ოქსანა კალაშნიკოვა ტორონტოს ტურნირს 225 ქულით დაემშვიდობა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჩოგბურთელ ქალთა ტორონტოს (კანადა) საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი) პოლონელ ალისია როსოლსკასთან შეწყვილებულმა სტარტზე ეუჟენ ბუშარსა (კანადა) და კირსტენ ფლიპკენსს (ბელგია) სძლია - 4:6, 6:3, 10:7, მეორე წრეში მე-5 ნომრად განთესილ სანია მირზა (ინდოეთი) და ჟიე ჟენი (ჩინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:1, 10:6.

8 აგვისტოს დილით "როჯერს ქაფზე" კალაშნიკოვა-როსოლსკას დუეტის მეტოქე გაირკვა: მეორე ნომრად განთესილმა ეკატერინა მაკაროვას და ელენა ვესნინას (ორივე - რუსეთი) ტანდემმა ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 დაამარცხა ალა კუდრიავცევა
(რუსეთი)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია) და მეოთხედფინალში ჩვენებურსა და მის მეწყვილეს დაუპირისპირდა.

პირველ ხელში ფავორიტები 3:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ოქსანამ და ალისიამ წონასწორობის აღდგენა შეძლეს - 4-4.

ამის შემდეგ უპირატესობას ისევ რუსები დაეუფლნენ და ზედიზედ ორი გეიმი მოიგეს - 6:4, მეორე სეტში კი ჩვენებურს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურეს - 6:2.

ოქსანა ტორონტოს წყვილთა რეიტინგისთვის 225 ქულით დაემშვიდობა. ეს მონაგარი ჩვენებურს კლასიფიკაციაში აუცილებლად წასწევს წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული