სოფიო შაფათავა სტამბულს უტევს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ქალები ამ კვირას მრავალ საერთაშორისო ტურნირში ცდიან ძალებს. ზოგმა უკვე გამართა პირველი შეხვედრები, ზოგიც თავის რიგს ელოდება.

თურქეთში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი ტურნირის მასპინძელია სტამბული. ძირითად ბადეში ითამაშა სოფიო შაფათავამ, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში კორინა დენტონის (იტალია) - 7:6, 6:4 აჯობა და მე-2 წრეში კრისტინა დინუს (რუმინეთი) მძლეველ (6:2, 6:3) ელიზავეტა კულიჩკოვასთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

29 ოქტომბერს წყვილებშიც წარმატებით ითამაშა შაფათავამ, რომელიც ანასტასია ვასილიევასთან (რუსეთი) არის შეამხანაგებული.

ქართულ-რუსულმა დუეტმა ჟუსტინ ოზგა (გერმანია) და მარინა შამაიკო (რუსეთი) დაჯაბნა - 6:3, 6:2.

სოფიო და ანასტასია მეოთხედფინალში ნიგინა აბდურაიმოვა-ქსენია პალკინას ტანდემის ჩამოშორებას შეეცდებიან.

შუააზიელებმა სტარტზე ხენია კნოლსა (შვეიცარია) და დანკა კოვინიჩს (ჩერნოგორია) დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:4, 6:4.

ანტალიის 10.000-იან ტურნირში ასპარეზობენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. ეს უკანასკნელი ერთეულებში მე-7 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ 29 ოქტომბერს "რიგით" გერმანელ ნორა ენგელმანთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 1:6.

ამავე ტურნირში მესამე ნომერია გორგოძე, რომელიც სტარტზე მასპინძელ ესენ კოკჩეს დაუპირისპირდება.

ჩვენები ანტალიაში წყვილთა შორისაც გამოცდიან ძალებს: გორგოძე პია კონიჩთან (ავსტრია) ერთად მე-2 ნომერია და სტარტზე თავისუფალი იყო. მეორე წრეში ნაზ კარაგოზისა (თურქეთი) და ეკატერინა წიკლაურის (რუსეთი) მძლეველ (6:2, 6:2) რუმინელებს - იოანა დუკუს და პატრისია მარია ტიჯს გაუწევს მეტოქეობას. თურქ ესენ კოკჩესთან ერთად მე-4 ნომერია სოფიო ქვაცაბაია.

მეოთხედფინალში ჩვენებური გზიდან ჰელენ მეულემანისა (ბელგია) და დომინიკ ვაჰლის (გერმანია) ჩამოშორებას შეეცდება.

ფრანგული ნანტის 50.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკა ჩახნაშვილმა ზედიზედ სძლია ორ მეტოქეს, მესამე შეხვედრა კი დათმო, მაგრამ იღბლიანი წაგებულის სტატუსით მაინც მოხვდა ძირითად ბადეში.

თუმცა იქ წინსვლა ვერ შეძლო - მე-4 ნომრად განთესილ ლარა არუაბარენასთან (ესპანეთი) დამარცხდა - 3:6, 1:6.

წყვილებში ჩვენებური ნატალია ორლოვასთან (რუსეთი) იყო შეამხანაგებული და პირველივე შეხვედრა ნიკოლ მელიჩარისა (აშშ) და ტეოდორა მირჩიჩის (სერბეთი) დუეტთან წააგო - 3:6, 0:6, რის შემდეგაც შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული