როჯერ ფედერერი გავარდა, ვიქტორია აზარენკაც...

AutoSharing Option
დღე არ გავა, მადრიდის სუპერტურნირზე ერთი დიდი სენსაცია არ მოხდეს. პირველ დღეს ბრძოლას გამოეთიშა ნა ლი. მას მალე აგნიეშკა რადვანსკა მიჰყვა, სამშაბათს კი მამაკაცთა მასტერსს გამოეთიშა ნოვაკ ჯოკოვიჩი...

მომდევნო დღეს შარშანდელი ფინალისტის, ვიქტორია აზარენკას ჯერი დადგა. არადა, ბელორუსმა რუს ეკატერინა მაკაროვასთან მატჩი ისე დაიწყო, რომ მის ფიასკოს ვერავინ წარმოიდგენდა. ვიქტორიამ სასტარტო გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და შემდეგ დომინირებდა კორტზე. 6:1 - ასეთი ანგარიშით მოიგო მან პირველი სეტი.

მეორე პარტიის საწყის გეიმებშიც უკეთ აზარენკა გამოიყურებოდა და მაკაროვას რამდენიმე ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.
ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად რუსის მხარეს გადავიდა. ამან მაკაროვას ორი ბრეიკის აღებისა და 5:2 დაწინაურების საშუალება მისცა. მალე სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

აზარენკა თითქოს კარგად განეწყო გადამწყვეტი სეტისთვის და თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა. რამდენიმე გეიმის განმავლობაში ბელორუსი ინარჩუნებდა ამ მცირე უპირატესობას, მაგრამ ჩააგდო მეექვსე გეიმი. ამას მოჰყვა მსაჯთან ხანგრძლივი კამათი, რამაც ვიკა საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან და შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, რითაც მაკაროვამ კარგად ისარგებლა - 1:6, 6:2, 6:3.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო აზარენკას პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში.

კიდევ ერთი სიურპრიზის ავტორი გახდა დანიელა ჰანტუხოვა, თუმცა მისმა მსხვერპლმა პეტრა კვიტოვამ ისე მიგვაჩვია წაგებებს, რომ ჩეხის მორიგი მარცხი სენსაციად აღარ მიიჩნევა. პირველი სეტი კვიტოვამ მოიგო, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და სლოვაკმა ამით ძალიან კარგად ისარგებლა - 2:6, 6:2, 6:3.

ასევე აღვნიშნავთ ანა ივანოვიჩისა და ლორა რობსონის შეხვედრას. ჩოგბურთელებმა ჯამში 15 (!) ბრეიკი გააკეთეს. გადამწყვეტ სეტში რობსონი 5:2-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე დამარცხდა.

* * *
წარმატებული სტარტი აიღო მადრიდში რაფაელ ნადალმა, რომელმაც მეორე წრეში 6:3, 6:4 მოუგო ფრანგ ბენუა პერს. მასტერსზე მერვედფინალური მატჩები გაიმართა და რაფამ ამჯერად მხოლოდ ხუთი გეიმი გაიმეტა მიხაილ იუჟნისთვის - 6:2, 6:3.

მერვედფინალური ეტაპის მთავარი სენსაცია კი იაპონელმა კეი ნიშიკორიმ შემოგვთავაზა, რომელმაც მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გამოთიშა ბრძოლას - 6:4, 1:6, 6:2. მატჩი საათი და 35 წუთი გაგრძელდა. ნიშიკორიმ ოთხიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფედერერმა - შვიდიდან ორი. იაპონელს 17 "ვინერსი" და 30 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, შვეიცარიელს - 31 "ვინერსი" და 31 შეცდომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დამაჯერებელი როჯერ ფედერერი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული