სერენა უილიამსის 0:6 და რაფა ნადალის პრობლემები

AutoSharing Option
მადრიდში ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე და მამაკაცების მასტერსზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ზოგიერი მატჩი გვიან ღამით დასრულდა, ამიტომაც მხოლოდ ორ შეხვედრაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ორივეში მთავარ ფავორიტებად შერაცხულ სერენა უილიამსსა და რაფაელ ნადალს თამაშის გადარჩენაზე ზრუნვა მოუწიათ.

უცნაური ამბავი შეემთხვა ქალების პირველ ნომერს. სერენა ესპანელ ვეტერანს ანაბელ მედინა გარიგესს ხვდებოდა და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოიგო პირველი სეტი - 6:3. მაგრამ მეორე პარტიაში დაუჯერებელი რამ მოხდა - მედინა გარიგესმა 6:0 (!) მოუგო სეტი უმცროს უილიამსს. ასეთი რამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მხოლოდ
მეორედ მოხდა - 2007 წელს, მაიამის ტურნირის ფინალში სერენას "მშრალი" ანგარიშით მოუგო სეტი ბელგიელმა ჟუსტინ ანენმა.

მაგრამ ამით ამერიკელის პრობლემები არ დასრულებულა. მართალია, მან კარგად დაიწყო მესამე სეტი და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი დაუთმო მეტოქეს. და მხოლოდ ძალების არანორმალური დაძაბვის ხარჯზე მოახერხა სერენამ თამაშის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება - 6:3, 0:6, 7:5.

სერენას შეუძლია თავი იმით იმართლოს, რომ მსოფლიოს 63-ე ნომერს მედინა გარიგესს გრუნტის საფარზე 10 ტიტული აქვს მოგებული - ეს საუკეთესო მაჩვენებელია მოქმედ ჩოგბურთელებს შორის.

1/4 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 0:6, 7:5; მარია შარაპოვა (რუს)-კაია კანეპი (ესტ) 6:2, 6:4; სარა ერანი (იტა)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:4, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:3, 6:1.

1/4 ფინალი
უილიამსი-ერანი; შარაპოვა-ივანოვიჩი.

* * *
კინაღამ გამოეთიშა ბრძოლას მადრიდის მასტერსის მთავარი ფავორიტი რაფაელ ნადალი. ის მეოთხედფინალში თავის თანამემამულეს დავიდ ფერერს ხვდებოდა, რომელიც ბოლო პერიოდში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა - მარტში მაიამის მასტერსის ფინალში გასვლის შემდეგ, დავიდი გრუნტის ორ ტურნირზე პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

მაგრამ, როგორც ჩანს, ფერერი იბრუნებს ფორმას და ამის დამადასტურებელი იყო ეს მატჩი. პირველ პარტიაში მან ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა (მთლიანად მატჩში ბრეიკების შეფარდება იყო - 7:5 ნადალის სასარგებლოდ) და 6:4 მოიგო. თანაბარი ბრძოლა იყო მეორე სეტში, სადაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მაგრამ, სანამ მე-13 გეიმის დრო დადგებოდა, მე-12 გეიმში, 6:5-ზე ფერერი 30:15-ს იგებდა და ხელსაყრელ სიტუაციაში ორმაგი მატჩბოლის მიღების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან.

შესაძლოა, სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რადგან ნადალმა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა ტაი-ბრეიკი, ბოლო სეტში კი არც ერთი გეიმი არ გაიმეტა თავისი მეტოქისთვის - 4:6, 7:6(3), 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერი გავარდა, ვიქტორია აზარენკაც...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული