ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი: ნადალს ერთიღა დარჩა

AutoSharing Option
ლონდონში სრულდება 2013 წლის საჩოგბურთო სეზონი. ბრიტანეთის დედაქალაქში დაიწყო ATP-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი, რომელსაც ორმაგი ინტრიგა აქვს: გარდა იმისა, რომ მან უნდა გამოავლინოს სეზონის საუკეთესო ჩოგბურთელი, ასევე გაირკვევა, თუ ვინ დაასრულებს წელს პირველი ჩოგანის რანგში.

ამ ტიტულისთვის ერთმანეთს ებრძვიან რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. ამასთან, ესპანელი აშკარად მომგებიან სიტუაციაში იმყოფება - თუ ჯგუფურ ეტაპზე ორ შეხვედრას მოიგებს, სერბისთვის ის მიუღწეველი გახდება.

ნადალმა პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მიზნისკენ. საწყის ტურში მისი მეტოქე იყო თანამემამულე დავიდ ფერერი, რომელმაც რაფა გასულ კვირას, პარიზის
მასტერსის ნახევარფინალში დაამარცხა. ასე რომ, მსოფლიოს პირველ ჩოგანს რევანშზეც უნდა ეფიქრა.

ნადალს მატჩში იმ მხრივ გაუმართლა, რომ ფერერი ძალიან გადაღლილი ჩანდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბოლო სამი კვირის განმავლობაში დავიდმა სამი ტურნირის (სტოკჰოლმი, ვალენსია, პარიზი) ფინალში ითამაშა.

საერთო ჯამში, ფერერმა მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე იბრძოლა, როცა პირველ გეიმში დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა და ანგარიში გაათანაბრა, ამის შემდეგ კი ნადალი დომინირებდა კორტზე და საათსა და 14 წუთში გაანადგურა ფერერი - 6:3, 6:2. ასე რომ, რაფას ახლა ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ პირველი ჩოგანის რანგში დაასრულოს 2013 წელი.

ჯგუფში მისი დარჩენილი ორი მეტოქე იქნება სტანისლას ვავრინკა და ტომაშ ბერდიხი. თუმცა ნადალი მხოლოდ ამ მიზნით არ შემოიფარგლება. მისი ტიტულების კოლექციაში მხოლოდ ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის მთავარი პრიზი არ მოიპოვება და ესპანელი არ მალავს, რომ ლონდონში მოსაგებად არის ჩასული.

A ჯგუფი
სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 7)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) 6:3, 6:7(0), 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 6:3, 6:2.

B ჯგუფი
ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 4)-რიშარ გასკე (საფ, 8) 6:7(4), 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პარიზის მასტერსი: ნადალის პირველობა გადაიდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული