ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა წარმატებით დაიწყო

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 33.000.000 დოლარი) 9 იანვარს საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი.

პირველ წრეში მისი მეტოქე იყო ოთხი წლის წინათ მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ადგილზე, ამჟამად კი მესამე ასეულში მყოფი კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკი.

უკვე გაუწყეთ, რომ მათ შორის შეხვედრათა ანგარიში იყო 2:1, ჩვენებურის სასარგებლოდ. 126-ე ადგილზე მყოფმა ტატიშვილმა პირველ სეტში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს და 3:6 წააგო, სამაგიეროდ, მერე შეძლო ძალების მობილიზება და მომდევნო ორ ხელში დაჯაბნა კანადელი - 6:2, 6:4.

ანა მეორე წრეში
რუს ეკატერინა ბიჩკოვას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გზიდან ჰოლანდიელი არანჩა რუსი ჩამოიშორა - 6:3, 6:4. რუსი ჩოგბურთელი რეიტინგში 159-ე ადგილზეა.

მწვანე კონტინენტზე ვერ იყოჩაღა სოფიო შაფათავამ - სტარტზე იგი იაპონელ ერი ჰოზუმის მეტოქეობდა, რომელიც ჩვენებურს კლასიფიკაციაში რამდენიმე საფეხურით უსწრებს. პირველი ხელი შაფათავამ ძალების დაუძაბავად მოიგო - 6:2, მეორე-მესამეში კი კონკურენტს დანებდა - 4:6, 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ასპარეზობა დაასრულა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამაც, რომელიც წყვილებში ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა) ერთად ცდიდა ძალებს ჰობარტის (ავსტრალია) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი). სტარტზე გამარჯვების შემდეგ, 9 იანვარს ქართულ-უკრაინული დუეტი მეოთხედფინალში ლარა არუბარენას და სილვია სოლერ-ესპინოზას (ესპანეთი) დუეტთან დამარცხდა - 5:7, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული