ბარსელონაც რაფაელ ნადალისაა

AutoSharing Option
მადრიდის მასტერსის ფინალში, მოლოდინისამებრ, "გრუნტის მეფე" რაფაელ ნადალი გავიდა, მეტოქედ კი მას შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა ერგო, რომელიც კარიერაში მეორედ თამაშობდა ასეთი დონის ტურნირის ფინალში (პირველად - 2008 წელს რომში).

გადამწყვეტ მატჩში ფავორიტი, რა თქმა უნდა, რაფა ნადალი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვევიწყებინა ისიც, რომ ვავრინკამ მთელი კვირის განმავლობაში შესანიშნავი ჩოგბურთი ითამაშა და ძლიერი მოწინააღმდეგეები გამოთიშა ბრძოლას: ბერდიხი, ცონგა და ჯოკოვიჩის მძლეველი დიმიტროვი, მაგრამ ფინალურ მატჩში შვეიცარიელმა დაკარგა ის საუკეთესო, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჩვენა.

პირველივე გეიმში ნადალმა დაანახვა მეტოქეს,
რომ მისგან არანაირი დათმობა არ იქნებოდა. ვავრინკა მეტოქის მხრიდან უძლიერესი ზეწოლის ქვეშ მოექცა, "ნაკლებზე" ხუთჯერ გადაარჩინა თავისი გეიმი, მაგრამ მეექვსე ცდაზე რაფამ მაინც შეასრულა ბრეიკი.

ნადალი თავის გეიმებს ძალიან იოლად იღებდა და მთელმა ფინალმა ისე ჩაიარა, რომ შვეიცარიელს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. ამასობაში ესპანელმა კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და ეს დიდი უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა.

ვავრინკამ იოლად დანებება არ მოისურვა და მეორე სეტში გააუმჯობესა თამაში. მან საკუთარ მოწოდებაზე პირველი სამი გეიმი ძალიან დამაჯერებლად აიღო, თუმცა მიღებაზე შანსი ისევ არ ჰქონდა. რაფაელმა პირველი ბრეიკ-პოინტი მეშვიდე გეიმში მიიღო და აქ მას მეტოქე დაეხმარა, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტში ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნადალს აღარ გასჭირვებია მატჩის (საათი და 11 წუთი გაგრძელდა) გამარჯვებამდე მიყვანა და ვავრინკასთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 9:0 გახადა. რაფამ კარიერაში 55-ე ტიტული მოიგო და გარდა ამისა, 23-ედ გახდა მასტერსის სერიის ტურნირის გამარჯვებული.

დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ ესპანელმა შვიდი ტურნირი ითამაშა და შვიდივეში ფინალამდე მიაღწია და აქედან მხოლოდ ორჯერ წააგო - ვინია დელ მარიში (ორასაიო სებალიოსთან) და მონტე კარლოში (ნოვაკ ჯოკოვიჩთან). ახლა საინტერესოა, როგორ ითამაშებს ნადალი ორკვირიან როლან გაროსზე, სადაც ხუთსეტიანი მატჩები ტარდება. თუმცა მანამდე ესპანელს რომის მასტერსი ელის.

1/2-ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:0, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 15)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:3, 4:6, 6:4.

ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 15) 6:2, 6:4.

ნადალის ტიტულები (55)
2013 - მადრიდი, ბარსელონა, ინდიან უელსი, აკაპულკო, სან პაულუ;
2012 - როლან გაროსი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო;
2011 - როლან გაროსი, ბარსელონა, მონტე კარლო;
2010 - ტოკიო, აშშ-ის ღია, უიმბლდონი, როლან გაროსი, მადრიდი, რომი, მონტე კარლო;
2009 - რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია;
2008 - ოლიმპიადა, ტორონტო, უიმბლდონი, ლონდონი, როლან გაროსი, ჰამბურგი, ბარსელონა, მონტე კარლო;
2007 - როლან გაროსი; შტუტგარტი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, ინდიან უელსი;
2006 - როლან გაროსი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, დუბაი;
2005 - მადრიდი, პეკინი, მონრეალი, შტუტგარტი, ბაშტადი, როლან გაროსი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, აკაპულკო, კოშტა დუ საუპე;
2004 - სოპოტი.

მასტერსის გამარჯვებულები
1. რაფაელ ნადალი – 23
2. როჯერ ფედერერი – 21
3. ანდრე აგასი – 17
4. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 13
5. პიტ სამპრასი – 11.
6. ენდი მარეი – 9
7. ტომას მუსტერი – 8
8. მაიკლ ჩანგი – 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერენა უილიამსის 0:6 და რაფა ნადალის პრობლემები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული