სოფიო შაფათავამ და ანა ტატიშვილმა საერთაშორისო ტურნირებზე იყოჩაღეს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები 16 ოქტომბერს უცხოეთის ხუთ საერთაშორისო ტურნირში ცდიდნენ ძალებს.

როკ ჰილის (აშშ) ქალთა ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) პირველ წრეში ასპარეზობის მე-5 ნომერმა ანა ტატიშვილმა იოლად აჯობა ალექსანდრა მიულერს (აშშ) - 6:1, 6:1 და მეორეში ადრიანა პერესთან (ვენესუელა) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა 16 ოქტომბერს ბულგარელ ელიტსა კოსტოვას მოუგო - 6:0, 6:4.

* * *

იაპონიის ქალაქ მაკინოჰარას 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაება სოფიო შაფათავა, რომელიც მესამე ნომერია.

სტარტზე მან მასპინძელი ემი მუტაგუჩი დაამარცხა - 6:3, 6:1 და მეორე წრეში გავიდა, სადაც
იაპონელი კაორი ონიშის მძლეველ (1:6, 6:1, 6:3) ნაო ნეჰიროს (იაპონია) შეხვდება.

წყვილებში თბილისელი სპორტსმენი შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან არის შეამხანაგებული და პირველ წრეში მასპინძლებს - იუკა მორისა და კაორი ონიშის დააყრევინა ფარ-ხმალი - 2:6, 6:0, 10:6. მეოთხედფინალში რეიტინგფავორიტებს - მიკი მიიამურასა და აკიკო ომაეს გაუწევს მეტოქეობას.

* * *

ეკატერინე გორგოძე ანტალიაში (თურქეთი, 10.000 დოლარი) ასპარეზობს. როგორც გაუწყეთ, მან ერთეულებში პირველი ბარიერი დაძლია.

მსგავს წარმატებას წყვილებშიც მიაღწია, მაგრამ 16 ოქტომბერს, მეოთხედფინალში მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოსთან ერთად მე-2 ნომრად განთესილი სვიატლანა პირაჟენკას (ბელორუსი) და იულია ვაჩაჟუკის (გერმანია) დუეტთან დამარცხდა - 4:6, 0:6.

* * *

მოსკოვში, კრემლის თასზე (საპრიზო ფონდი 795.707 დოლარი) პაექრობაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა ტრადიციულ მეწყვილე ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა) ერთად ჩაება. სტარტზე მე-4 ნომრად განთესილ ლიზი ჰუბერისა (აშშ) და ალისია როსოლსკას (პოლონეთი) დუეტს ორ სეტში დანებდა - 2:6, 6:7.

* * *

ალექსანდრე მეტრეველმა ასპარეზობა დაასრულა ჩიმკენტში (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან ტურნირში. ჩვენებური 16 ოქტომბერს მე-2 წრეში უზბეკ ტიმურ ისმაილოვთან ვერაფერს გახდა - 2:6, 6:4, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული