ანა ტატიშვილმა ფლორენსის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ამერიკული ფლორენსი ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მასპინძლობს.

თბილისელმა ანა ტატიშვილმა ასპარეზობის სტარტზე 23 ოქტომბერს "უაილდ ქარდით" მიწვეული ჩალენა შოლი (აშშ) გაანადგურა - 6:0, 6:1. მეორე წრეში ჩვენებური ამერიკელი ქეითლინ მკარდის მძლეველ (6:3, 6:2) ჯოსი კულმანს (აშშ) დაუპირისპირდება.

წარმატებით ითამაშა იაპონურ ჰუმამაცუში 25.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობაში სოფიო შაფათავამ - შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან ერთად იაპონელებს - მიიაბი ინოეუს და ჩიაკი ოკადაეს (ორივე - იაპონია) მოუგო - 3:6, 6:2, 10:5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კუმიკო იჯიმას და აკიკო იონემურას
(ორივე - იაპონია) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

ანტალიის (თურქეთი) 10.000-იან ტურნირს შემორჩა ეკატერინე გორგოძე, რომელმაც როგორც ერთეულებში, ისე წყვილებში პირველი ბარიერი დაძლია. რაც შეეხება სოფიო ქვაცაბაიას, 23 ოქტომბერს იგი კიმბერლი ციმერმანთან დამარცხდა - 1:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან მანამდე წყვილებშიც, ესენ კოკჩესთან (თურქეთი) ერთად დათმო პირველი წრის შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული