ტატიშვილმა და კალაშნიკოვამ ბაქოს ტურნირის წყვილებში იყოჩაღეს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი "ბაქოს თასზე" (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი).

უკვე გაუწყეთ, რომ ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა ერთეულთა ტურნირის სასტარტო პაექრობებში დამარცხდნენ, სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღეს.

კალაშნიკოვასა და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის დუეტი ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი.

პირველ წრეში მათ ალექსანდრა კარტანდუს (რუმინეთი) და ინეს სუარეს ფერერს (ესპანეთი) იოლად მოუგეს - 6:1, 6:2 და 70 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

მეოთხედფინალში ისინი თამარ ჭალაგანიძისა და ნაზრინ ჯაფაროვას (აზერბაიჯანი) მძლეველ ილონა კრემენსა (ბელორუსი) და მარინა მელნიკოვას (რუსეთი) დაუპირისპირდებიან.

ბაქოში ტატიშვილმა და
ვესნა დილონჩმაც (სერბეთი) 70 ქულა დაიმსახურეს, რადგან მათმა დუეტმა სულ რაღაც 51 წუთში აჯობა კამილა ფარჰადისა (აზერბაიჯანი) და საბინა შარიპოვას (უზბეკეთი) ტანდემს - 6:1, 6:1.

მომდევნო ეტაპზე ისინი მე-4 ნომრად განთესილ კაროლინა და კრისტინა პლიშკოვებსა (ჩეხეთი) და ვერონიკა კაპშაი (უკრაინა)-ნიგინა აბდურაიმოვას (უზბეკეთი) შორის უძლიერესს შეხვდებიან.

გერმანული ჰორბის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ცდის ძალებს სოფიო ქვაცაბაია, რომელიც მე-6 ნომერია.

სტარტზე მან კაროლინ უებელჰოერს (გერმანია) სძლია 6:3, 6:3 და მეორე წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე ნათელა ძალამიძესთან (მან "უაილდ ქარდით" მიწვეულ გერმანელს - კაროლინ საუტერს აჯობა - 6:1, 6:0) გაარკვევს ურთიერთობას.

* * *

ასტანის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) გამოდიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილი.

პირველ წრეში მიღწეული წარმატების შემდეგ მეორეში ჩვენებურმა რუს კონსტანტინ კრავჩუკთან წააგო - 0:6, 4:6.

თურქეთის 10.000-იანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრებას გამოეთიშნენ ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ცივაძე - მეოთხედფინალში ალექს ლომპარტისა (პუერტო რიკო) და ფინ ტეარნეის (ახალი ზელანდია) დუეტთან დამარცხდნენ - 3:6, 5:7.

ერთეულთა თანრიგს შემორჩა ალექსანდრე მეტრეველი, რომელსაც ლომპარტთან წყვილებში წაგებისთვის რევანშის შანსი ეძლევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული