თამაშის სტარტი შარაპოვას არ გამოუვიდა. რუსი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქის აქტიურ და აგრესიულ სტილს. შედეგად, პირველი პარტია შარაპოვამ "მშრალი" ანგარიშით წააგო - მეექვსედ ბოლო ხუთ წელიწადში.
მეორე სეტის
გადამწყვეტ სეტში დაძაბული და თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. შარაპოვას მინიმალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ იანკოვიჩი მას გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. 3:3-ზე რუსმა ბოლო ძალები გამონახა თამაშის მომატებისთვის და ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი უმნიშვნელოვანესი გეიმი მოიგო, სადაც იანკოვიჩმა მას სერიოზული ბრძოლა მოახვია თავს. ამის შემდეგ მარიამ მხოლოდ ორი ქულა დათმო და ურთულესი გამარჯვება იზეიმა.
შარაპოვას მეტოქე პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ირკვეოდა, რომელშიც ვიქტორია აზარენკა კიდევ ერთ მარიას - კირილენკოს ეთამაშებოდა. აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთხელ იყვნენ შეხვედრილნი - ლონდონის ოლიმპიადაზე მესამე ადგილისთვის მატჩი ბელორუსმა მოიგო.
პირველმა სეტმა ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში ჩაიარა. რუსს ერთი ნაბიჯი აკლდა სეტის მოგებამდე, მაგრამ 5:4-ზე ჯერ მეტოქის მოწოდება დათმო, შემდეგ საკუთარი გეიმიც წააგო, რითაც აზარენკას სეტზე ჩაწოდების უფლება მისცა, მაგრამ ბრეიკით გადაარჩინა პარტია. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც ბელორუსი გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდა და ამის გამო იოლად მოიგო მე-13 გეიმი.
მეორე სეტში კი ვიქტორიას უპირატესობა უკვე შესამჩნევი იყო. მან არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა რუსს, თავად კი ორი ბრეიკი გააკეთა - 7:6(3), 6:2.
ამ წაგების მიუხედავად, როლან გაროსის შემდეგ კირილენკო კარიერაში პირველად შევა რეიტინგის საუკეთესო ათეულში.
* * *
ქალების მეოთხედფინალების შემდეგ მამაკაცთა ჯერი დადგა. ცენტრალური კორტი რაფაელ ნადალსა და სტანისლას ვავრინკას დაეთმოთ. თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ნახევარფინალის საგზური ნადალს დარჩებოდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა აშკარად აკრიფა ფორმა, რაც წინა წრეში კეი ნიშიკორისთან მატჩში გამოჩნდა.
გარდა ამისა, რაფას ცხრიდან ცხრაჯერ ჰყავდა დამარცხებული ვავრინკა და ამას ემატებოდა ისიც, რომ შვეიცარიელმა ორი დღით ადრე ხუთსეტიანი მარათონი გადაიტანა რიშარ გასკეს წინააღმდეგ.
წინასამატჩო პროგნოზი მთლიანად გამართლდა. ესპანელი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და მინიმალური წუნი ჰქონდა. ვავრინკა ბრძოლას ცდილობდა, მაგრამ შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონია. სეტნახევარმა მთლიანად ნადალის დომინირებით ჩაიარა, რასაც მცირე ჩავარდნა მოჰყვა, როცა მეორე სეტში, 1:3-ზე ვავრინკამ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა.
მაგრამ შვეიცარიელის წარმატება დიდი ხანი არ გაგრძელებულა - იქვე რაფამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო. მესამე პარტიის სტარტზე ესპანელს ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, რის შემდეგაც სწრაფად მიიყვანა თავისი უპირატესობა განადგურებამდე - მეტოქეს მხოლოდ პრესტიჟის გეიმის აღების საშუალება მისცა - 6:2, 6:3, 6:1.
პარალელურად მიმდინარეობდა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ტომი ჰაასის შეხვედრა. გერმანელს სამჯერ ჰყავდა დამარცხებული სერბი, მათ შორის, ამ სეზონში, მაიამის მასტერსზე. წინა წრეში ჰაასმა მიხაილ იუჟნის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა. ამიტომაც ყველა ელოდა 35 წლის ვეტერანისგან მაქსიმალურ ბრძოლისუნარიანობას და გერმანელმა, როგორც შეეძლო, იბრძოლა.
ჯოკოვიჩი თავის მოწოდებაზე, პრაქტიკულად, იდეალურად თამაშობდა - პირველ პარტიაში მხოლოდ ერთი ქულა დათმო საკუთარ გეიმებში, მეორეში - ოთხი. საწყის სეტში მას გამარჯვება ორმა ბრეიკმა მოუტანა, მეორეში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჰაასი ორჯერ იყო დაწინაურებული მინი-ბრეიკით, თუმცა ჯოკოვიჩმა გადამწყვეტ მომენტებში ზუსტად ითამაშა.
მესამე სეტის სტარტზე ჯოკოვიჩმა ბრეიკი გააკეთა და ამით თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ჰაასმა ორჯერ დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი. მეორედ ეს მაშინ გააკეთა, როცა 5:4-ზე ჯოკოვიჩი მატჩზე აწვდიდა. მაგრამ უფრო მეტისთვის ვეტერანს ძალები არ ეყო და 5:5-ზე წააგო ზედიზედ ორი გეიმი და მასთან ერთად მატჩი.
კაცები
1/4-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომი ჰაასი (გერ, 12) 6:3, 7:6, 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 9) 6:2, 6:3, 6:1.
1/2-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ნადალი (3); ფერერი (4)-ცონგა (6).
ქალები
1/4-ფინალი
ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-მარია კირილენკო (რუს, 12) 7:6(3), 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 18) 0:6, 6:4, 6:3.
1/2-ფინალი
ს. უილიამსი (1)-ერანი (5); აზარენკა (3)-შარაპოვა (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დამარცხებული როჯერი და გადარჩენილი სერენა