რაფაელ ნადალი VS ნოვაკ ჯოკოვიჩი: ოთხსაათნახევრიანი სპექტაკლი

AutoSharing Option
როლან გაროსზე კაცების ნახევარფინალების დრო იყო. რა თქმა უნდა, მთავარი მატჩი რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის იყო, რის გამოც ჩრდილში მოექცა დღის მეორე შეხვედრა.

ეს იყო ნადალისა და ჯოკოვიჩის რიგით 35-ე დაპირისპირება. ესპანელი ურთიერთშეხვედრებში ლიდერობდა - 19:15, მაგრამ არავის ავიწყდებოდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სერბმა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო ესპანელს, მათ შორის, ცოტა ხნის წინ, მონაკოს მასტერსის ფინალი.

მეტოქეებმა მორიგი ეპიკური დუელი შემოგვთავაზეს. თამაში 4 საათი და 37 წუთი გაგრძელდა და ახლა, არ მოვყვებით თითოეული სეტის დაწვრილებით
მიმოხილვას, მხოლოდ მატჩის ძირითად მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნადალს გაცილებით იოლად შეეძლო ამ შეხვედრის მოგება. პირველ სეტში ყველაფერი გადაწყვიტა რაფას მიერ მეშვიდე გეიმში გაკეთებულმა ბრეიკმა. მეორე პარტიაში პირველად მეტოქის მოწოდება ნადალმა აიღო, მაგრამ იქვე სერბმა გაათანაბრა ანგარიში და ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში "ცალკარა" თამაში იყო. ამჯერად, ზედიზედ ოთხი გეიმი ნადალმა აიღო, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩი მიხვდა, რომ პარტიის გადარჩენისთვის ზრუნვა უაზრობა იქნებოდა, ამიტომაც მეოთხე სეტისთვის დაიწყო მზადება.

ნადალი ვალდებული იყო მეოთხე სეტში გაეფორმებინა ფინალის საგზური. ის ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით და 6:5-ზე, მატჩზე ჩაწოდებისას 30:15-ს იგებდა. მაგრამ ამას მოჰყვა ნადალის მხრიდან ორი შეცდომა და ნოვაკის "ვინერსი" და სერბმა სეტი ტაი-ბრეიკში გადაიყვანა, სადაც სრულად დომინირებდა და მე-13 გეიმი 7:3 მოიგო.

ამ წარუმატებლობამ ცუდად იმოქმედა ნადალზე და მეხუთე სეტი საკუთარი გეიმის წაგებით დაიწყო. ბრეიკიან უპირატესობას ჯოკოვიჩი მერვე გეიმამდე ინარჩუნებდა, რომელიც მატჩის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. ამ ხანგრძლივ გეიმში ორჯერ იყო ანგარიში თანაბარი, თუმცა ჯოკოვიჩს არც ერთი გეიმბოლი არ ჰქონია და საბოლოოდ, ფორჰენდის გაფუჭების შემდეგ, ნოვაკმა ბრეიკი ჩააბარა მეტოქეს - 4:4.

ამის შემდეგ, კორტზე თანაბარი თამაში მიდიოდა - მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ფანტასტიკური მატჩი, ჯოკოვიჩს საკუთარ მოწოდებაზე მე-16 გეიმი რომ არ ჩაეგდო - ოთხი გათამაშებიდან სამჯერ მან შეცდომა დაუშვა, ამას ნადალის ერთი "ვინერსი" დაემატა და ესპანელმა "მშრალი" ანგარიშით გააკეთა ბრეიკი, რამაც მას ფინალის საგზური მოუტანა.

"ეს ძალიან მიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩემთვის. მინდა აღვნიშნო ნოვაკის გმირობა. ის ნამდვილი ჩემპიონია და დარწმუნებული ვარ, ოდესღაც მოიგებს როლან გაროსს.

რაც შეეხება შეხვედრას, მე მეოთხე სეტში 6:5-ზე მატჩზე ვაწვდიდი, მაგრამ ქარის წინააღმდეგ მიწევდა თამაში და ვიცოდი, რომ რთული გეიმი იქნებოდა. მზად ვიყავი ბოლომდე საბრძოლველად. 2012 წელს, ავსტრალიაში მსგავსი თამაში იყო და მაშინ ნოვაკმა გაიმარჯვა. დღეს მე გამომართლა"
, - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.

* * *
მამაკაცთა ფინალში ესპანური დერბი შედგება. ფრანგული პუბლიკისთვის საწყენად, ჟო-ვილფრიდ ცონგამ ვერაფერი მოუხერხა ბრწყინვალე ფორმაში მყოფ დავიდ ფერერს და სამ სეტში წააგო თავისი ნახევარფინალი - 1:6, 6:7(3), 2:6.

ცონგას მხოლოდ მეორე სეტში ჰქონდა შანსი, როცა 3:0 იყო დაწინაურებული, მაგრამ ეს ლოკალური წარმატება აღმოჩნდა. სამსეტიან მატჩში ფრანგმა ძალიან ბევრი - 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, რითაც ფერერმა 17 (!) ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო, ასეთი სტატისტიკით ძალიან რთულია "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალის მოგება.

ფერერი პირველად გავიდა "დიდი სლემის" ჩემპიონატის ფინალში. მანამდე მას ხუთიდან ხუთი ნახევარფინალი ჰქონდა წაგებული. დავიდს წლევანდელ როლან გაროსზე ჯერ სეტი არ წაუგია, რაც მის კარგ ფორმაზე მეტყველებს, თუმცა ნადალთან ურთიერთშეხვედრათა
სტატისტიკა ფერერისთვის არასახარბიელოა - 19:4 რაფას სასარგებლოდ.

1/2 ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:4, 3:6, 6:1, 6:7(3),9:7; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 6:1, 7:6(3), 6:2.

ჯოკოვიჩი-ნადალი
118 175-დან = 67% პირველი მოწოდების სიზუსტე 102 160-დან = 64%
76 118-დან = 64% პირველი მოწოდების მოგება 73 102-დან = 72%
30 57-დან = 53% მეორე მოწოდების მოგება 35 58-დან = 60%
5 ეისი 6
2 ორმაგი შეცდომა 3
52 ?? 160 = 33% მიღებაზე მოგებული ქულები 69 ?? 175 = 39%
5 9-დან = 56% ბრეიკპოინტების რეალიზაცია 8 16-დან = 50%
158 ყველა მოგებული ქულა 177
32 50-დან = 64% ბადესთან გასვლა 15 26-დან = 58%
54 აქტიურად მოგებული ქულები 61
75 უნებლიე შეცდომები 44
205 მოწოდების მაქსიმალური სიჩქარე 199
184 პირველი მოწოდების საშუალო სიჩქარე 179
143 მეორე მოწოდების საშუალო სიჩქარე 139

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მივიღეთ სუპერმატჩი: ნადალი VS ჯოკოვიჩი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე უყურე და ნამდვილად სპექტაკლი იყო,არ მიყვარს ჩოგბურთის ყურება, მაგრამ ამ ჯახს თვალე ვერ მოვაცილე,თუ არ ვცდები ეს თამაში როლანდ გაროსის ისტორიაში საუკეტესოდ აღიარეს.
ილია
02:03 08-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული