რაფაელ ნადალი განადგურდა... მხოლოდ პირველ სეტში

AutoSharing Option
მადრიდის სუპერტურნირზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

პირველ რიგში, რაფაელ ნადალისა და ლატვიელი ერნესტ გულბისის შეხვედრაზე უნდა ვთქვათ, რომელშიც "გრუნტის მეფეს" ძალიან გაუჭირდა.

ესპანელი 303-ე მესამე შეხვედრას ატარებდა გრუნტის საფარზე და მხოლოდ მესამედ წააგო პირველი სეტი ანგარიშით - 1:6. ლატვიელი დომინირებდა კორტზე ფანტასტიკური მოწოდებისა და კარგი ფორჰენდის წყალობით. ნადალს კი მიღებაზე საერთოდ არ გამოსდიოდა თამაში. გულბისმა პირველ სეტში 17-ჯერ შეასრულა პირველი მოწოდება და ნადალმა ვერცერთხელ ვერ გადააგდო ბურთი მეტოქის მოედანზე.

ამ მხრივ, ესპანელის გასაჭირი მეორე სეტშიც გაგრძელდა და პირველი ბრეიკი მატჩში
მხოლოდ 4:3-ზე აიღო, თუმცა იქვე დაკარგა საკუთარი მოწოდება და ბალტიისპირელს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. ამ მომენტისთვის გულბისის მოწოდება ისეთი საშიში აღარ იყო, როგორც პირველ სეტში. ამით ნადალმა მოახერხა სეტში მეორე ბრეიკის შესრულება და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მართალია, ამის შემდეგ ესპანელი მყარად დაეუფლა ინიციატივას, მაგრამ გულბისმა უბრძოლველად არაფერი დათმო. გადამწყვეტ სეტში მან ერთხელ მოახერხა დაკარგული ბრეიკის დაბრუნება, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია დანებება.

მეოთხედფინალში ნადალი დასვენებულ დავიდ ფერერს შეხვდება, რომელმაც უბრძოლველად გაიარა მერვედფინალური ბარიერი - მისმა მეტოქემ ფილიპ კოლშრაიბერმა ტრავმის გამო უარი თქვა კორტზე გასვლაზე.

სხვა მატჩებიდან უნდა აღვნიშნოთ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს მარცხი ფრანგ ბენუა პერთან. დელ პოტრომ გამოტოვა გასულ კვირას მადრიდის მასტერსი და როგორც ჩანს, ჯერ აკრეფილი არ აქვს ოპტიმალური ფორმა.

უპრობლემოდ მოიგეს თავიანთი შეხვედრები ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა. ამ უკანასკნელმა მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა ჟილ სიმონისთვის, ჯოკოვიჩს კი ერთადერთხელ გაუჭირდა ალექსანდრ დოლგოპოლოვთან, როცა მეორე სეტის მეექვსე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. უკრაინელი სხვა ვერაფრით დაიკვეხნის ამ მატჩში.

* * *
მერვედფინალური მატჩები ჰქონდათ ქალებსაც და მთავარმა ფავორიტებმა - სერენა უილიამსმა, მარია შარაპოვამ და ვიქტორია აზარენკამ იოლ გამარჯვებებს მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ სერენას უკვე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.

აგრძელებს ბრწყინვალე სვლას რომში რუმინელი სიმონა ჰალეპი. მან პირველ წრეში 6:1, 6:1 გაანადგურა სვეტლანა კუზნეცოვა, 6:2, 6:1 მოუგო მეორე და მესამე სეტები აგნიეშკა რადვანსკას, 16 მაისს კი ასევე იოლად სძლია რობერტა ვინჩის.

კაცები

1/8-ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) უარი; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 7:5, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (არგ, 1)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:1, 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ჟერემი შარდი (საფ) 6:4, 1:6, 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ერნესტ გულბისი (ლატ) 1:6, 7:5, 6:4; ბენუა პერი (საფ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7) 6:4, 7:6(3); იერჟი იანოვიჩი (პოლ)-რიშარ გასკე (საფ, 9) 3:6, 7:6(2), 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჟილ სიმონი (საფ) 6:1, 6:2.

1/4-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ბერდიხი (6); ნადალი (5)-ფერერი (4); პერი-გრანოლერსი; იანოვიჩი-ფედერერი (2).

ქალები

1/8-ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ)-რობერტა ვინჩი (იტა, 13) 6:4, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ)-ნა ლი (ჩინ, 5) 7:6(2), 7:5; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესრ) 6:2, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:1, 2:0 უარი; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 14) 6:0, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 2)-სლონ სტივენსი (აშშ, 16) 6:2, 6:1; სარა ერანი (იტა, 7)-მარია კირილენკო (რუს, 12) 6:3, 2:0 უარი; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8) 7:5, 2:6, 6:1.

1/4-ფინალი
ს. უილიამსი-სუარეს ნავარო; ჰალეპი-იანკოვიჩი; სტოსური (9)-აზარენკა (3); ერანი (7)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბარსელონაც რაფაელ ნადალისაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული