მესამე დღიდან ჩაება ბრძოლაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მართალია, რაფაელ ნადალის მსგავსად სერბს სეტი არ წაუგია, მაგრამ მაინც რთული ბრძოლის გადატანა მოუწია ბელგიელი დავიდ გოფენის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ჩოგბურთელია, რომელიც შარშან, როლან გაროსზე მერვედფინალში გავიდა და იქ ერთი სეტი მოუგო როჯერ ფედერერს.
პირველ სეტში მეტოქეებს ბრეიკის მცირე შანსი ჰქონდათ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა,
მეორე პარტიაში გოფენმა მატჩში ერთადერთი ბრეიკი გააკეთა და 2:4-დან გაათანაბრა ანგარიში. აქაც თითქოს ტაი-ბრეიკი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ბელგიელმა მეცხრე გეიმში 40:0-დან წააგო საკუთარი მოწოდება და ჯოკოვიჩმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
რაც შეეხება მესამე სეტს, აქ ჯოკოვიჩმა 5:5-ზე გააკეთა გადამწყვეტი ბრეიკი, თუმცა გოფენმა მაინც ბოლომდე იბრძოლა და 5:6-ზე ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ნოვაკმა გადაარჩინა გეიმი და მეორე წრის საგზური მოიპოვა. აქ მისი მეტოქე არგენტინელი გვიდო პეია იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა წელს ორი მასტერსი ჩააგდო - მაიამიში წააგო ტომი ჰაასთან და მადრიდში დამარცხდა გრიგორ დიმიტროვთან. ამ ჩოგბურთელებმა იოლად მოიგეს თავიანთი მატჩები. ჰაასი უაილდ-ქარდის მფლობელ გიიომ რუფენს ხვდებოდა. 35 წლის ვეტერანმა დამაჯერებელი თამაში აჩვენა - მან ბადესთან 15-დან 12 ქულა აიღო და მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.
ჰაასის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჯეკ სოკი იქნება, რომელმაც მოულოდნელად საკმაოდ იოლად დაამარცხა გრუნტის კორტზე თამაშის ოსტატი გილერმო გარსია-ლოპესი. 118-ე ჩოგანი სოკი ძალიან კარგად თამაშობდა მიღებაზე და 13 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გამოიყენა, რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.
რაც შეეხება გრიგორ დიმიტროვს, მან თითქმის უბრძოლველად გაიარა პირველი წრე - პირველი სეტი მოუგო კოლუმბიელ ალეხანდრო ფალას, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო თამაში მიატოვა.
სხვათა შორის, თუ ჯოკოვიჩი და დიმიტროვი მეორე რაუნდს გაივლიან, მესამე რაუნდში მათი შეხვედრაა მოსალოდნელი.
* * *
ქალებს შორის 12 შეხვედრა მეორე დღისთვის გადაიდო, ძირითადად - ფავორიტთა თამაშები. ამიტომაც ქალების ბადეში განსაკუთრებულად საინტერესო მატჩები არ ყოფილა.
გარკვეულ ბრძოლას ელოდნენ ავსტრალიელ სამანტა სტოსურსა და იაპონელ კიმიკო დატეს შორის. ამ სეზონში სტოსური არც ისე კარგ ფორმას აჩვენებს და ჯერ არც ერთი ტურნირის ნახევარფინალში არ გასულა, მაგრამ 28 მაისს სამანტა შესანიშნავად თამაშობდა. 42 წლის დატემ პირველი გეიმი მაშინ აიღო, როცა ავსტრალიელი 6:0, 3:0-ით იყო დაწინაურებული. ეს მატჩი წვიმის გამო ორსაათნახევრით შეწყდა, მაგრამ ამ პაუზამ დატეს ვერ უშველა და 0:6, 2:6 დამარცხდა.
ქალებს შორის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი იყო ფრანგ მარიონ ბარტოლისა და ბელორუს ოლგა გოვორცოვას შორის. სტოსურისა არ იყოს, ბოლო პერიოდში ბარტოლიც ვერ ბრწყინავს, რაც 28 მაისის მატჩშიც დადასტურდა. მე-13 ნომრად განთესილ ფრანგს სამი საათი დასჭირდა მეორე წრის საგზურის მოსაპოვებლად.
ბარტოლიმ, პრაქტიკულად, წაგებული მატჩი გადაარჩინა. ბოლო სეტში ბელორუსი 5:3-ს იგებდა, მატჩზე აწვდიდა და 40:15-ზე ორმაგი მატჩბოლი ჰქონდა. და აქ მასპინძელმა სასწაული მოახდინა - მან ეს გეიმი გადაარჩინა, კიდევ სამი მოგებული გეიმი დაუმატა და მესამე სეტი 7:5 მოიგო.
I წრე
კაცები
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ გოფენი (ბელ) 7:6(5), 6:4, 7:5; გვიდო პეია (არგ)-ივან დოდიგი (ხორ) 4:6, 6:4, 6:3, 2:6, 12:10; ლუკას პუიე (საფ)-ალექს კუზნეცოვი (აშშ) 6:1, 7:6(2), 6:2; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 26)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:4, 1:0; დმიტრი ტურსუნოვი (რუს)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22) 7:6(7), 6:4, 7:6(7); ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-ბერნარდ დომიჩი (ავსტრა) 7:5, 7:6(8), 2:1 უარი; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:4, 6:4, 2:1 უარი; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 16)-ირჟი ვესელი (ჩეხ) 7:6(3), 1:6, 7:5, 6:2; ტომი ჰაასი (გერ, 12)-გიიომ რუფენი (საფ) 7:6(4), 6:1, 6:3; ჯეკ სოკი (აშშ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:2, 6:2, 7:5; მიხაილ იუჟნი (რუს, 29)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 4:6, 6:4, 6:2, 6:3; ფედერიკო დელბონისი (არგ)-იულიან რაისტერი (გერ) 6:7(2), 6:1, 6:0, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-მარკ ჟიკელი (საფ) 6:2, 6:3, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 9)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 7:5, 6:3, 6:7(1), 7:5; დენის ისტორმინი (უზბ)-ფლორიან მაიერი (გერ, 28) 4:6, 6:3, 7:5 უარი; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ფლორან სერა (საფ) 6:3, 6:4, 7:5.
ქალები
იაროსლავა შვედოვა (ყაზ, 27)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:0, 3:6, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 13)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 7:6(8), 4:6, 7:5; მარიანა დუკე-მარინო (კოლ)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:2, 6:0; ალიზ კორნე (საფ, 31)-მარია ჟოაო კოლერი (პორ) 7:5, 6:2; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 7:6(7); კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ლორენ დევისი (აშშ) 6:0, 7:5; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-კიმიკო დატე (იაპ) 6:0, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:1, 6:4; მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:3, 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალს გაუჭირდა, გაელ მონფილმა ბერდიხი გამოაგდო