ანა ტატიშვილი ფლორენსის ტურნირის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ამერიკულ ფლორენსში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ცდიდა ძალებს ანა ტატიშვილი, რომელმაც შაბათს ასია მუჰამადთან (აშშ) გაარკვია ურთიერთობა.

მეტოქეებს აქამდე ორჯერ ჰქონდათ ერთმანეთთან ნათამაშები. ორჯერვე ქართველმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა - 2011 წელს ლას ვეგასის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ოცდამეთორმეტედფინალში - 2:6, 6:3, 6:2 და 2013 წელს როკ ჰილის 25.000-იანი ასპარეზობის ნახევარფინალში - 6:2, 6:3, ანამ ამჯერადაც ორ სეტში აჯობა მეტოქეს - 6:3, 6:2.

27 ოქტომბერს ფინალური ორთაბრძოლა გაიმართა. ტატიშვილს (იგი ამ ტურნირზე მეოთხე ნომერი იყო) მესამე ნომრად განთესილი
მედისონ ბრენგლი მეტოქეობდა, რომელმაც ნახევარფინალში იოლად დაჯაბნა ვენესუელელი ადრიანა პერესი - 6:1, 6:0. ტატიშვილისა და ბრენგლის შეხვედრათა საერთო ანგარიში, 27 ოქტომბრის გადამწყვეტ პაექრობამდე იყო 3:1 ქართველის სასარგებლოდ. 2008 წელს ანამ სან დიეგოს ტურნირზე 1:6, 6:2, 2:6 წააგო.

მომდევნო სამში (პროენიქსში - 0:6, 6:1, 1:6, კანზას სიტისა - 3:6, 6:2, 6:4 და როკ ჰილში - 6:2, 1:6, 6:0) ჩვენებურმა მიაღწია წარმატებას.

27 ოქტომბერს სამი სეტი გათამაშდა. პირველ ხელში ანამ ძალების დაუძაბავად აჯობა მეტოქეს - 6:2; მეორეშიც არ უნდა გასჭირვებოდა მოგება, მაგრამ ამერიკელმა შეძლო ძალების მობილიზება და წონასწორობის აღდგენა - 6:4. მესამე სეტში ანამ გაიმარჯვა - 6:4 და მთავარ პრიზთან ერთად, 50 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

ანა ტატიშვილი ამერიკაშივე რჩება და ნიუ ბრაუნფელსში 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს, სადაც, სავარაუდოდ, მე-6 ნომრად იქნება განთესილი.

* * *

ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც მე-7 ნომრად იყო განთესილი ეკატერინე გორგოძე. ჩვენებურმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია, მათ შორის - ნახევარფინალში შეჯიბრების რეიტინგაფავორიტ მარტინა კუბიჩიკოვას (ჩეხეთი) - 6:1, 6:4. 27 ოქტომბერს კი გადამწყვეტი ორთაბრძოლა რუს ანასტასია რუდაკოვასთან 1:6, 0:6 წააგო და მეორე ადგილთან ერთად, 8 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

* * *

ნანტის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაება მაკა ჩახნაშვილი. მან უკვე სძლია ორ მეტოქეს - ფენი კარამარო (საფრანგეთი, 6:2, 6:3) და ალონა ფომინა (უკრაინა, 6:4, 6:3) ჩამოიშორა გზიდან და ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

სტამბულის (თურქეთი) 25.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ჩაებმება სოფიო შაფათავა, რომელიც პირველ წრეში კორინა დენტონისთან (იტალია) გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული