იგი პირველ ნომრადაა განთესილი. ასპარეზობის პირველ წრეში მან დია ევტიმოვას (ბულგარეთი) სძლია. პირველ სეტში, როცა ჩვენებური 5:0-ს იგებდა, ბულგარელმა ტრავმა მიიღო და შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო. ტატიშვილი მეორე წრეში ელიზა კოსტოვას (ბულგარეთი) მძლეველ (6:3, 4:6, 6:1) ასია მუჰამადს (აშშ) შეხვდება.
ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობდა თამარ ჭალაგანიძე, მაგრამ იგი სტარტზევე დამარცხდა ელი ვილთან (აშშ) - 1:6, 2:6.
საფრანგეთის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდი წარმატებით განვლო მარგალიტა ჩახნაშვილმა,
დიდი ბრიტანეთის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში მონაწილეობდა მარიამ ბოლქვაძე, მაგრამ პირველი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო - სტარტზევე მასპინძელ ქეით დანთან წააგო - 1:6, 4:6.
გერმანიის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ცდის ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში ქართველმა სპორტსმენმა კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) დაჯაბნა - 6:1, 6:4.
მეორე წრეში ტურნირის რეიტინგფავორიტს - ბელგიელ ნილს დესინს შეხვდება.
წყვილებში ბასილაშვილი ალექსანდრ ბურისთან (ბელორუსი) არის შეამხანაგებული და მე-4 ნომრადაა განთესილი. ჩვენებურმა უკვე ორ გამარჯვებას მიაღწია: სტარტზე გერმანელებს - კარლ და ტილ ვეგნერებს აჯობა - 6:3, 6:1.
მეოთხედფინალშიც მასპინძლებს - დავიდ ეიზენზასა და სტივენ გრივენს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:1, 6:3. ნახევარფინალში ბასილაშვილი და ბური დიმიტარ კრაბულის (მაკედონია), ალექსანდრ ლაზოისა (ბულგარეთი) და კარენ ხაჩანოვის, დენის მაჩუკევიჩის (ორივე-რუსეთი) დუეტებს შორის უძლიერესს შეხვდებიან.
* * *
თამარ კუტუბიძემ ახალგაზრდების წინა ტურნირზე, რომელსაც აბუ დაბიმ უმასპინძლა, წყვილთა ასპარეზობა მოიგო. იგი ახლაც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განაგრძობს ასპარეზობას, მაგრამ წყვილებში აინურ სულეიმენოვასთან (ყაზახეთი) ერთად მხოლოდ პირველი წრე დასძლია - ედენ რიჩარდსონისა (დიდი ბრიტანეთი) და საბინა სმირნოვას (უზბეკეთი) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან (6:2, 6:4), მეოთხედფინალი კი მესამე ნომრად განთესილ რუსებთან - ანასტასია ჩიკალკინასა და რალინა კალიმულინასთან დათმო - 2:6, 6:4, 9:11.
აი, ერთეულთა თანრიგში კი ნახევარფინალს უწია: კუტუბიძემ ზედიზედ დაამარცხა ამინა ანშბა (რუსეთი, 6:2,6:2), მე-5 ნომრად განთესილი ბელორუსი ალინა ზუბკოვა (6:4, 6:7, 6:3) და ინდოელი სანჟაია შუდჰირი (2:6, 6:2, 6:3). ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის რეიტინგფავორიტ ანა იაკოვლევას მძლეველ (6:1, 6:1) ბრიტანელს, მე-8 ნომრად განთესილ ედენ რიჩარდსონს გაუწევს მეტოქეობას. მეორე ნახევარფინალში ვალერია იუშჩენკო (რუსეთი) და გოზალ აინიტდინოვა (ყაზახეთი) ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"