ანა ტატიშვილი WTA-ს რეიტინგში კვლავ ასეულის მიღმაა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ მაკონში (აშშ) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ფინალში ანა ტატიშვილმა დაძაბული პაექრობა მოუგო ასპარეზობის რეიტინგფავორიტ აილა ტომლიანოვიჩს (ხორვატია) და 2009 წლის ალბუკერკის (აშშ) 75.000-იანი ტურნირის ოცდამეთორმეტედფინალში მარცხისთვის რევანში აიღო.

ანამ ამ მოგებისთვის 50 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში იგი 348 ქულით 117-ეა. დანარჩენ ჩვენებურთა მდგომარეობა ასეთია: 231 (232). სოფიო შაფათავა (245), 274 (275). ოქსანა კალაშნიკოვა (182), 517) 516). მაკა ჩახნაშვილი (63), 594 (594). ეკატერინე გორგოძე (45). 717 (714). სოფიო ქვაცაბაია
(25).

ტატიშვილი ამერიკაში რჩება და როკ ჰილის 25.000-იან ტურნირში იასპარეზებს. ანტალიაში (თურქეთი) ქალთა საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში არიან ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. პირველ წრეში ქვაცაბაია ტურნირის რეიტინგფავორიტ ანა ბოგდანს (რუმინეთი) დაუპირისპირდება, ხოლო მეშვიდე ნომრად განთესილი გორგოძე პოლონელ ბარბარა სობასკიევიჩთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში სოფიო მასპინძელ ესენ კოკჩესთან იყო შეამხანაგებული, მაგრამ 14 ოქტომბერს სასტარტო შეხვედრა მესამე ნომერ პია კონიჩისა (ავსტრია) და ბარბარა სობასკიევიჩის (პოლონეთი) დუეტთან დათმო - 4:6, 3:6. გორგოძე ანასტასია ვდოვენკოსთან (მოლდოვა) ერთად სტეფანი აბდისა (ჰოლანდია) და ეკატერინა წიკლაურის (რუსეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

ქართველთაგან წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვა მეწინავეობს. მსოფლიო კლასიფიკაციაში იგი 51-ე ადგილზეა. ამჟამად მოსკოვში იმყოფება და "კრემლის თასზე" (საპრიზო ფონდი 795.707 დოლარი) ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა) ერთად იასპარეზებს.

ისინი მე-4 ნომრად არიან განთესილნი და სასტარტო შეხვედრაში ლეიზელ ჰუბერსა (აშშ) და ალისია როსოლსკას (პოლონეთი) შეხვდებიან. კალაშნიკოვას წყვილებში 709 ქულით ჩამორჩება ანა ტატიშვილი, რომელიც 84-ეა და წინა კვირასთან შედარებით, ოთხი საფეხურით ჩამოქვეითდა. შემდეგ მოდიან: 221 (221) სოფიო შაფათავა (296), 448 (447). ეკატერინე გორგოძე (106), 509 (507). სოფიო ქვაცაბაია (85), 659 (660). მარგალიტა ჩახნაშვილი (48).

* * *

ყაზახურ ჩიმკენტში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

ალექსანდრე მეტრეველმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში მასპინძელ ალექსეი ნესტეროვს სძლია 6:2, 3:6, 6:2 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, იქ კი ანდრეი პლოტნისთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული