ადგილობრივი პუბლიკისთვის სამწუხაროდ, ფინალში არ შედგა ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნახევარფინალში, ესპანურ დერბიში დამარცხდა დავიდ ფერერთან. რაფამ ვერც ერთი ბრეიკი ვერ გააკეთა, მისმა მეტოქემ კი თითო სეტში თითოჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და 6:4, 6:4 მოიგო. სხვათა შორის, ორი წლის წინ ნადალმა ასევე წააგო აბუ დაბის ნახევ
მეორე ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა. სერბმა კარგად დაიწყო და თავიდანვე ბრეიკი გააკეთა, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა. ცონგამ ანგარიში გაათანაბრა და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ფრანგმა მეორე სეტბოლი ვერ მოიგერია. მეორე პარტიაში, როგორც იტყვიან, ბრძოლა ბრეიკამდე მიდიოდა და ის ჯოკოვიჩმა გააკეთა - 7:6(5), 6:3.
რაც შეეხება ფინალს, ის ესპანელისთვის კარგად დაიწყო. ფერერმა, რომელმაც ორი წლის წინ გამანადგურებელი ანგარიშით წააგო ჯოკოვიჩთან გადამწყვეტი მატჩი (2:6, 1:6), ბრეიკი გააკეთა, თუმცა იქვე 40:0-დან დათმო თავისი მოწოდება. ამის შემდეგ, გარკვეული ხანი, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ბოლოს ფერერმა უკლო და ჯოკოვიჩმა თავიდან აიცილა ტაი-ბრეიკის თამაში.
მეორე სეტშიც დავიდმა წააგო საკუთარი მოწოდება 40:0-დან, რამაც ცუდად იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. საბოლოოდ, სერბმა მეტოქის წინააღმდეგობა მესამე გეიმში გატეხა, როცა მეექვსე ბრეიკ-პოინტიდან აიღო ქულა და 4:0 წაიყვანა ანგარიში. ნოვაკს აღარ გასჭირვებია გამარჯვებამდე მისვლა.
1/2-ფინალი
დავიდ ფერერი (ესპ)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 7:6(5) 6:3.
მე-3 ადგილისთვის
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 7:6(5), 6:3.
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ) 7:5, 6:2.
ედბერგი როჯერის მწვრთნელია
ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელი სტეფან ედბერგი შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სამწვრთნელო შტაბში შევა.
"მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობიდან მოყოლებული, სტეფან ედბერგი ჩემს სამწვრთნელო გუნდში დაიკავებს ადგილს. ედბერგმა თანხმობა განაცხადა, მინიმუმ ათი კვირა იმუშაოს ჩემთან ერთად, - წერია ფედერერის განცხადებაში. - სტეფანი ჩემი ბავშვობის გმირი იყო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ მისგან გაკვეთილების მიღებას".
"მოხარული ვარ, რომ ფედერერის გუნდის ნაწილი გავხდი. იმედია, ჩვენ ერთად შევძლებთ მის გაყვანას საუკეთესო დონეზე", - აღნიშნა ედბერგმა.
შვედი ჩოგბურთელი ისტორიაში იმით არის შესული, რომ იუნიორთა დონეზე ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც "დიდი სლემი" აქვს შესრულებული.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 13-26 იანვარს გაიმართება.
* * *
ამასობაში ფედერერმა გამოაცხადა, რომ სავარაუდოდ, არ ითამაშებს დევისის თასის პირველ რაუნდში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ, რისი მიზეზიც მისი მეუღლის ფეხმძიმობაა. გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ფედერერების ოჯახში მესამე შვილის დაბადებას ელიან.
"რთულია ჩემ მონაწილეობაზე ვილაპარაკო, განსაკუთრებით, ბოლო ამბის შემდეგ. დევისის თასი რთული თემაა ჩემთვის. ნაკრებში თამაში აზარალებს ჯანმრთელობასა და ენერგიას. თებერვალში, სავარაუდოდ, არ ვითამაშებ", - განუცხადა შვეიცარიულ პრესას როჯერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"