სერენას პირველ წრეში ერგო მენდი მინელა. ლამაზმან ლუქსემბურგელს სერიოზულ მეტოქეს ვერ ვუწოდებთ. სამაგიეროდ, მეორე წრეში უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონს, შესაძლოა, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდეს ჟიე ჟენგისგან, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ბრძოლა გაუმართა მარია შარაპოვას როლან გაროსზე. სხვათა შორის, 2008 წელს, ჩინელმა სენსაციურად მიაღწია
1/8 ფინალში უილიამსი შეიძლება შეხვდეს საბინ ლისიცკის. გერმანელმა შარშანწინ გაიმეორა ჟენგის მიღწევა და ნახევარფინალში გავიდა, შარშან კი შარაპოვას აუღო რევანში სწორედ შარშანწინდელ ნახევარფინალში დამარცხებისთვის, რის შემდეგაც, დაძაბულ ბრძოლაში დათმო მეოთხედფინალი თანამემამულე ანჟელიკ კერბერთან. თავად ლისიცკის ამ უიმბლდონზე წარმატებით გამოსვლაში, შესაძლო, ხელი შეუშალოს რუსმა ელენა ვესნინამ, რომელმაც გასულ კვირას, ძალიან დამაჯერებლად მოიგო ისტბურნის ტურნირი, როცა გზიდან ჩამოიცილა ივანოვიჩი, უოტსონი, ნა ლი, ვიკმაიერი და ჰემპტონი.
* * *
ბადის მეორე მეოთხედის ფავორიტია აგნიეშკა რადვანსკა, რომელსაც შარშანდელი ფინალისთვის ქულების დაცვა მოუწევს. პირველ წრეში ის ასაკოვან ავსტრიელ ივონ მოისბურგერს შეხვდება, ვინც კვალიფიკაციიდან შეაღწია ძირითად ბადეში. მესამე რაუნდში, პოლონელი თეორიულად შეიძლება შეხვდეს მონა ბარტელს. გერმანელმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ცუდად გამოიყურება, თან, ბალახი არასოდეს ყოფილა მისთვის მოსახერხებელი საფარი. აქედან გამომდინარე, მესამე წრეში რადვანსკას მეტოქედ, შესაძლოა, ჰიზერ უოტსონი ვიხილოთ. სიუპრიზებს უნდა ველოდოთ ბულგარელი ცვეტანა პირონკოვასგან, რომელმაც არაერთხელ "გაისროლა" უიმბლდონზე: ორჯერ დაამარცხა ვინუს უილიამსი და 2010 წელს ნახევარფინალში ითამაშა, 2011-ში კი მეოთხედფინალამდე მიაღწია.
რადვანსკას სავარაუდო მეტოქე მეოთხედფინალში უნდა იყოს ნა ლი, რომელმაც, როგორც უკვე გითხარით, ისტბურნში ვესნინასთან წააგო და ბოლო ორი უიმბლდონიც ცუდად ჩაატარა - მეორე წრეში გამოთიშა ბრძოლას. რადვანსკამდე ნა ლის ყველაზე სერიოზული მეტოქე უნდა გახდეს რუმინელი სიმონა ჰალეპი, ვინც ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო (ნიურნბერგში და ჰერტოგენბოშში).
* * *
მივადექით მესამე მეოთხედს, სადაც აშკარა ფავორიტი მარია შარაპოვაა. საწყის წრეებში მის გარშემო ვერც ერთ სერიოზულ მეტოქეს ვერ ვხედავთ. მეოთხე რაუნდში რუს ჩოგბურთელზე შეიძლება გავიდეს 2007 წლის ფინალისტი მარიონ ბარტოლი, თუმცა მისი სათამაშო ფორმა დიდ ეჭვს იწვევს. მოკლედ, თუ მარია თავად არ შეუქმნის პრობლემებს საკუთარ თავს, მეოთხედფინალში უნდა გავიდეს. აქ მისი მეტოქის წინასწარმეტყველება რთულია. იტალიელი სარა ერანისთვის ბალახი რთული საფარია. შარშან, მან მესამე წრეში წააგო იაროსლავა შვედოვასთან, თუმცა წლევანდელი წილისყრა სარასთვის იღბლიანი აღმოჩნდა. წესით, მერვედფინალამდე მას პრობლემა არ უნდა შეექმნას, მეოთხედფინალში გასასვლელად კი, სავარაუდოდ, კაროლინ ვოზნიაცკისთან მოუწევს შეხვედრა. თავად დანიელის პოტენციური მეტოქეები არიან ანდრეა პეტკოვიჩი და ისტბურნის ტურნირის ფინალისტი ჯეიმი ჰემპტონი.
* * *
მეოთხე მეოთხედში ვხედავთ მსოფლიოს მეორე ნომერს ვიქტორია აზარენკასა და 2011 წლის ჩემპიონ პეტრა კვიტოვას. ამ უკანასკნელის სათამაშო ფორმა ნამდვილად არ არის იდეალური. პირველ წრეში კოკო ვანდევეგეს ბარიერის გავლის შემთხვევაში, ჩეხს უსიამოვნო მეტოქე ელის შვედოვას სახით. ასევე, ჩეხს სერიოზული პოტენციური მეტოქე შეიძლება ჰყავდეს - რუსი ეკატერინა მაკაროვა. მერვედფინალში კი სავარაუდო მოწინააღმდეგე უნდა იყოს ანა ივანოვიჩი.
რაც შეეხება ვიქტორია აზარენკას, თავიდან მას სერიოზული პრობლემები არ ელოდება. მისი პირველი განთესილი მეტოქე კი შეიძლება გახდეს ალიზ კორნე, კრისტენ ფლიპკენსი ან ელენა იანკოვიჩი. ეს უკანასკნელი ძალიან კარგი იყო როლან გაროსზე, მაგრამ ბალახზე მისი ფორმის შესახებ არაფერია ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, აზარენკას არ უნდა გაუჭირდეს მეოთხედფინალამდე მიღწევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონზე გამოვლენ