მარია შარაპოვა წაგებით დაბრუნდა

AutoSharing Option
მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა რუსმა მარია შარაპოვამ. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში საჩვენებელ შეხვედრაში დაუპირისპირდა სერბ ანა ივანოვიჩს და სამ სეტში დამარცხდა - 1:6, 6:1, 10:12.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ოთხი საათის დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც იყო კონფლიქტი ადგილობრივ ადმინისტრაციასთან, რომელიც ორგანიზატორებისგან დამატებით ფინანსურ გარანტიებს ითხოვდა.

"მრავალთვიანი შესვენების შემდეგ, დღეს პატარა ნაბიჯი გადავდგი წინ. ძალიან მომენატრა ჩოგბურთი. მადლობა კოლუმბლიელ ფანებს თბილი მიღებისთვის. ასევე მადლობა ყველას, ვინც ჩემს დაბრუნებას ელოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა",
- განაცხადა შარაპოვამ, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა ოფიციალურ მატჩებში.

მარიამ და ანამ ბოგოტაში მასტერ-კლასი ჩაუტარეს ბავშვებს, გარდა ამისა, შარაპოვამ კოლუმბიაში Sugarpova-ს კანფეტების პრეზენტაცია მოაწყო.

ავსტრალიის პირველი დანაკლისი
რუსული ჩოგბურთის მეორე ნომერი მარია კირილენკო ვერ შეძლებს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს. როგორც ჩოგბურთელი ამბობს, ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა.

შეგახსენებთ, რომ კირილენკომ ვერ შეძლო ოქტომბრის ბოლოს ჩემპიონთა ტურნირის დასრულება მუხლის არეში ტკივილის გამო. ამავე მიზეზით, მარია გამოტოვებს მომავალი სეზონის სტარტს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი კორტზე მსოფლიოს მე-19 ნომრის დაბრუნების ზუსტი თარიღის შესახებ.

შარშან, ავსტრალიის ღიაზე კირილენკომ მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც ამერიკელ სერენა უილიამსთან წააგო. ასე რომ, 26 წლის რუსი მელბურნში ვერ დაიცავს 280 სარეიტინგო ქულას.

2014 წლის სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირი 13-26 იანვარს გაიმართება.

მსოფლიო დღეს ენდი და ნოვაკი აღნიშნავენ
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარეი საჩვენებელ მატჩს ჩაატარებენ "მედისონ სკვერ გარდენში" ჩოგბურთის მსოფლიო დღის საპატივცემულოდ.

მატჩი ნიუ იორკში 3 მარტს გაიმართება. მარეისა და ჯოკოვიჩის შეხვედრის გარდა, იმავე დღეს დაგეგმილია წყვილთა მატჩი, რომელშიც ჯონ და პატრიკ მაკინროები შეხვდებიან მაიკ და ბობ ბრაიანებს.
"მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას. ასეთი მატჩების შესახებ მხოლოდ კარგი მსმენია. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ნიუ იორკში ჩოგბურთის თამაში", - აღნიშნა ჯოკკოვიჩმა.

ჩოგბურთის მსოფლიო დღე მეშვიდედ აღინიშნება. ადრე, მსგავს საგამოფენო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ როჯერ ფედერერი, პიტ სამპრასი, რაფაელ ნადალი, ანდრე აგასი, ენდი როდიკი, ივან ლენდლი, ხუან მარტინ დელ პოტრო და სხვები.

მისკინა ტარპიშჩევს შეცვლის
ფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრებს დროებით უხელმძღვანელებს წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი ანასტასია მისკინა. ის გუნდის კაპიტანს შამილ ტარპიშჩევს 2014 წლის გათამაშების პირველ წრეში ავსტრალიასთან მატჩში შეცვლის.

ამის შესახებ ინტერვიუში თავად ტარპიშჩევმა ისაუბრა:
"ლარისა სავჩენკოს არ შეუძლია იყოს კაპიტანი, რადგან ის უცხოელად ითვლება. ლარისას, თავის დროზე, ლატვიის ნაკრებში აქვს ნათამაშები და არ ვიცით, მისცემენ თუ არა მას რუსეთის კაპიტნობის უფლებას. ამიტომაც, უფრო ახლოს ამ პოსტთან ანასტასია მისკინაა".

თავად ტარპიშჩევს არ შეუძლია ავსტრალიასთან მატჩზე გამგზავრება იმის გამო, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია და ვალდებულია სოჭის ოლიმპიადას დაესწროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
WTA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული