სუპერმატჩი პარიზის კორტებზე

AutoSharing Option
საფრანგეთის ღია პირველობაზე მეორე წრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქმეში კვლავ ჩაერია წვიმა და ორგანიზატორებს მატჩების დიდი ნაწილის მეორე დღისთვის გადატანა მოუხდათ.

მაგრამ დასრულდა ორი შეხვედრა, რის შემდეგაც მესამე რაუნდის ცენტრალური წყვილი მივიღეთ - ნოვაკ ჯოკოვიჩი გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ. მათ სამი კვირის წინ ითამაშეს მადრიდის მასტერსზე და 22 წლის ბულგარელმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. მანამდე კი დიმიტროვმა მონტე კარლოს მასტერსზე სამსეტიან ურთულეს მატჩში კინაღამ რაფაელ ნადალი გამოთიშა ბრძოლას.

26 წლის ჯოკოვიჩის მეტოქე 30 მაისს იყო არგენტინელი გვიდო პეია. განსხვავებით პირველი წრის მატჩისგან,
როცა სერბმა დაახლოებით ორი საათი დახარჯა დავიდ გოფენის დასამარცხებლად, ამჯერად ნოვაკმა 86 წუთში გაანადგურა არგენტინელი - 6:2, 6:0, 6:2. ჯოკოვიჩს 29 "ვინერსი" და 7 ბრეიკი ჰქონდა.

რაც შეეხება დიმიტროვს, მან ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამ სეტში და კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" მესამე რაუნდში. ბულგარელი ფრანგ ლუკას პუიეს ხვდებოდა და მხოლოდ მეორე სეტში გაუჭირდა, როცა ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია. სამაგიეროდ, პირველ და მესამე სეტებში ერთნაირი ანგარიშით მოიგო - 6:1. ამ ყველაფრისთვის ბულგარელს საათი და 48 წუთი დასჭირდა.

სხვათა შორის, თუ ჯოკოვიჩი მესამე წრეში შეძლებს დიმიტროვის დამარცხებას, ეს იქნება მის კარიერაში მე-500 გამარჯვება.

* * *
მიმოხილვაში აღვნიშნეთ იმის შესახებ, რომ ქალთა ბადეში წარმატებით გამოდიან ამერიკელი ჩოგბურთელები - მეორე წრეში ამ ქვეყნის 10 წარმომადგენელი იყო გასული. ამჯერად ერთ-ერთი ამერიკელი ჩოგბურთელის სახელს უკავშირდება ხმაურიანი სენსაცია; კერძოდ, ბეტანი მატეკმა ტურნირს გამოთიშა 2011 წლის ჩემპიონი, ჩინელი ნა ლი.

ამერიკელს წლევანდელი სეზონი არ გამოსდის - მან კვალიფიკაცია ვერ გაიარა "დიდი სლემის" პირველ ტურნირზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე და წელს ჩატარებული 18 მატჩიდან 8 წააგო, რის გამოც WTA-ს რეიტინგში 67-ე ადგილამდე ჩამოიქვეითდა.

მატეკისთვის 30 მაისის მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. მან პირველი სეტი 5:7 წააგო, მეორეში კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, როცა ნა ლის თამაში მთლიანად მოიშალა და 4:3-ის შემდეგ ზედიზედ შვიდი გეიმი წააგო, რითაც მატეკმა მეორე სეტი 6:3 მოიგო და მესამეში 5:0 დაწინაურდა.

ჩინელმა ოდნავ გაიბრძოლა, ორი გეიმი აიღო, მაგრამ მატეკმა მატჩზე ჩააწოდა და ქალთა ბადეში ჯერჯერობით ყველაზე ხმამაღალი სენსაციის ავტორი გახდა.

ოდნავ ანერვიულა თავისი გულშემატკივარი ვიქტორია აზარენკამ, რომელიც 19 წლის გერმანელ ანიკა ბეკს ხვდებოდა. ბელორუსმა 5:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ მეტოქეს ზედიზედ ოთხი გეიმის აღების საშუალება მისცა. გერმანელს ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვიქტორიამ მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა სეტი, მეორე პარტიაში კი აზარენკამ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:4, 6:3.

აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას სერბი ელენა იანკოვიჩი, რომელიც თავიდან 0:3 ჩამორჩა ესპანელ გარბინ მუგურუსასთან, მაგრამ ზედიზედ 12 გეიმი აიღო და მესამე წრეში გავიდა, სადაც ავსტრალიელ სამანტა სტოსურს შეხვდება.

II წრე
კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გვიდო პეია (არგ) 6:2, 6:0, 6:2; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 26)-ლუკას პუიე (საფ) 6:1, 7:6(4), 6:1; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:4, 6:6 უარი; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 16)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) უარი; ფაბიო ფონინი (იტა, 27)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:2, 7:6(3), 2:6, 6:1; ბენუა პერი (საფ, 24)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 7:6(2), 6:2, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 13)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 6:1, 5:7, 6:1, 6:4.

ქალები
ბეტანი მატეკი (აშშ)-ნა ლი (ჩინ, 6) 5:7, 6:3, 6:2; პაულა ორმაეჩეა (არგ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ, 27) 6:4, 7:6(6); ალიზ კორნე (საფ, 31)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:1, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-ანიკა ბეკი (გერ) 6:4, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-შუაი პენგი (ჩინ) 6:4, 6:3; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკ) 7:5, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-გარბინ მუგურუსა (ესპ) 6:3, 6:0; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:4, 6:3; მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16) 6:2, 2:6, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ, 17)-ვანია კინგი (აშშ) 6:1, 6:3; ჟიე ჟენგი (ჩინ)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როლან გაროსზე ყველაზე დამაჯერებელი როჯერ ფედერერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული