ანა ტატიშვილმა მაკონის ტურნირის პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
ამერიკულ მაკონში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც თბილისელი ანა ტატიშვილი მე-4 ნომრადაა განთესილი. ასპარეზობის სტარტზე იგი მასპინძელ ბრუკ აუსტინს შეხვდა და, ფაქტობრივად, ძალების დაუძაბავად ორ სეტში სძლია მას - 6:1, 6:4.

მეორე წრეში ჩვენებური კანადელ კაროლ ჟაოს დაუპირისპირდება, რომელმაც ჯენიფერ ელიე (აშშ) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 7:5.

* * *

ესპანურ სანტ გუგატში მერვედფინალს ვერ გასცდა მარგალიტა ჩახნაშვილი - ერთეულთა თანრიგში მან მე-2 წრის პაექრობა მასპინძელ არანტა რუსთან დათმო - 3:6, 4:6.

* * *

ანტალიის 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მერვე ნომერია, ანელი პოკრასი (ესტონეთი) მშრალი ანგარიშით - 6:0, 6:0 დაამარცხა და მეორეში ეკატერინა წიკლაურის (რუსეთი) მძლეველ (7:5, 6:1) გერმანელს - ანა კლასენს გაუწევს მეტოქეობას.

9 ოქტომბერსვე სოფიო ქვაცაბაია ირინა შიმანოვიჩს (ბელორუსი) დანებდა - 0:6, 4:6; ქვაცაბაია წყვილებშიც გამოეთიშა შეჯიბრებას - მასპინძელ ესენ კოკჩესთან ერთად მარტინა კუბიჩიკოვასა (ჩეხეთი) და ბარბარა სობასკიევიჩის (პოლონეთი) დუეტთან დამარცხდა - 4:6, 1:6.

* * *

ერევანში ჩოგბურთელ ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგს ქართველთაგან აღარავინ შერჩა - გიორგი ცივაძე მე-5 ნომრად განთესილ ბენჟამინ ბალერეტთან (ჩერნოგორია) დამარცხდა - 0:6, 4:6.

სამაგიეროდ, წყვილებში ცივაძემ მიხეილ ხმიადაშვილთან ერთად იოლად დაამარცხა დემურ დავითაძისა და მაქსიმ დმიტრიევის (რუსეთი) დუეტი - 6:0, 6:1; გიორგი ჯავახიშვილმა, ტიმურ სალბიევთან (რუსეთი) შეამხანაგებულმა, მე-2 ნომრებს - რომაინ არნეოდოს (საფრანგეთი) და ბენჟამინ ბალერეტის (ჩერნოგორია) ტანდემს სძლია - 6:0, 6:4.

ჯავახიშვილი და ცივაძე ნახევარფინალში რეიტინგფავორიტებთან - ვან დერ დუიმსა და როი ვესტერჰოფთან (ორივე - ჰოლანდია) გაარკვევენ ურთიერთობას.

ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებმა 9 ოქტომბერს იური კრივოისა (უკრაინა) და ლუკას მუგევიჩიუსს (ლიტვა) აჯობეს - 6:4, 6:4. ჯავახიშვილი და სალბიევი კონსტანტინ გერლახი-იგორ ბუზოვისა (ორივე - რუსეთი) და მიხაილ ლინზერი (ავსტრია) - მარკ მეიგელის (გერმანია) დუეტებს შორის უძლიერესს შეხვდებიან.

* * *

ყაზახეთის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ცდის ძალებს ალექსანდრე მეტრეველი.

ერთეულთა თანრიგის სტარტზე მან მე-4 ნომრად განთესილი იარასლაუ შილა (ბელორუსი) დაამარცხა სამ სეტში - 1:6, 6:4, 7:5, მეორეში კი კილსეი სტივენსონს (კანადა) აჯობა - 6:2, 7:5. მეოთხედფინალში ბელორუს ილია ივაშკას დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა 9 ოქტომბერს დაძაბულ პაექრობაში მე-6 ნომერ მიხაილ ვაკსს (რუსეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 4:6, 7:6, 6:4. ჩვენებური წყვილებში სწორედ ილია ივაშკასთან იყო შეამხანაგებული.

პირველ წრეში მათ ყაზახები - კუატბეკ აბიევი და საქადატ აიარი ჩამოიშორეს გზიდან - 6:1, 6:1, მეოთხედფინალში კი მესამე ნომრებს - ვლაძიმირ კრუკსა (ბელორუსი) და იან საბანინს (რუსეთი) დანებდნენ - 4:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული