იქნება. ჯერჯერობით ლაპარაკია გრუნტის სეზონის მსვლელობისას თანამშრომლობაზე. მათი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

სავარაუდოდ, 32 წლის ჰინგისი ამ კვირას ჩავა მოსკოვში და მსოფლიოს მე-20 ჩოგანს სლოვაკეთთან ფედერაციის თასის ნახევარფინალური მატჩისთვის მომზადებაში დაეხმარება. ეს მატჩი 20-21 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჰინგისი პატრიკ მურატოგლუს აკადემიაში მუშაობს მწვრთნელად. სხვათა შორის, სწორედ ამ სკოლაში ვარჯიშობს პავლიუჩენკოვაც. მანამდე რუსის მწვრთნელი იყო ჟერალდ ბრემონი, რომელიც მარიონ ბარტოლისთან გადავიდა. გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ბრამონისა და ბარტოლის თანამშრომლობა დაწყებიდან კვირანახევარში შეწყდა.

სამი მილიონით მეტი
"დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირის - საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2013 წელს როლან გაროსის საპრიზო ფონდი 22 მილიონი ევრო იქნება, რაც სამი მილიონით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე.

ერთეულთა თანრიგში გამარჯვებული ჩოგბურთელი (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში) 1.5 მილიონ ევროს მიიღებს - ეს 250 ათასი ევროთი მეტია, ვიდრე 2012 წელს. ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ 2016 წლისთვის საპრიზო ფონდი 32 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

"დიდი სლემის" სხვა ტურნირებთან შედარებით, როლან გაროსის საპრიზო ფონდი სარეკორდო არ გახლავთ. აშშ-ის ჩემპიონატზე 25.7 მილიონი ევრო გათამაშდება, ხოლო უკვე გამართული ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 23.7 მილიონი ევრო იყო.

როლან გაროსი პარიზის გრუნტის კორტებზე 21 მაისს დაიწყება და 9 ივნისამდე გასტანს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი მარია შარაპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაკოში ფინალამდე არ ხვდებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული