ანა ტატიშვილი როკ ჰილის ტურნირზე მეორე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
20 ოქტომბერს ამერიკულ როკ ჰილში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც კარგად იასპარეზა თბილისელმა ანა ტატიშვილმა: ალექსანდრა მიულერის (აშშ, 6:1, 6:1), ადრიანა პერესის (ვენესუელა, 6:4, 6:2) და მედისონ ბრენჯლის (აშშ, 6:2, 1:6, 6:0) ძლევის შემდეგ ჩვენებური ნახევარფინალში ასია მუჰამადს (აშშ) დაუპირისპირდა.

ეს ჩოგბურთელი კვალიფიკაციიდან აღზევდა ძირითად ბადეში. მეოთხედფინალში რეიტინგით 208-ე თანამემამულე ნიკოლ გიბსი ჩამოიშორა გზიდან (თავად მსოფლიო კლასიფიკაციაში 366-ეა). ტატიშვილს (რეიტინგით ორშაბათამდე 177-ე იყო) ოკეანისგაღმელი ერთხელ უკვე ჰყავდა დამარცხებული - 2011 წელს ლას ვეგასის (აშშ) 50.000-იანი
საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში - 2:6, 6:3, 6:2.

ჩვენებურმა ამჯერად უფრო იოლად აჯობა მეტოქეს - 6:2, 6:3 და ფინალში გავიდა, სადაც მას 101-ე ადგილზე მყოფი და ტურნირის რეიტინგფავორიტი, კოლუმბიელი მარიანა მარინო-დუკე დაუპირისპირდა.

ოთხი წლის წინათ ანამ კოლუმბიელს პრაღის (ჩეხეთი) ტურნირზე მოუგო 6:4, 6:3. ტატიშვილმა, სამწუხაროდ, 20 ოქტომბერს სწორედ ასეთივე ანგარიშებით დათმო ორივე სეტი და მე-2 ადგილს დასჯერდა.

ქართველი ჩოგბურთელი საასპარეზოდ ამერიკაშივე რჩება და ფლორენციის 25.000-იან ტურნირში იასპარეზებს, რომელშიც, სავარაუდოდ, მე-4 ნომრად იქნება განთესილი.

იაპონიაში, ჰამამასტუს 25.000 საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს თბილისელი სოფიო შაფათავა, რომელსაც მოასპარეზეთა შორის მესამე რეიტინგი აქვს.

ანტალიის (თურქეთი) 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია, რომელთა მეტოქეების ვინაობა 21 ოქტომბერს გაირკვევა.

* * *

ყაზახეთის ქალაქ ჩიკენტში ასპარეზობა დაიწყეს ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებმა, რომელთა შორისაა თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი.

პირველ წრეში მან მასპინძელ სერიჟან იესენბეკოვს მოუგო - 7:5, 6:2 და ძირითად ბადეში გასასვლელად ესპანელ ხოსე ვიდალ ასორინს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული