აშშ-ის ღია პირველობა: სერენა უილიამსი შტორმივით იყო

AutoSharing Option
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებმა პირველი დღის პროგრამა სრულად გაიარეს. შესაბამისად, აქ მოსაყოლი უფრო ბევრია.

კორტზე გასვლა მოუწია მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ამერიკელ სერენა უილიამსს.

მას მეტოქედ გამოცდილი იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე ჰყავდა. აპენინელის კლასი ნეიტრალურ გულშემატკივარს იმის იმედს უტოვებდა, რომ რაღაც ბრძოლის მაგვარს იხილავდა კორტზე, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა.

სერენამ ზედიზედ ათი გეიმის აღებით 6:0, 4:0 დაწინაურება მოახერხა და მხოლოდ ამის შემდეგ მოიგო მატჩში პირველი გეიმი სკიავონემ. ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა, რადგან უილიამსმა ტემპი არ დააგდო და 60 წუთში მოამთავრა საქმე
- 6:0, 6:1.

მოულოდნელად ძალიან იოლად მოიგო პირველი წრის მატჩი სერენას უფროსმა დამ - ვინუს უილიამსმა. არადა, მას მეტოქედ უიმბლდონის ნახევარფინალისტი, ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი ჰყავდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, ტორონტოს ტურნირზე მოუგო "დიდი სლემის" შვიდგზის ჩემპიონს. ის მატჩი უცნაურად წარიმართა - პირველი სეტი ვინუსმა 6:0 მოიგო, მაგრამ შემდეგ დათმო ორი პარტია - 4:6, 2:6.

როცა 27 აგვისტოს შეხვედრაში ვინუსმა ისევ დამაჯერებლად წაიყვანა ანგარიში - 6:1, 2:0 და ფლიპკენსმა მეორე სეტში თანაფარდობა აღადგინა, ბევრს სწორედ ტორონტოს შეხვედრა გაახსენდა. 2:2-ზე მეხუთე გეიმი გადამწყვეტი აღმოჩნდა: ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში "თანაბარი", მაგრამ უფროსმა უილიამსმა ბოლოს მაინც გატეხა ბელგიელის წინააღმდეგობა და შემდეგ ზედიზედ სამი გეიმის აღებით 6:1, 6:2 მოიგო.

ვინუსის შემდეგი მეტოქე ჩინელი ჟიე ჟენგი იქნება, რომელსაც ამერიკელი ერთადერთხელ, ცხრა წლის წინ შეხვდა და ორ სეტში დაამარცხა.

მოიგეს სხვა ფავორიტებმაც. ტურნირის მესამე ნომერმა აგნიეშკა რადვანსკამ მხოლოდ 63 წუთი მოანდომა ესპანელი სილვია სოლერ-ესპინოსას განადგურებას - 6:1, 6:2. პირინეელმა მხოლოდ მეორე სეტის სტარტზე იაქტიურა, როცა 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო.

რადვანსკაზე ერთით მეტი გეიმი დაუთმო ბელორუს ოლგა გოვორცოვას ჩინელმა ნა ლიმ - 6:2, 6:2. აზიელმა 28 "ვინერსი" და ძალიან ცოტა - 13 უნებლიე შეცდომა დააფიქსირა და პირველ წრეში კარგი სათამაშო ფორმა აჩვენა.

თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ნა ლის აშშ-ის ღია პირველობაზე ყოველთვის უჭირდა - აქამდე მან რვაჯერ ითამაშა "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე და მხოლოდ ერთხელ მიაღწია მერვედფინალამდე.

კინაღამ გამოეთიშა ბრძოლას ამერიკელი სლოუნ სტივენსი. მან ლუქსემბურგელ მენდი მინელასთან მატჩში, 71-წუთიან მარათონულ პირველ სეტში, 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 4:6 წააგო. მეორე სეტში მასპინძელს ჰქონდა უპირატესობა და პარტიებში ანგარიში გათანაბრდა. და მაინც, უფრო ახლოს გამარჯვებასთან მინელა იყო, რომელიც მესამე სეტში 4:2 დაწინაურდა, თუმცა ამერიკელმა საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, იქ 1:3 ჩამორჩა და ისევ შეძლო რთული მომენტის გადალახვა და ურთულესი მატჩის მოგება - 4:6, 6:3, 7:6(5).

სტივენსს წელს უცნაური სტატისტიკა აქვს: "დიდი სლემის" ტურნირებზე 13 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა, მაგრამ რანგით უფრო დაბალ ტურნირებზე 32-დან 15 მატჩის წაგება მოასწრო.

I წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:0, 6:1; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 6:3; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-ოლგა პუჩკოვა (რუს) 6:1, 6:0; პატრისია მეირ-ახლაიტნერი (ავსტრია)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 29) 7:6(2), 6:3; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ, 23)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:4, 6:2; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:1, 1:6, 6:1; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 6:1, 6:3; სლოუნ სტივენსი (აშშ, 15)-მენდი მინელა (ლუქ) 4:6, 6:3, 7:6(5); ვინუს უილიამსი (აშშ)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 12) 6:1, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:1, 6:3; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ალექსანდრა კრუნიჩი (სერ) 6:4, 7:6(5); კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 18)-ლორენ დევისი (აშშ) 6:0, 6:0; კაია კანეპი (ესტ, 25)-ვანია კინგი (აშშ) 4:6, 7:6(4), 6:1; ანა შმიედლოვა (სლოვაკ)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 6:1, 5:7, 7:6(4); ეჟენი ბუშარი (კან)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4:6, 6:4, 7:5; ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:1, 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-სილვია სოლერ ესპინოსა (ესპ) 6:1, 6:2; მარია-ტერეზა ტორო ფლორი (ესპ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:0, 6:4; ეშლი ბარტი (ავსტრა)-ესტრელა კაბესა კანდელა (ესპ) 6:1, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 32)-ვირჟინ რაზანო (საფ) 7:5, 6:0; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 24)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:2, 6:4; ბეტანი მატეკი (აშშ)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:3, 6:1; პაულა ორმაეჩეა (არგ)-კიმიკო დატე (იაპ) 6:3, 7:6(7); საბინე ლისიცკი (გერ, 16)-ვერა დუშევინა (რუს) 6:2, 7:6(3); ელენა იანკოვიჩი (სერ, 9)-მედისონ კისი (აშშ) 6:3, 6:4; ალისა კლეიბანოვა (რუს)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:4, 3:6, 7:5; კურუმი ნარა (იაპ)-ალექსანდრა კადანტუ (რუმ) 6:2, 6:2; სორანა კირსტეა (რუმ, 19)-შერონ ფიშმანი (კან) 7:5, 5:7, 6:1; ლორა რობსონი (ბრიტ, 30)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 7:5, 6:0; კაროლინ გარსია (საფ)-შელბი როჯერსი (აშშ) 6:3, 6:2; სოფია არვიდსონი (შვედ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 1:6, 6:4, 6:1; ნა ლი (ჩინ, 5)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული