ნადალი VS ფედერერი: ეს ის კლასიკა აღარ არის

AutoSharing Option
რომში დასრულდა ბოლო რეპეტიცია როლან გაროსის წინ, რომელიც მომავალ ორშაბათს დაიწყება. 19 მაისის ტრიუმფატორები გახდნენ რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი, რომლებმაც ერთნაირი ანგარიშით მოიგეს ფინალური შეხვედრები. გარდა ამისა, მათ ერთგვარი დუბლი შეასრულეს - ზედიზედ მოიგეს მადრიდისა და რომის ტურნირები და საფრანგეთის ღია პირველობას აშკარა ფავორიტის რანგში ხვდებიან.

სანამ ფინალებზე ვიტყოდეთ, 18 მაისს გამართული ნახევარფინალები გავიხსენოთ.

ნოვაკ ჯოკოვიჩთან წაგებათა სერიის შეწყვეტის შემდეგ ტომაშ ბერდიხმა ვერ შეძლო იგივეს გაკეთება რაფაელ ნადალთან მიმართებაში და ესპანელთან ზედიზედ მეცამეტედ წააგო. რაფა დამაჯერებლად ამარცხებდა მეტოქეს უკანა
ხაზზე თამაშისას და უდიდეს წნეხში მოაქცია ის. პირველ სეტში ჩეხს არანაირი შანსი არ ჰქონდა, რის შედეგადაც ნადალმა იოლად გააკეთა ორი ბრეიკი.

მეორე სეტში ჩეხს ოდნავ უკეთესი თამაში გამოუვიდა. მან ერთხელ მეტოქის გეიმშიც გაიბრძოლა და მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მისმა რისკიანმა შეტევამ არ გაამართლა. ამის შემდეგ ჩოგბურთელები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს იქამდე, სანამ რაფამ მეცხრე გეიმი მიღებაზე "მშრალი" ანგარიშით არ მოიგო. შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა და ფინალში გავიდა.

რომის მასტერსის გადამწყვეტ მატჩში რიგით 30-ე საჩოგბურთო "კლასიკას" ვნახავთ - ნადალს როჯერ ფედერერი დაუპირისპირდება. ფრანგმა ბენუა პერმა, წინა ეტაპების მსგავსად, ნახევარფინალიც კარგად ჩაატარა, მაგრამ შვეიცარიელის კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა. პერი უფრო აქტიურად თამაშობდა და შეცდომებსაც იმდენს უშვებდა, რამდენსაც ფედერერი, მაგრამ ფრანგმა ეს მომენტი ვერ გამოიყენა.

ბენუამ პირველ სეტში ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, თუმცა მალე დაკარგა ეს უპირატესობა და ბოლოს ტაი-ბრეიკი წააგო. მეორე სეტშიც პერს ჰქონდა მეტოქის მოწოდების აღების შანსი - ფედერერს ორმაგი ბრეიკ-პოინტიდან მოუწია საკუთარი გეიმის გადარჩენა, რის შემდეგაც ბრეიკი გააკეთა და მატჩი მოგებამდე მიიყვანა.

* * *
თანამედროვე ჩოგბურთის "კლასიკამ" არ გაამართლა იმედები. ფედერერი თითქოს გრძნობდა, რომ განწირული იყო ფინალში. ამიტომაც მატჩის წინ განაცხადა - ნადალი აშკარა ფავორიტია, მე კი უკვე ჩავატარე აქ კარგი ტურნირიო.

ფინალში ნადალმა თავიდანვე დაანახვა ყველას, რომ უკეთ იყო მომზადებული. როჯერმა მხოლოდ პირველი გეიმი ჩაატარა მაღალ დონეზე, რის შემდეგაც ესპანელი ყველა კომპონენტში ჯაბნიდა შვეიცარიელს და შეცდომას თითქმის არ უშვებდა - ორი უნებლიე შეცდომა სეტში. პირველი პარტია მხოლოდ 23 წუთი გაგრძელდა.

როჯერმა კარგად დაიწყო მეორე სეტი და მაშინვე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ესპანელმა მალე დაიბრუნა სათამაშო უპირატესობა. მან წაიყვანა ანგარიში 3:0 და შემდეგ საკუთარი მოწოდებების შენარჩუნებით, მშვიდად მიიყვანა საქმე ტრიუმფამდე.

ნადალმა ტურში დაბრუნების შემდეგ მერვე ტურნირი ითამაშა, რვაჯერ გავიდა ფინალში და მეექვსე ტიტული მოიგო. მან, აგრეთვე, გაიმყარა უპირატესობა "მასტერსებზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით - მას 24 გამარჯვება აქვს, ფედერერს კი - 21.

1/2-ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:2, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ბენუა პერი (საფ) 7:6(5), 6:4.

ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:1, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული