ჩვენებური ასპარეზობის პირველ დღეს "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს - კაროლინ გარსიას უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ უამინდობის გამო ეს შეხვედრა 21 მაისს გაიმართა.
პირველი სეტი ფრანგმა დაძაბულ ბრძოლაში 7:6 მოიგო, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ძალა არ ეყო: მომდევნო ორი ხელი დათმო - 5:7, 4:6 და ტატიშვილი შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც 30 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.
მეორე წრეში იგი მე-5 ნომერს, რუმინელ მონიკა ნიკულესკუს (მსოფლიო რეიტინგით 49-ე) შეხვდება.
ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი მასპინძელი მარიონ ბარტოლი, მაგრამ მან იოლად დათმო სასტარტო ორთაბრძოლა იტალიელ კამილა ჯორჯისთან - 3:6, 2:6.
წყვილებში ტატიშვილი ვესნა დოლანჩთან (სერბეთი) იყო შეამხანაგებული. ქართველი ჩოგბურთელი 21 მაისს მეორედ გავიდა კორტზე და ვესნასთან ერთად კარა ბლექისა (ზიმბაბვე) და მარინა ერაკოვიჩის (ზელანდია) დუეტს დაუპირისპირდა.
თავიდან ჩვენებურისა და სერბის ტანდემი დაწინაურდა - 3:2, თუმცა იმდენი მოახერხეს, რომ საქმე ტაიბრეიკებამდე მიიყვანეს და საბოლოოდ პირველი ხელი 6:7 წააგეს.
მეორე სეტში ტატიშვილმა და მისმა მეწყვილემ ზედიზედ 4 გეიმი დათმეს. მართალია, მერე გარკვეულწილად მდგომარეობა გამოასწორეს, მაგრამ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ - 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.
ბლექი და ერაკოვიჩი მეორე წრეში პოლონელებს - მარტა ლინეტეს და კატარზინა პიტერს შეხვდებიან. ამ წყვილმა 21 მაისს ნიკოლ კლერიკო (იტალია) და ჟუსტინა ჟეგიოლკა (პოლონეთი) იოლად დაჯაბნა - 6:2, 6:0.
* * *
იტალიურ კასერტაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წარმატებით აიღო სტარტი მარგალიტა ჩახნაშვილმა.
პირველ წრეში მან კვალიფიკაციიდან აღზევებული კაროლინა პილოტი (იტალია) დაამარცხა და მე-2 წრეში მესამე ნომრად განთესილ კრისტინა დინუს (რუმინეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა 21 მაისს ბრაზილიელი ედუარდა პიაი დაამარცხა - 6:0, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"