სოფიო შაფათავა ჰამამაცუს ტურნირში ყოჩაღობს

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა ჰამამაცუს (იაპონია) 25.000-იან ტურნირზე მესამე ნომრადაა განთესილი.

იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა პაექრობებში. 24 ოქტომბერს მან მე-2 წრეში წარმატებით იასპარეზა.

დაძაბული სამსეტიანი პაექრობის შემდეგ მიიუ კატო (იაპონია) დაამარცხა - 6:2, 6:7, 6:2 და მეოთხედფინალში ამომავალი მზის ქვეყნის კიდევ ერთ წარმომადგენელს - შუკო აოიამას შეხვდება. ეს უკანასკნელი ტურნირის მე-7 ნომერია და მე-2 წრეში თანამემამულე მაკოტო ნინომია ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:4.

მეოთხედფინალში, ასევე, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ზარინა დიასი (ყაზახეთი)-მიიაბი ინოუე (იაპონია), აკიკო იონემურა (იაპონია)-ბელინდა
ბენჩიჩი (შვეიცარია), რიკა ფუჟვარა (იაპონია)-ერი ჰოზუმი (იაპონია).

წყვილთა პაექრობებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. კვალიფიკაციიდან აღზევებულმა კუმიკო იუიმას და აკიკო იონემურას (ორივე - იაპონია) დუეტმა პირველ წრეში რეიტინგფავორიტად შერაცხილი მიკი მიიამურას და აკიკო ომაუეს (ორივე - იაპონია) ტანდემი ჩამოაშორა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას, 24 ოქტომბერს კი სოფიო შაფათავასა და ბელინდა ბენჩიჩთან (შვეიცარია) ვერაფერს გახდა და დამარცხდა - 6:7, 3:6.

ჩვენებური მეწყვილესთან ერთად ნახევარფინალში მესამე ნომრად განთესილ ერიჰოზუმისა და მაკოტო ნინომიას (ორივე - იაპონია) გაუწევს მეტოქეობას. მეორე ნახევარფინალურ წყვილში იაპონელები - კანაე ჰისამი, მარი ტანაკა და შუკო აოიამა, ჟუნრი ნამიგატა ითამაშებენ.

* * *

ამერიკულ ფლორენსში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მოასპარეზე ანა ტატიშვილმა იოლად გადალახა პირველი ბარიერი - ჩალენა შოლი (აშშ) დაამარცხა - 6:0, 6:1.

24 ოქტომბერს, არც მეორე წრის დაძლევისას დასდგომია დიდი ჯაფა - ამერიკელ ჯოსი კულმანს ორ სეტში აჯობა ისე, რომ მხოლოდ ორი გეიმი დათმო - 6:1, 6:1. მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი ჩვენებურის მეტოქე ამერიკელი ჟაკლინ კაკოს მძლეველი (6:2, 6:1) კოლუმბიელი კატალინა კასტანო იქნება, რომელიც ასპარეზობის მეექვსე ნომერია.

* * *

ანტალიის 10.000-იან ტურნირში წარმატებით ასპარეზობს მე-7 ნომერი ეკატერინე გორგოძე. 24 ოქტომბერს ერთეულთა თანრიგის მე-2 წრეში მან რუსი იანა მოგილნიცკაია ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2. 25 ოქტომბერს მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ მარი ბენოიტს (ბელგია) შეხვდება. ბენოიტმა ჰოლანდიელ დევონ კუუსტერმანს აჯობა - 6:0, 6:1.

გორგოძემ 24 ოქტომბერს წყვილებში ვერ იყოჩაღა: ეკატერინა წიკლაურთან შეამხანაგებულმა რეიტინგფავორიტებთან - მარი ბენოიტსა და კიმბერლი ციმერმანთან (ორივე - ბელგია) წააგო - 3:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული