ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ წააგო

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე კვირაა, მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი იმედს უცრუებს თავის გულშემატკივრებს. გასულ კვირას, სერბმა მეორე წრიდან დატოვა მადრიდის მასტერსი, როცა ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა. ამ კვირას, რომში ჯოკოვიჩმა უფრო შორს წაიწია, მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ ვერ გადალახა ტომაშ ბერდიხის ბარიერი.

არადა, ნოვაკი ვალდებული იყო მოეგო შეხვედრა. ის შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და მიღებაზეც კარგად გამოიყურებოდა - პირველ ორ სეტში სამი ბრეიკი გააკეთა და 6:2, 5:3 დაწინაურდა. მეცხრე გეიმში სერბი მატჩზე აწვდიდა და სწორედ აქ მოუმატა თამაშს ბერდიხმა - მან მატჩში
პირველი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ის მაშინვე გამოიყენა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი გაახერხა და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ჩეხმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით 7:5 მოიგო მეორე სეტი.

ინიციატივა საბოლოოდ გადავიდა ბერდიხის მხარეს. მესამე სეტში ის ნაადრევი ბრეიკით დაწინაურდა, კარგად ითამაშა თავის გეიმებში და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ბოლოსკენ ჯოკოვიჩმა გაიბრძოლა, სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მაინც მოუწია დანებება - 6:2, 5:7, 4:6.

ბერდიხი მერვედ თამაშობს რომის მასტერსზე და პირველად გააღწია ნახევარფინალში. ის მეთხუთმეტედ შეხვდა ჯოკოვიჩს და მხოლოდ მეორედ დაამარცხა სერბი (პირველად ეს 2010 წლის უიმბლდონზე მოხდა). და კიდევ, ჩეხმა კარიერაში 20 ცდიდან მხოლოდ მეოთხედ მოუგო მსოფლიოს პირველ ჩოგანს. წინა სამ შემთხვევაში, ის როჯერ ფედერერის ძლევას ახერხებდა.

ბერდიხის მეტოქე ნახევარფინალში რაფა ნადალისა და დავიდ ფერერის მატჩში ირკვეოდა. ნადალს ორი დღის განმავლობაში მეორე ორსაათნახევრიანი მატჩის გადატანა მოუწია.

ამჯერად, მას პრობლემები მისმა თანამემამულემ დავიდ ფერერმა შეუქმნა, რომელმაც მეორე სეტში ერთადერთი ბრეიკით მოიგო და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა რაფაელმა მესამე სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა, ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და 6:4, 4:6, 6:2 გაიმარჯვა. ამ მატჩის შემდეგ, ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 19:4 გახდა ნადალის სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი განადგურდა... მხოლოდ პირველ სეტში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული