ანა ტატიშვილი ახალ სეზონს კვალიფიკაციით იწყებს

AutoSharing Option
სერენა უილიამსი (აშშ), ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი), მარია შარაპოვა (რუსეთი), დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკეთი), საბინ ლისიცკი (გერმანია), ფრანჩესკა სკიავონე (იტალია), ელენა იანკოვიჩი (სერბეთი), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) - აი, მსოფლიო ჩოგბურთის ეს ვარსკვლავები და სხვა სახელოვანი სპორტსმენები იასპარეზებენ 29 დეკემბრიდან ავსტრალიური ბრისბენის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 1.000.000 დოლარი), რომლის მოქმედი ჩემპიონია სერენა უილიამსი.

სწორედ ამ ჩოგბურთელებთან საპაექროდ ემზადება თბილისელი ანა ტატიშვილი, რომელიც ამჟამად ბრისბენში იმყოფება და 27 დეკემბერს ახალი სეზონის პირველ ტურნირში ჩაებმება.

2013 წლის გათამაშებაში ის ძირითად
ბადეში იყო და პირველივე შეხვედრა გერმანელ ანჟელიკ კერბერთან დათმო - 2:6, 6:4, 2:6.

ამჯერად კი ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და სამი მეტოქის დამარცხება მოუწევს საჩოგბურთო თანავარსკვლავედის წევრებთან დასაპირისპირებლად.

მართალია, ტატიშვილი ამჟამად საუკეთესო ასეულს მიღმაა (126-ე), რაც მთელი წლის განმავლობაში ტრავმით იყო გამოწვეული, მაგრამ ვინც ქართველი ჩოგბურთელის ბოლოდროინდელ ამერიკულ წარმატებულ ტურნეს ადევნებდა თვალს, დამერწმუნება, რომ ტატიშვილს საუკეთესო ასეულში კუთვნილი ადგილის დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული